ელზა პაპოშვილი
02.12.2021

ეპიდემიოლოგები კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“  საქართველოში გავრცელების საფრთხეებზე საუბრობენ.  მათი ინფორმაციით, ახალი შტამი, რომელიც უფრო აგრესიულია და სწრაფად ვრცელდება, საქართველოში, სავარაუდოდ, უკვე ერთ თვეში გამოჩნდება. კვლევების მიხედვით ის ახალგაზრდებში უფრო აგრესიულად და სწრაფად ვრცელდება. შესაბამისად, ე.წ. ბუსტერ დოზის ვადა 6 თვიდან 3 თვემდე შემცირდება. რას იზამს საქართველო, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ჯერჯერობით „ომიკრონი“ საქართველოში არ გამოჩენილა. 

ახალი შტამი 24 ნოემბერს დაფიქსირდა და ომიკრონმა უკვე 15-მდე სახელმწიფოში შეაღწია, ბოლო 24 საათში ამ სიას საფრანგეთიც შეემატა, სადაც 5-დან 11 წლამდე ბავშვებს აცრიან. საბერძნეთი კი ვირუსთან საბრძოლველად და ვაქცინაციის ტემპების დასაჩქარებლად ჯარიმებს აწესებს. იანვრიდან 60 წელს გადაცილებული ყველა აუცრელი პირი 100 ევროთი დაჯარიმდება.

B 11 529-ის გამოჩენის გამო ზომებს იღებს გაერთიანებული სამეფო. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ საჭიროა ბუსტერ დოზის გაკეთების შუალედი 6 თვიდან 3 თვემდე შემცირდეს. 

წითელ ზონაში COVID-19ის მუტირებული ვირუსით ინფიცირებულების რიცხვი უკვე ათობიდან ასეულობით შემთხვევამდეა გაზრდილი. ვირუსის სწრაფი გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოსახლეობის მხოლოდ 24 პროცენტია სრულად ვაქცინირებული. 

„ომიკრონით“ ინფიცირებულ ადამიანებს „დელტა“ შტამით დაავადებულთაგან განსხვავებული სიმპტომები აქვთ. ამის შესახებ სამხრეთ აფრიკაში იმ ექიმმა განაცხადა, რომელმაც ახალი შტამის შემთხვევები პირველმა გამოავლინა. 

„პაციენტები, რომლებიც დაავადდნენ „ომიკრონის“ შტამით, უჩივიან დაღლილობას, თავისა და სხეულის ტკივილს, ზოგჯერ ყელის ტკივილსა და ხველას. შედარებისთვის, „დელტა“ შტამი იწვევს გულისცემის აჩქარებას, ჟანგბადის ნაკლებობას, ყნოსვისა და გემოს დაკარგვას“, -  აღნიშნა ექიმმა ანჟელიკ კოეტზემ, რომელიც სამხრეთ აფრიკის სამედიცინო ასოციაციის თავმჯდომარეა.

 

მისივე თქმით, ქვეყანაში რამდენიმე კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების მცირე რაოდენობა ფიქსირდებოდა, 18 ნოემბერს კი ინფიცირებულთა რიცხვი  მოულოდნელად გაიზარდა. 

„განვაცხადე, რომ ეს განსხვავებული სიმპტომები არ შეიძლება იყოს „დელტა“ შტამის. ისინი ძალიან ჰგავს „ბეტას“ ან უნდა ყოფილიყო ახალი შტამი. იმედი მაქვს ეს ვარიანტი შედარებით მსუბუქი იქნება. ამ დროისთვის ვფიქრობ, რომ მის გავრცელებას გავუმკლავდებით“, - აღნიშნა ექიმმა. 

ბოლო24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 3 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს კიდევ 72 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 4 295 პაციენტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელმა 7,37%, ბოლო 14 დღის განმავლობაში 8,78%, ხოლო ბოლო 7 დღეში 8,53% შეადგინა. 

სულ ქვეყანაში ჩატარებულია - 2 197 838 აცრა, ხოლო  დეკემბრის ვაქცინირებულთა მონაცემმა 11 099 შეადგინა. 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 33 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 541 პაციენტი. კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირთა რაოდენობაა 1 144.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 853 833 შემთხვევა დადასტურდა, ვირუსს ემსხვერპლა 12 191 ადამიანი.  

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, „ომიკრონი“ საქართველოში ერთ თვეში შემოაღწევს. 

