ელზა პაპოშვილი
02.11.2021

შემზარავი დანაშაული თბილისში - ვერაზე, სპა-მასაჟის  სალონში 38 წლის ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 23 წლის მამაკაცი დააკავა. ტაილანდელ ქალს ახალგაზრდამ ყელი გამოსჭრა, ხოლო მის მეგობარს, კიდევ ერთ ქალს, დანით დაზიანებები მიაყენა. ტრანსგენდერი ადგილზევე გარდაიცვალა, მეორე ქალი კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. 

ახვლედიანის ქუჩაზე მცხოვრებლები მკვლელობის სხვადასხვა მოტივს ჰყვებიან. მათი ინფორმაციით, მოკლული 38 წლის ტრანსგენდერი ქალი სალონში მუშაობდა და სხეულით ვაჭრობდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ კლიენტმა არ იცოდა, რომ ის  ტრანსგენდერი იყო, ამის  გაგების შემდეგ მას დანით ყელი გამოსჭრა, დასახმარებლად მისულ მეგობარ ქალს კი სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა. 

„აქ არის სპა-მასაჟის სალონი და ვითომ ხალხს მასაჟს უკეთებენ. სხვადასხვა  ქვეყნიდან ქალები ჩამოჰყავთ და სექსმუშაკებად ამუშავებენ. სწორედ აქ მუშაობდა მოკლული ტრანსგენდერი ქალი. როგორც გავიგეთ, კაცს არ სცოდნია, რომ ის ტრანსგენდერი იყო და როცა გაიგო, ყელი გამოსჭრა. სხვა ჩვენც არაფერი ვიცით. გვითხრეს, რომ მოკლული ტაილანდელია. საქმე კი იმაშია, რომ მსგავსი სპა-სალონები არაოფიციალური ბორდელებია. მთელი ღამე ჩხუბი და აყალმაყალია. ყველა ეს დაწესებულება დასახურია. მუდმივად რაღაც უბედურება ხდება“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

შსს-მ ტაილანდის მოქალაქე ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმე ცხელ კვალზე გახსნა. უწყება განცხადებას ავრცელებს, სამინისტროს ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ვ.ც., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ვ.ც.-მ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, ღამით, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა თბილისში, გ. ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მასაჟის სალონში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქე - ტრანსგენდერ ქალს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ბრალდებულმა იმავე სალონში მყოფ კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, ვ.ც. თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×