საბერძნეთის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურმა 9 პირი დააკავა, მათ შორის საქართველოს მოქალაქე. მათ ბრალად ედება ბავშვთა და კვერცხუჯრედებით უკანონო ვაჭრობა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფება მინიმუმ 10 წლის განმავლობაში მოქმედებდა. ჯგუფი, ბავშვთა ვაჭრობის გარდა უკანონო გაშვილებითაც იყო დაკავებული.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, ქართველი ექიმი მ.ჩ. ერთ-ერთია, რომელიც საბერძნეთში დაწყებული გამოძიების მასალებში ფიგურირებს. კუნძულ კრეტაზე სუროგაციის ცენტრში ჩატარებული რეიდის დროს ის არ დაუკავებიათ, თუმცა ბრალი ოფიციალურად წარედგინა. უკანონო სუროგაციისა და სავარაუდო ტრეფიკინგის საქმეზე სულ რვა პირია დაკავებული. მათ შორის ქალაქ ხანიაში მდებარე კლინიკის დამფუძნებელი, ექიმები და შუამავლები.
„უკანონო სუროგაცია და ქალებისთვის კვერცხუჯრედის ამოღება, დანაშაულებრივ ქსელს დიდ სარგებელს აძლევდა. სუროგაციის საშუალო ფასი 70-დან 100 ათას ევრომდე მერყეობდა, ზოგ შემთხვევაში კი 120 ათას ევროსაც აღწევდა. ბავშვებს ყალბი საბუთებით სხვადასხვა ქვეყანაში უშვილო, მათ შორის ერთსქესიან წყვილებზე ყიდდნენ.
ქსელში ყველას თავისი როლი ჰქონდა. საქართველოს მოქალაქეს სხვებთან ერთად სუროგატი დედების მოძიება ევალებოდა, ნაწილს მათი სასტუმროში დაბინავება და შესაბამისი სერვისებით უზრუნველყოფა, უშუალოდ სამედიცინო მანიპულაციას კუნძულ კრეტაზე ცნობილი ექიმ-გინეკოლოგი უზრუნველყოფდა, რომელიც ასევე ბრალდებულთა შორისაა“,- წერს ბერძნული მედია.
გამოძიების მასალების მიხედვით, საქმეში ფიგურირებს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე. ახალგაზრდა ქალი, რომელიც საბერძნეთიდან რამდენიმე ხნის წინ დაბრუნდა, სავარაუდოდ, თავადაც დონორი იყო, რის შემდეგაც ქსელმა ის შუამავლის პოზიციაზეც დაასაქმა.
ცნობილია, რომ საბერძნეთში სუროგაცია ლეგალურია მხოლოდ დაქორწინებული ჰეტეროსექსუალური წყვილებისთვის, თუმცა ბერძნული გამოძიების ინფორმაციით, გახმაურებულ საქმეში იკვეთება ჩვილებით ვაჭრობის, ქალების ექსპლუატაციის, თაღლითობის და დოკუმენტაციის გაყალბების კვალი.