ელზა პაპოშვილი
22.11.2021

რატომ არ მიდის საქართველოს პრემიერ -მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში, დემოკრატიის სამიტზე და რატომ მიღო პირადად მიწვევა სალომე ზურაბიშვილმა?-ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ამის მიზეზი  საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილია. მან  საერთაშორისო გამოცემას, POLITICO-ს მისი ადვოკატებისა და თანაპარტიელების მეშვეობით წერილი გაუგზავნა, რომელშიც ის მოუწოდებს ბაიდენის ადმინისტრაციას, გააუქმოს გადაწყვეტილება, მიიწვიოს საქართველოს მთავრობა მომავალ სამიტზე. მათი თქმით, სწორედ ეს არის რელური მიზეზი, რის გამოც ღარიბაშვილის მაგივრად სალომე ზურაბიშვილის მიწვევა გადაწყვიტეს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ იმასაც ამტკიცებენ, რომ ღარიბაშვილს სამიტზე დასწრება ონლაინ შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა. 

არის თუ არა რეალურად სააკაშვილის წერილი მიზეზი პრემიერის სამიტზე არ დასწრება?- ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ოპოზიციის მიერ მოგონილი ფაქტია, როელიც შიდა პოლიტიკური მოხმარებისთვის სჭირდებათ. მათი თქმით, მსგავს სამიტებს ქვეყნის პრეზიდენტები ესწრებიან და ზურაბიშვილსაც მიწვევა პირადად ამიტომ გაუგზავნეს. ვერანაირი პატიმრის წერილი ამერიკის ადმინისტრაციასა და მის პოლიტიკაზე გავლენას ვერ მოახდენს. მათთვის მნიშვნელოვანი საქართველო და ქართველი ხალხია. პრესონები და რიგითი პოლიტიკოსები ამერიკის პრეზიდენტს დღის წესრიგს ვერ დაუდგენენ. 

აშშ-ში, დემოკრატიის სამიტზე საქართველოდან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს მონაწილეობას - განცხადება ამის შესახებ პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, ზურაბიშვილმა სპეციალური მიწვევა პირადად მიიღო. 

"რამდენიმე კვირის წინ გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ საქართველომ მიიღო მოსაწვევი პრეზიდენტ ბაიდენისგან დემოკრატიის სამიტზე. ახლა ჩვენ მივიღეთ მოსაწვევი ქალბატონ პრეზიდენტის სახელზეც და ჩვენი გადაწყვეტილებით, ქალბატონი პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას ჩვენი ქვეყნის სახელით აღნიშნულ დემოკრატიის სამიტზე, რომელიც გაიმართება 10 დეკემბერს",- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

 ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ამბობენ, რომ სამიტებს ქვეყნის პრეზიდენტები ესწრებიან და ზურაბიშვილსაც მიწვევა პირადად ამიტომ გაუგზავნეს. ვერანაირი პატიმრის სააკაშვილის წერილი ამერიკის ადმინისტრაციასა და მის პოლიტიკაზე გავლენას ვერ მოახდენს. მათთვის მნიშვნელოვანი საქართველო და ქართველი ხალხია. პერსონები და რიგითი პოლიტიკოსები ამერიკის პრეზიდენტს დღის წესრიგს ვერ დაუდგენენ. 

ანალიტიკოსი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის სამიტზე წასვლა არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არა აქვს და ოპოზიციის განცხადება, რომ ეს სააკაშვილის წერილმა განაპირობა, აბსურდია. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ვინმე პატიმრის წერილი ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდანზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. 

„ამერიკაშიც და ყველგან სააკაშვილისთვის ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან სამართლიან მოპყრობას ითხოვენ და არა გათავისუფლებას. ეს ორი სხვადასხვა რამეს ნიშნავს. ის არის პატიმარი და პატიმრის წერილს ბაიდენი არ წაიკითხავს. სალომე ზურაბიშვილი სამიტზე პროტოკოლის მიხედვით მიდის და არა პოლიტიკური კონტექსტით. ეს არის გაწერილი პროტოკოლით და პირადად მიწვევაც ამიტომ პრეზიდენტმა მიიღო და არა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ეს არანაირი  წერილის გავლენა არ არის“,-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა  „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, ეს არის ოპოზიციის მხრიდან შიდა პოლიტიკური მოხმარებისთვის გაკეთებული განცხადება და საკუთარ ამომრჩეველს ამაში არწმუნებენ. სხვა ვინც  საგარეო პოლიტიკაში ერკვევა, ყველამ კარგად იცის, რომ ამერიკის პოლიტიკაზე ვერანაირ გავლენას წერილები ვერ მოახდენს. 

