რეზონანსი
14.01.2022

ფაქტია, პრეზიდენტმა ყველა იმ ადამიანს გაუცრუა იმედი, ვისაც ეშინია და არ უნდა სისტემის მსხვერპლი გახდეს. ეროვნული შერიგების პროცესზე არანაირი მოლოდინი არ მაქვს. დღეს სალომე ზურაბიშვილმა ვერ გაბედა დაეცვა სიმართლე და თავისი მოქალაქეები, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა.

როგორც უგულავამ პრეზიდენტის მიერ „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებებზე ხელმოწერისა და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმების შესახებ თანხმობაზე მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, პრეზიდენტს არ ეყო ძალა „ქართულმა ოცნების" წინააღმდეგ წასულიყო.

„ხელისუფლებაში და ოპოზიციაში ყოფნის გამოცდილება გაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ნებისმიერი ხელისუფლების, მათ შორის კრიზისში მყოფის, ყველაზე რთული წელიწადის დრო გაზაფხულია იმიტომ, რომ გაზაფხულზე ყველა ინვოისს იხდის - ის, რაც წინასაახალწლოდ დააგროვეს, „მიქარეს" და პრეზიდენტმაც სამწუხაროდ, ვერაფერი და არაფერი გააკეთა, ვერ გაბედა რამის გაკეთება. მისი წერილიდან ერთადერთი რამ ჩანს, ვიცი რომ არასწორად ვაკეთებ, მაგრამ ჯერ ვერ ვბედავ. დაველოდოთ როდის გაბედავს, ან საერთოდ გაბედავს თუ არა. ფაქტია, რომ მან დღეს ყველა იმ ადამიანს გაუცრუა იმედი, ვისაც ეშინია და არ უნდა სისტემის მსხვერპლი გახდეს. ეროვნული შერიგების პროცესზე მე არანაირი მოლოდინი არ მაქვს. დღეს მან ვერ გაბედა დაეცვა სიმართლე და თავისი მოქალაქეები. ზურაბიშვილის განცხადებიდან ჩანს - ვიცი რომ არასწორად ვაკეთებ, ვიცი, რომ არასწორი რამ ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ", მაგრამ არ მყოფნის ძალა წავიდე იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც მე ორბელიანების სასახლეში შემასახლა", - განაცხადა უგულავამ.

როგორც უგულავამ აღნიშნა, თუ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცემა, ეტყვის, რომ პრეზიდენტმა შეცდომა დაუშვა.

„მივალ, არანაირი პრობლემა არავისთან ურთიერთობის არ მაქვს და ზუსტად ვიცი რას ვეტყვი. ვეტყვი, რომ ამ საკითხში დიდი შეცდომა დაუშვა. ასევე ვეტყვი მიხეილ სააკაშვილზეც, თუმცა, ამ ქვეყანაში მარტო მიხეილ სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი, 20-მდე პოლიტდევნილი და პოლიტპატიმარია. ჩემი აზრით, მან რაღაც წვლილი უნდა შეიტანოს, შეისწავლოს მისმა ადმინისტრაციამ ამ ადამიანების საქმეები. დარწმუნებული ვარ, ბევრი შეწყალებას ექვემდებარება", - განაცხადა უგულავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×