რეზონანსი
22.06.2021

„ლიბერთი ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორ ვაჟა მენაბდეს განცხადებით, “ლიბერთი ბანკი“ პენსიების გაცემასთან დაკავშირებით ახალ ტენდერში როგორც - გამარჯვებისთვის, ისე დამარცხებისთვისაც მზად არის.  „ყველაფერი უნდა დაარეგულიროს კონკურენციამ“, - თქვა მენაბდემ „საქმის კურსის“ ეთერში.

მისი თქმით, არასწორია საპენსიო სესხებთან დაკავშირებით კითხვის დასმა - მაღალია თუ დაბალი საპროცენტო განაკვეთი.

„მაღალი და დაბალი საპროცენტო განაკვეთი - საკითხის ასე დაყენება, მე მგონი, არასწორია და ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, საბაზროა განაკვეთი თუ - არა. განაკვეთები, რომლითაც ჩვენ ვოპერირებთ, არის საბაზრო. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ჩვენ ყოველთვის გახსნილი ვართ ნებისმიერი მხარისთვის და მზად ვართ კომუნიკაციისთვის ყველასთან, ვისაც გული შესტკივა მომხმარებელზე. ყოველთვის მზად ვართ,  ყველასთვის უკეთესი გამოსავალი ვიპოვოთ. რაც შეეხება პარლამენტში გამართულ პროცესებს, ჩვენ ვართ ბიზნესი, საქმიანი ხალხი და ნაკლებად გვსურს, რომ პოლიტიკურ თამაშებში ჩავებათ“, - განაცხადა ვაჟა მენაბდემ.

მისივე განმარტებით, „ლიბერთი ბანკი“ სარგებლობს კონტრაქტით და როცა ეს კონტრაქტი მიიღო, არც ერთმა სხვა ბანკს აღნიშნული მომსახურების გაწევაზე დაინტერესება არ გამოუხატავს.

„გარდა ამისა, ნებისმიერ მომხმარებელს, ვისაც „ლიბერთი ბანკში“ ერიცხება კუთვნილი პენსია თუ თანამდებობრივი სარგო, აბსოლუტურად ჩვეულებრივად შეუძლია, გადარიცხოს ეს თანხა სხვა ბანკში და სურვილისამებრ განკარგოს. რაც შეეხება თავისუფალი არჩევანის მიცემას, ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ; დღესაც კანონის შესაბამისად ვიქცევით, ხვალ თუ იქნება ტენდერი, ამისთვისაც მზად ვართ, მაგრამ თუკი ეს გადაწყვეტილება [არჩევანის თავისუფლება პენსიონერისთვის] იქნება მიღებული, კარგად უნდა დაფიქრდეს გადაწყვეტილების მიმღები, უნდა შეაფასოს რა შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს, რადგან ჩვენ ყველაზე კარგად ვგრძნობთ თავს ამ სიტუაციაში, ყველაზე მეტი გამოცდილება გვაქვს. ჩვენ გვაქვს ინფრასტრუქტურული რესურსი. მზად ვართ, ახალი ტენდერისთვისაც, ამ ტენდერში გამარჯვებისთვისაც და მისი დათმობისთვისაც, ყველაფერი დაარეგულიროს კონკურენციამ“, - განაცხადა მენაბდემ.

შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე კვირა პარლამენტში მიმდინარეობს განხილვა ოპოზიციონერ დეპუტატ გიორგი ვაშაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტის - „საპენსიო კანონში“ ცვლილების შეტანის შესახებ. ცვლილებების თანახმად, პენსიონერს ექნება უფლება, პენსია აიღოს იმ ბანკში, რომელსაც თავად აირჩევს. გარდა ამისა, საპენსიო სესხის პროცენტი 30%-ს უნდა ჩამოსცდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×