რეზონანსი
26.07.2021

ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, რაც არ უნდა ეცადოს ოპოზიცია ერთი კანდიდატი ჰყავდეს სახელისუფლებო კანდიდატის წინააღმდეგ, ამას მაინც ვერ მოახერხებს, რადგან მისივე თქმით, გიორგი გახარია არის ერთ-ერთი მოთამაშე, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ არა მხოლოდ „ქართული ოცნების" ამომრჩეველი მიიზიდოს, არამედ, ოპოზიციურ ამომრჩეველზეც იმუშაოს.

ამის შესახებ სამნიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა.

სამნიძის თქმით, ოპოზიციური პარტიების ნაწილი ჯერ კიდევ მსჯელობს წამოაყენებს თუ არა სხვა კანდიდატებს, რაც მისივე თქმით, 2-3 დღეში უნდა გაირკვეს.

„ოპოზიციურმა პარტიებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დავაზიანოთ ერთმანეთი... ამ არჩევნებზე მნიშვნელოვანია, რომ ეს 43% ვერ მიიღოს „ქართულმა ოცნებამ". ანუ მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურად განწყობილი ყველა ამომრჩეველი გააქტიურდეს. მგონია, რომ ერთი კანდიდატი მაინც არ იქნება. რაც არ უნდა ვეცადოთ, რომ ერთი ოპოზიციური და ერთი სახელისუფლებო კანდიდატი იყოს, ამ მიზანს მაინც ვერ ვაღწევთ ისედაც. გახარია არის ერთ-ერთი მოთამაშე, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ არა მხოლოდ „ქართული ოცნების" ამომრჩეველი მიიზიდოს, მას პრეტენზია აქვს ოპოზიციურ ამომრჩეველზეც იმუშაოს. ჩემი დაკვირვებით, ის არ არის ჯერ ოპოზიციურ ველზე შემძლე, რომ ამომრჩეველი მიიზიდოს, მაგრამ თუ ჩვენს ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს არ ექნება რამდენიმე არჩევანი, შესაძლოა ის არ იყოს აქტიური არჩევნებზე, ან რაღაც ნაწილმა, გახარიასკენაც გაიხედოს, თუ ის კამპანიას მოასწრებს.

ვფიქრობ, უნდა იყოს რამდენიმე კანდიდატი, მკაფიოდ განსაზღვრული ხედვით, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი. თუ მხოლოდ 43%-ზე ვკონცენტრირდებით და ამ ხედვას ამომრჩეველს არ ვაჩვენებთ, ვფიქრობ, ძალიან გაგვიჭირდება", - განაცხადა სამნიძემ და დასძინა, რომ გიორგი გახარიას გამოჩენას ოპოზიციური ერთობა არ დაურღვევია და „ეს ერთობა არც ახლა არის".

რაც შეეხება ანა დოლიძის კანდიდატურას თბილისის მერად, როგორც სამნიძე ამბობს, ამ საკითხზე სასაუბროდ დოლიძეს პირადად არ შეხვედრია, თუმცა, იქვე დასძენს, რომ „ძალიან ბევრი შესაძლებლობა იხილება ოპოზიციურ პარტიებს შორის, რაც არის ნორმალური და ჯანსაღი".

„შესაძლებელია არ დასახელდეს კანდიდატი, შესაძლებელია დასახელდეს. ეს არის რამდენიმე დღის საკითხი. „რესპუბლიკური პარტია" თავის კანდიდატს არ დაასახელებს და მხარს რომელიმე ოპოზიციური ერთობის კანდიდატს დაუჭერს", - განაცხადა სამნიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×