„დაახლოებით ვიცით როდის მოაღწია კორონავირუსმა ჩინეთიდან, შტამმა ბრიტანეთიდან. დედამიწაზე სამწუხაროდ, ამის გაჩერება შეუძლებელია, ამიტომ ეს ყველა დროებითი ზომები ყველამ მიიღო, რათა მაქსიმალურად გადავწიოთ პერიოდი ქვეყანაში როდესაც ვირუსი შემოაღწევს. ჯერჯერობით ვიცით, რომ აცრა ამაზეც მუშაობს - რაც აფრიკიდან გვაქვს ინფორმაცია. რა თქმა უნდა, შემოაღწევს ჩვენთან, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა. ჩვენ გამალებული ურთიერთობა და დღეში რამდენიმე რეისი აფრიკასთან არ გვაქვს, როგორც იმ ევროპის ქვეყნებს, სადაც ჩავიდა სამხრეთ აფრიკიდან. ვნახოთ, დაახლოებით ერთი თვე უნდა გვქონდეს მარაგში, რომ წინასწარ ვიცოდეთ ზუსტად რასთან გვექნება საქმე. სწრაფი გავრცელება ვირუსის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მახასიათებელია, რომ შეშფოთების საგნად იქცეს. სწრაფი გავრცელება ნიშნავს, რომ უამრავი ადამიანი ერთდროულად ხდება ავად, რაც ნებისმიერ ქვეყანაში იწვევს სამედიცინო დახმარების სისტემების გადარტვირთვას“, - განაცხადა იმნაძემ. 

იგივეს პროგნოზირებს ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძეც:  

„საქართველოში მოველი რომ ერთ თვეში დაფიქსირდება ახალი შტამი, საქართველო მთვარეზე არ არის და ბუნებრივია ქვეყნებს შორის მიმოსვლა არის. არის შეზღუდვები, მაგრამ ამ შეზღუდვას დიდხანს ვერ დაიცავ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, ჯერ უნდა გავაგრძელოთ ვაქცინაციის პროცესი, სანამ გვეცოდინება ვაქცინა მოქმედებს თუ არა, ახალ შტამზე. თუმცა მინიმუმ ერთი თვე, დომინანტი დელტა შტამი იქნება. უნდა გამოვიყენოთ პირბადე, რადგანაც ეს 100%-ით იცავს ყველა შტამისგან ადამიანს და თავი ავარიდოთ შეკრებებს. დაგვიცავს თუ არა ვაქცინა და მედიკამენტები - ეს გარკვეული შეშფოთების საგანი არის, რადგანაც თანამედროვე ვაქცინები დამიზნებული იყო სწორედ ვირუსის იმ სტრუქტურის გასანეიტრალებლად, რომელშიც ეს ბევრი მუტაციები მოხდვა,“ - აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.    

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი შტამი ახალგაზრდებში უფრო მეტად ვრცელდება.

„განსაკუთრებული ყურადღება უნდა იყოს 50-60 წლის მოსახლეობის აცრაზე. სიკვდილიანობის 85% მოდის 60 წლის ზემოთ მოსახლეობაზე, 10% - 50-დან 60 წლამდე მოსახლეობაში, 5% კი მოდის დაბლა ასაკზე, მაგრამ დაბლა ასაკი გამავრცელებელია. 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაცია დავიწყეთ. დღევანდელი მდგომარეობით ამ ასაკის 2 027-ია აცრილი, ხოლო სრულად 122. 16-17 წლის მოზარდებში შედარებით მეტია - აცრილია 11 215 მოზარდი, მაგრამ ეს არასაკმარისია. ამ მხრივ განსაკუთრებით „ომიკრონის“ ცირკულაციასთან დაკავშირებით საშიშროებაა, რომ ახალგაზრდა ადამიანებში მეტი გავრცელება იყოს. ახალგაზრდა ასაკი აზიანებს ხანდაზმულებს და ხანდაზმულებში გამოსავალი რთულია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, საქართველოში ამ ეტაპზე „ომიკრონის“ შემთხვევა არ დადასტურებულა.

„მიმდინარეობს სხვადასხვა შტამების ცირკულირების მონიტორინგი. ორნაირად ხდება - ერთი არის „პისიარ“ ტესტები, რომელიც გვაქვს სპეციფიური „დელტაზე“ და სხვა შტამზე. საბოლოო სიტყვა არის სეკვენირებაზე, რომელიც ძვირადღირებული სიამოვნებაა. ამას ყოველ ნიმუშზე ვერ გააკეთებ, მაგრამ არჩევით, შესაბამისი პროტოკოლით კეთდება. „ომიკრონი“ ჯერჯერობით არ გამოჩენილა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.  

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×