თამთა ჩაჩანიძე
15.06.2021

საქართველოში კორონავირუსის ინდური, ანუ დელტა შტამის გავრცელება იწყება და სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ახლო მომავალში მან შესაძლოა ამჟამად ქვეყანაში დომინანტური ე.წ. ბრიტანული შტამი ჩაანაცვლოს. რა შეიცვლება ამით და რით განსხვავდება დელტა შტამი კორონავირუსის სხვა ვერსიებისაგან?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში ინდური შტამის უკვე 18 შემთხვევაა დადასტურებული.

„სამწუხაროდ, წამყვანი ხდება დელტა შტამი ძალიან ბევრ ქვეყანაში, ჩვენთანაც იმატებს ამ შტამის აღმოჩენის რაოდენობა. ეს ძირითადად ჩვენი მოქალაქეები არიან, რომლებიც ბრუნდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. დღეისთვის 18 დადასტურებული შემთხვევაა. ეს ნიშნავს, რომ ინდური შტამიც იწყებს გავრცელებას", - აღნიშნავს იმნაძე.

როგორც ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, ინდური შტამი კლასიკურ ვუჰანის შტამთან შედარებით 50%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება და ახალგაზრდებიც უფრო ხშირად ინფიცირდებიან, თუმცა განსაკუთრებული და სერიოზული განსხცვავება შტამებს შორის არააა.

„მუტაციის შედეგად წარმოქმნილი შტამები ზოგადად უფრო ადვილად გადამდები არიან, მათ შორისაა ინდური შტამი, რომელიც უფრო მეტად, დაახლოებით 50%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე კლასიკური ვუჰანის შტამი ვრცელდებოდა. გადამდებლობით ბრიტანუილ შტამს ჰგავს. რაც შეეხება კლინიკურ მიმდინარეობას, ამაზე ბოლომდე ჩამოყალიბებული კვლევის შედეგები არაა.

„როგორც წინასწარი კვლევები გვიჩვენებს, შედარებით მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს, თუმცა კლინიკურ მიმდინარეობაში განსაკუთრებული განსხავება არაა. შედარებით უფრო ხშირად ახალგაზრდები ინფიცირდებიან. შესაბამისად, ინფიცირების ზრდასთან ერთად მძიმე პაციენტების რაოდენობაც იზრდება. თუმცა ესაა მცირედი განსხვავება. მოსახლეობას რომ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, ინდურსა და სხვა შტამებს შორის განსაკუთრებული სერიოზული განსხვავება არ არსებობს," - თქვა გოგინავამ „რეზონანსთან" საუბრისას.

ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე კი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ 18 შემთხვევა საკმარისი არაა იმისთვის, რომ კონკრეტული დასკვნები გამოვიტანოთ, რადგან ინდოეთისგან განსხვავებით შესაძლოა საქართველოში სხვა სურათი იყოს.

„კლინიკური თვალსაზრისით მხოლოდ 18 შემთხვევა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რაღაც დასკვნები გამოიტანო. ეს რაღაცა აბსურდი იქნება, რადგან ხვალ შესაძლოა სრულიად სხვა სურათი მივიღოთ და მოზარდსაც დაემართოს და ასაკოვანსაც.

„ვირუსმა ფართო გავრცელება უნდა ჰპოვოს, რომ თავისი რეალური სახე გამოაჩინოს. ეს მაშინ ხდება, როცა რაოდენობა ამაზე ბევრად მეტი იქნება. ამიტომ ჯერჯერობით ბოლომდე იმის თქმას ვერ შეძლებ, თუ შტამები ერთმანეთისგან რამდენად განსხვავდება, სანამ რეალურად არ გავიგებთ უფრო ხშირად ვის ემართება და დაავადების მიმდინარეობა რამდენად მძიმეა. ეს ჯერჯერობით იგივე კორონას შტამია,", - განაცხადა ხმალაძემ.

კითხვაზე სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან თუ შეიძლება დასკვნების გამოტანა, ხმალაძემ განაცხადა:

„ინდური შტამი ყველაზე მეტად ინდოეთშია გავრცელებული და აქედან გამომდინარე ძალიან ძნელია რამე თქვა. მოგეხსენებათ, მედიცინაში ორი მნიშვნელოვანი რამაა - ესაა ეტიოლოგიური და პათოგენეზური მკურნალობა, რაც ინდოეთში პრაქტიკულად არაა, ავადმყოფის მოვლა-პატრონობას რომ ვეძახით. იმ დღეს ინტერნეტში ვუყურებდი -პაციენტები ჟანგბადის აპარატის რიგში დგანან, რომ ისუნთქონ. წარმოიდგინეთ ასეთ პირობებში პაციენტების ყოფა.

„არის მდიდარი რაიონებიც, მათ არაფერი უჭირთ, მაგრამ ღარიბ რაონებზე გული მოგიკვდება ადამიანს. იქ სიკვდილიანობაც მაღალია, რამდენი მილიონი ადამიანია, გადაცემის მექანიზმიც გააქტიურებულია, რადგან ძალიან ბევრ ადამიანს გადაედო და ვირუსმაც პასაჟირება განიცადა, გაძლიერდა.

„მეორე მთავარი მომეტიცაა - იქ პრაქტიკულად მოსახლეობის დიდი ნაწილი მკურნალობის გარეშეა დარჩენილი და მოუვლელია. პაციენტს გადასხმები და პრეპარატები უნდა და დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჰაერის უკმარისობა დაეწყება, იღუპება და არავითარი დახმარება არაა.

„აქედან გამომდინარე, ამითი ჩვენ არ უნდა ვიმსჯელოთ. რასაც ამ 18 ადამიანს ვუყურებ, ჯერჯერობით სტაბილურად მიმდინარე პროცესია და რამდენადაც ვიცი, ამ შტამით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. თუ ეს შტამი უფრო მეტად ახალგაზრდებს ედებათ, ეს ერთის მხრივ „კარგია", რადგან ვირუსს ისინი შედარებით უფრო ადვილად იტანენ და ეს პლიუსიც არის. თუმცა მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ.

„ახალგაზრდები უფრო მეტად მობილურები არიან და ერთმანეთთან უფრო მეტად ურთიერთობენ, ხანდაზმულები კი უფრო მეტად სახლში არიან და თავს უვლიან. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ ახალი შემთხვევები უფრო მეტად ახალგაზრდების ხარჯზე იზრდებიდეს, ვიდრე ასაკოვანი ადამიანების", - განაცხადა ხმალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×