ელზა პაპოშვილი
14.11.2021

ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე, რომელიც 2014 წელს საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში ჩამომხრჩვალი იპოვეს, გაეროს ქალთა უფლებების კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და სამართლებრივი დევნა ქალის მიმართ გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით. 7 წლის წინ ხანუმ ჯეირანოვას მისივე ნათესავებმა ქმრის ღალატში დასდეს ბრალი და  მცირეწლოვანი შვილების თვალწინ სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

კომიტეტმა მოუწოდა საქართველოს, ჩაატაროს სწრაფი, საფუძვლიანი და დამოუკიდებელი გამოძიება ჯეირანოვას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით და დასაჯოს პასუხისმგებელი პირები; ასევე გადაუხადოს გარდაცვლილის შვილებს კომპენსაცია.

„ეს არის საქართველოში პირველი საქმე, რომელსაც კომიტეტმა უწოდა ღირსების სახელით ჩადენილი დანაშაული. ხანუმ ჯეირანოვას საქმის არგამოძიება მოხდა იმიტომ, რომ ხანუმ ჯეირანოვა იყო ქალი და თან აზერბაიჯანელი ქალი“, - აცხადებს კავშირ „საფარის“ აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია.  

2014 წლის სექტემბერში 30 წლის ხანუმ ჯეირანოვა, როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ქმრის რამდენიმე ნათესავმა მთელი სოფლის თვალწინ სცემა. შემთხვევას სკოლიდან მომავალი  ხანუმ ჯეირანოვას შვილებიც შეესწრნენ. ამის შემდეგ ახალგაზრდა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

ოჯახის წევრების მოთხოვნით, პროკურატურამ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით აღძრა. ქალის ოჯახის წევრები ბრალს დებდნენ ქმრის ოთხ ნათესავს, თუმცა, პროკურატურამ რამდენიმე მოწმე დაკითხა, რის შემდეგაც საქმე წინ აღარ წასულა. 

მოგვიანებით, ხანუმ ჯეირანოვას ქმარმა აჯი გასანოვმა ოჯახის მიერ ერთ-ერთი ბრალდებული ფეხში დაჭრა და შემდეგ პოლიციას თავად ჩაბარდა. იგი სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გაასამართლა და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

„რეზონანსი“ ამ თემას წლების განმავლობაში აშუქებდა. ჯეირანოვა თანამედროვე მარიტაა, რომელიც ქმრის ნათესავებმა ღალატისთვის ქუჩაში საკუთარი შვილების თვალწინ გაასამართლეს. 

ხანუმი ერთ-ერთ ძველ სოფელში ცხოვრობდა, იქ, სადაც უმრავლესობა ქართულად ვერ ლაპარაკობს. სოფელში ჩასვლისთანავე ცხადი ხდება, რომ ადგილობრივები ჩაკეტილი საზოგადოების წევრები არიან - მათი დიდი ნაწილი საკუთარი სოფლის გარეთ არასდროს გასულა. ისინი იმ ტრადიციებსა და ცხოვრების წესს მისდევენ, რაც ოდითგანვე დამკვიდრებულია. ტრადიციების შენარჩუნება და დაცვა მათთვის პატივია, თუნდაც ეს თანასოფლელების მსხვერპლად შეწირვას მოითხოვდეს. სოფელ ლამბაროში  სიკვდილი ღირსების დაბრუნების წილ, სრულიად მისაღები ნორმაა.

„რეზონანსს“ ჯეირანოვას მეზობლები უყვებოდნენ, რომ ქლმა თავი დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით მოიკლა. ყველა მათგანმა უყურა როგორ ექცეოდნენ ახალგაზრდა ქალს, მაგრამ მისი დახმარება ვერავინ შეძლო. 

„ხანუმ ჯეირანოვას ბრალი ღალატში ედებოდა. ერთ დღეს ყველანი ერთად შეიკრიბნენ და ხანუმს განკითხვა მოუწყვეს. მეუღლის ნათესავები პირში აგინებდნენ და ცემდნენ კიდეც. 

„სოფელ ლამბალოს ცენტრში ეს საშინელება ყველამ საკუთარი თვალით იხილა. ტრადიციის მიხედვით, იმ დღის შემდეგ, აღარავინ უნდა დალაპარაკებოდა მას. ხანუმს ჩამოერთვა უფლება წასულიყო ბაზარში, დასწრებოდა მშობელთა კრებას სკოლაში, ვინმეს ქორწილს, სულ უბრალოდ - გასულიყო სასაფლაოზე. ანუ, ტრადიციის მიხედვითვე, ხანუმის ცხოვრება ამ განკითხვის რიტუალის შემდეგ იქვე დამთავრდა - სოფლის ცენტრში. ამიტომაც მან დანაშაულის გამოსყიდვისთვის თვითმკვლელობა გადაწყვიტა, უბრალოდ სხვა გამოსავალი აღარ დაუტოვეს“, - ყვება ერთ-ერთი მეზობელი „რეზონანსთან“.

აღსანიშნავია, რომ ხანუმის მიერ ქმრის ღალატის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. როგორც მისი მამა „რეზონანსთან“ ყვება, რამდენიმე ადამიანი ამტკიცებდა, რომ მისი შვილი ვიღაც უცხო მამაკაცის ავტომობილში დაინახეს, რის შემდეგაც დაასკვნეს, რომ ის ქმარს ღალატობდა. ხანუმს თავის გამართლების საშუალებაც კი არ მისცეს, განაჩენი ისე გამოუტანეს. 

„ჩემს შვილს განაჩენი სიძის ბიძაშვილებმა გამოუტანეს. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ქმარს ღალატობდა. ჩემი  შვილი სახალხოდ სცემეს და ის იძულებული გახდა თავი მოეკლა. ცემისაგან ფეხები და ტანი სულ დალურჯებული ჰქონდა.

„მის ქმარსაც არ სჯერა, რომ ხანუმამ ეს დანაშაული ჩაიდინა.  მწყემსია და ამ დროს ფერმაში იმყოფებოდა. ნაცემი და შეურაცხყოფილი ჩემი შვილი საგარეჯოს პოლიციის იორმუღანლოს თანამშრომლებმა მამის სახლიდან სოფლის რწმუნებულის, მაჰმუდ ალიევის სახლში გადაიყვანეს, რის შემდეგაც რწმუნებულს გამუდმებით ვურეკავდი, შვილი შინ გამატანე-თქო. ბოლოს და ბოლოს ის სახლში ჩემა ცოლმა წამოიყვანა, სადაც დილით უკვე ეზოს უკანა მხარეს ჩამომხრჩვალი ვიპოვეთ. 

„10 და 12 წლის ობლები დარჩა. როცა მისი მეუღლე აჯი გასანოვი ფერმიდან დაბრუნდა, სახლში გარდაცვლილი ცოლი და ატირებული შვილები დახვდა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ თვითმხილველები, ამ ადამაინების დასჯა დღემდე არ მომხდარა“, -ამბობს ხანუმას მამა ზაჰიდ ჯეირანოვი „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×