რეზონანსი
11.06.2021

მივიღეთ დაპირება, რომ ვაქცინების კუთხით ლიეტუვა დაგვეხმარება და ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას, რომელიც ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, გადმოგვცემს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ლიეტუვასა და საქართველოს შორის ურთიერთობები უფრო გაღრმავდება. ამასთან, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოში ლიეტუვას დღეების და ასევე, ლიეტუვაში საქართველოს დღეების გამართვის საკითხიც განიხილეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან მივიღოთ ასეთივე სოლიდარობის ნიშნები, რომელიც მოსახლეობისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და იქნება ძალიან დაფასებული.

ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები. ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი და აღვნიშნე, რომ ჩვენი საზღვრები ღიაა ვაქცინირებული ადამიანებისთვის და მათთვის, ვისაც PCR ტეტსი ექნება. ძალიან საჭიროა საქართველოსთვის, რომ ტურისტული ურთიერთობები აღდგეს რაც შეიძლება ჩქარა, რამეთუ ეს არის ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი ეკონომიური აღდგენის ამ ძალიან რთული პერიოდის შემდეგ.

ვისაუბრეთ კულტურულ ურთიერთობაზე. ჩვენს მოქალაქეებს შორის საჭიროა, რომ მეტი კულტურული ურთიერთობები იყოს და ვისაუბრეთ იმის შესაძლებლობაზე, რომ ჩვენ ხელახლა დავგეგმოთ საქართველოს დღეები ლიუტუვაში და ლიეტუვას დღეები საქართველოში და ამით ურთიერთგაგება გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ. ესეც ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი ფორმაა. იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო გავაღრმავებთ ჩვენს ურთიერთგაგებას და მხარდაჭერის კონკრეტული ფორმების მოძიებას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×