“თუკი დასავლეთს რამის თქმა სურს, ან ხელისუფლების გაკრიტიკება უნდა, მათ ხელს არაფერი შეუშლით და ამას პირდაპირ გააკეთებენ. რაც შეეხება ზურაბიშვილს ფაქტორს საერთაშორისო ასპარეზზე  ზაქარეიშვილი აქაც ფიქრობს,  რომ ესეც ოპოზიციის მიერ წამოწეული თემაა, რადგანაც უნდათ საზოგადოებას აჩვენონ, თითქოს დასავლეთი „ოცნებას“ გაუწყრა და მხოლოდ პრეზიდენტს წყალობს.   

„ყველამ კარგად იცის, მითუმეტს დასავლეთში, რომ სალომე ზურაბიშვილს არანაირი უფლება და გავლენა ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებზე არა აქვს. ჯერ ერთი პრეზიდენტის ინსტიტუტი ძალიან სუსტია, მეორეც, მარგველშვილამც მოინდომა, მაგრამ არ გამოუვიდა. ზურაბიშვილი მითუმეტეს არაფერს არც მოინდომებს და ვერც ვერეფერს მისგან ვერავინ მიიღებს. დასავლეთისთვის ახლა მნიშვნელოვანი მხოლოდ საქართველოს სტაბილურობაა. ძალიან კარგად იციან, რომ არანაირი დემოკრატიისკენ ჩვენ არ მივიდავრთ. პირიქით, უკან წამოვედით.

“ქართველები სულ სხვა რაღაცას ირჩევენ და არა დემოკრატიას. პარლამენტის ინსტიტუტი არ მუშაობს, მიშელის დოკუმენტის პირობებს არავინ ასრულებს. საქართველო არის ტიპიური არადემოკრატიული სახელმწიფო, ამიტომაც ზურაბიშვილი ქვეყნის იმიჯს ვერ გადაარჩენს. შესაძლოა ბოლო დროს შეცვლილი რიტორიკით ის მხოლოდ საკუთარი იმიჯის გადარჩენას ცდილობს. როცა პრეზიდენტი აღარ იქნება, საფრანგეთში რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გახდება“,-ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.  

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძეც ფიქრობს, რომ ოპოზიცია ამ თემიდან რაღაცის გამოდნობას ცდილობს, მაგრამ ვერაფერს გამოადნობს, რადგანაც ამერიკაში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმიტომ მიდის, რომ პროტოკოლით ასეა გაწერილი. ანალიტიკოსი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ამერიკისთვის სახელმწიფოს მეთაური პრეზიდენტია, ამიტომაც მიწვევა ზურაბიშვილს გაუგზავნეს. სამაგიეროდ ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერი მიდის. 

„არანაირი  წერილის გავლენა აქ არ არსებობს, ეს არის ჩვეულებრივი პროტოკოლით გაწერილი, რომ ასეთ სამიტს პრეზიდენტი ესწრება. ეს მხოლოდ ოპოზიციას შიდა მოხმარებისთვსი სჭირდება, რადგანაც საკუთარი  ამომრჩეველი დაარწმუნოს, თითქოს სააკაშვილს  დასავლეთზე გავლენა აქვს. ეს არის აბსურდი, რადგანაც ამერიკისთვის მნიშვნელოვანი საქართველო და ქართველი ხალხია. ხოლო ვისაც ქართველები აირჩევენ ლეგიტიმურადაც ის ხელისუფლება და პრეზიდენტი ითვლება. 

“შიდა პოლიტიკური პროცესებიც ძალიან კარგად იციან და იმასაც ხვდებიან სააკაშვილის მიმართ ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილში რა განწყობაც არსებობს. ამიტომ აქ რაღაცა წერილის გაგზავნა  და  მოწოდებები ორი ქვეყნის ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს. სააკაშვილის თქმა არ უნდათ, ისედაც კარგად იციან ვინ რას წარმოადგენს და ვის რა დანაშაული აქვს ჩადენილი“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“ 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×