რეზონანსი
16.09.2021

ერთადერთი, რაშიც მე ვსაყვედურობ ხელისუფლებას, მათ შორის პრემიერსაც, პირბადის ტარებასა და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდებაზე მკაცრი კონტროლი არ იყო, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „თავისუფალი სტუდია" განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარია თავისი პრემიერ-მინისტრობის დროს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას მკაცრი შეზღუდვების საშუალებით აკონტროლებდა, რისი შესაძლებლობაც, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მთავრობის ახალ მეთაურს არ მიეცა.

ცერცვაძემ აღნიშნა, რომ დამძიმებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, ირაკლი ღარიბაშვილი იძულებული გახდა მოეხსნა რეგულაციები. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრს არჩევანი უნდა გაეკეთებინა ეკონომიკურ მდგომარეობასა და ეპიდვითარებას შორის.

„ორივე, იმ სტადიაზე, როდესაც პრემიერობდა, იყო მართალი. გახარიას დროს ეკონომიკა ჯერ არ იყო დაზიანებული და დანგრეული, ხალხს არსებობა არ უჭირდა. ამიტომ, მას ჰქონდა საშუალება წასულიყო ხისტ ზომებზე და ის სწორად მოიქცა, რომ წავიდა ხისტ ზომებზე.

როდესაც პრემიერად მოვიდა ღარიბაშვილი, მას სხვა მოცემულობა დახვდა, ხალხს ძალიან უჭირდა, არსებობის საშუალება არ ჰქონდა. მას არჩევანი უნდა გაეკეთებინა - ხალხი დაზიანებულიყო შემოსავლების არქონის გამო, თუ ინფექციის გამო. ღარიბაშვილი იძულებული იყო შეერბილებინა ღონისძიებები. თავის დროზე, გახარიას ჰქონდა საშუალება ემართა ხისტად, ღარიბაშვილს ამის საშუალება არ ჰქონდა, თორემ დამიჯერეთ, არავისზე ნაკლები არ არის და არავისზე ნაკლები სურვილი არ ჰქონდა, რომ ხისტად ემართა, მაგრამ მისი პრემიერობის დროს ხისტი მართვა უკვე საბოლოოდ მოკლავდა ეკონომიკას და ამაზე ვერ წავიდა.

ერთადერთი, რაშიც მე ვსაყვედურობ ხელისუფლებას, მათ შორის პრემიერსაც და ყველას, ალბათ ჩვენს საზოგადოებასაც, ჩვენ თავს, ჯანდაცვის სამინისტროს, მაგრამ ხელმძღვანელობას, რადგან ბერკეტები მის ხელშია, არ იყო გამოყენებული სათანადოდ აღსრულებაზე მკაცრი კონტროლი. მე ვეთანხმები ღარიბაშვილს, რომ გახარიას ხისტი სტილი შეცვალა ლიბერალური სტილით, ის ვერ გააგრძელებდა გახარიას სტილს, რადგან ეკონომიკა მოკვდებოდა, მაგრამ აღსრულება იმ რეგულაციების, რაც დარჩა, - მან მოხსნა „ლოკდაუნი," შეზღუდვები რესტორნებში, მაღაზიებში და ა.შ. მაგრამ დარჩა რეგულაციები პირბადის ტარება, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება, - ამის აღსრულებაზე კონტროლი არ იყო მკაცრი", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×