ელზა პაპოშვილი
27.07.2023

ვაკეში მომხდარი დაჭრის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სროლა მზიურის პარკთან გუშინწინ საღამოს მოხდა. სამშენებლო კომპანია "ტაგი გრუპის" ერთ-ერთი მეწილე ტატო გურგენიძე ფეხში დაჭრეს. ტატო გურგენიძეზე თავდასხმაში ბრალდებული მწერალი და პოეტი დავით გაბისკირიაა. სავარაუდოდ თბილისის ცენტრში მომხდარი შეიარაღებული დაპირიპირების მიზეზი გაბისკირიას კუთვნილი მიწის ნაკვეთია, რომლითაც "ტაგი გრუპი" იყო დაინტერესებული.

სწორედ ამ საკითხზე გაიმართა შეხვედრა იურიდიულ კომპანიაში, თუმცა რა მოხდა ჯი-ემ-ჯის ოფისში, უცნობია, ისევე როგორც ის, თუ რატომ მივიდა ბრალდებული მოლაპარაკებაზე შეიარაღებული. სისხლიანი დაპირისპირების უშუალო თვითმხილველი აცხადებს, რომ კონფლიქტი მხარეებს შორის მოლაპარაკების მიზეზს არ უკავშირდება.  

დაჭრილ ტატო გურგენიძეს და მის ბიზნეს პარტნიორს საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დაწყება სურდათ. სწორედ აღნიშნული შეთანხმების დეტალებზე სასაუბროდ იმყოფებოდნენ მხარეები იურიდიულ კომპანია "ჯი ემ ჯი ჯგუფში", რა დროსაც მხარეებს შორის კონფლიქტი დაიწყო. ცნობილია, რომ დავით გაბისკირიამ რამდენიმე გასროლა განახორციელა ბიზნესმენ ტატო გურგენიძის მიმართულებით.

როგორც იურიდიულ ფირმა "ჯიემჯიში" აცხადებენ, ბიზნეს შეხვედრა მართლაც იმართებოდა მათთან, თუმცა ტატო გურგენიძესა და დათო გაბისკირიას შორის დაპირისპირება ბიზნეს საქმიანობას არ უკავშირდებოდა. 

როგორც კომპანიის წარმომადგენელი გიორგი კვირიკაშვილი განმარტავს, კონფლიქტი სულ სხვა მიზეზის გამო დაიწყო.

"დავა როგორც ასეთი ამ ადამიანებს შორის არ არის, არც სასამართლოში, არც სასამართლოს გარეშე. ერთი ჩვეულებრივი საქმიანი შეხვედრა იყო და ის კონფლიქტი, არ არის გამოწვეული საქმიდან გამომდინარე. საქმიანობიდან გამომდინარე მოხდა შეხვედრა, მაგრამ კონფლიქტი საქმიანობიდან გამომდინარე არ ყოფილა", - ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.  

დაჭრილი ბიზნესმენი  მალევე კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, დაშავებული ბიზნესმენის მდგომარეობა სტაბილურია.  

"პაციენტი შემოიყვანეს გუშინ ნაშუადღევს, ცეცხლსასროლი დაზიანებით თეძოს მიდამოში. ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია, დაზიანებული იყო წვრილი ნაწლავი. ოპერაციის შემდეგ მდგომარეობა სტაბილურია, გადაყვანილია ქირურგიულ დეპარტამენტში. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაიმედებელია, პროგნოზი დადებითი," - აცხადებს კლინიკური მენეჯერი გუგა შალამბერიძე.   

საქართველოს პროკურატურამ ბიზნესმენ ტატო გურგენიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტზე პოეტ დავით გაბისკირიას ბრალი წარუდგინა. 

როგორც პროკურატურა წერს, ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. 

"საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების ფაქტზე,  ერთ პირს  ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ივლისს, თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე იურიდიული კომპანის ოფისში, ბრალდებულმა სამშენებლო ბიზნესსაქმიანობიდან წარმოშობილი უთანხმოების გამო, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,  ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 26 ივლისს  დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოღებულია. დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით  (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონთ დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - წერს პროკურატურა.    

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×