რეზონანსი
05.07.2022

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ ბათუმის ნავსადგურში შესული გემები დასანქცირებული არაა. მათივე ინფორმაციით, ერთი გენი დატვირთულია სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი ტრანზიტული ტვირთით, ხოლო მეორე ტვირთის გარეშეა:

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, 22:05 საათზე, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემოვიდა რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი  (რეგისტრაციის ნომრით- m/v “VF Tanker-15” IMO # 9645047), რომელიც  დატვირთულია სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი ტრანზიტული ტვირთით. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, განხორციელებული სკრინინგის შედეგად, დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები.

ამასთან, განვმარტავთ, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის საღუზე რაიონში მყოფი რუსული დროშის ქვეშ მცურავი მეორე გემი  (რეგისტრაციის ნომრით - NEFTERUDOVOZ-47M) არის ბალასტით, ანუ ტვირთის გარეშე. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით,  გემი  შემოსულია ეგვიპტიდან, „დამიეტტას“ ნავსადგურიდან, ხოლო ბათუმის ნავსადგურიდან გეგმავს ტვირთის გატანას ექსპორტზე. აღნიშნულ გემზე, ისევე როგორც ტვირთზე არ ვრცელდება რაიმე სახის შეზღუდვა (აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით 30 ივნისს გაავრცელა). 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად,  მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში - მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება." აცხადებს შემოსავლების სამსახური.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბათუმის ნავსადგურში რუსული დროშის ქვეშ მცურავი 2 გემი შევიდა, დღეს "მთავარმა არხმა" გაავრცელა.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×