ელზა პაპოშვილი
12.08.2023

ერთ დღეში საქართველოს ორ ქალაქში - ქუთაისსა და რუსთავში ფემიციდის უმძიმესი ფაქტები მოხდა. ქალებს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით ქმარმა და ყოფილმა ქმარმა მიაყენა. ერთ შემთხვევაში კონფლიქტის მიზეზი ეჭვიანობა, მეორეში კი - სავარაუდოდ, ნარკოტიკები.

რუსთავში ღამის საათებში, 40 წლის ქალი ყოფილმა ქმარმა დაჭრა და ის სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ცნობილია, რომ 50 წლამდე კაცსა და მის ყოფილ ცოლს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, მამაკაცი, სავარაუდოდ, ცოლს შერიგებას სთხოვდა და კონფლიქტი ეჭვიანობისა ნიადაგზე დაიწყო. ყოფილი ცოლი შერიგებაზე კატეგორიულ უარს ამბობდა, რის გამოც მამაკაცმა მას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. 

ქალის დახმარება მეზობლებმა მალევე შეძლეს და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. 

„ფაქტი გვიან ღამით მოხდა, ასე 12 საათს იქნებოდა გადაცილებული. ცოლ-ქმარი  გაშორებულები იყვნენ. კაცი ქალს შერიგებას გამუდმებით სთხოვდა, მაგრამ ქალი უარს ეუბნებოდა. სავარაუდოდ, კონფლიქტი სწორედ ამის გამო მოხდა. 

„კაცი ყოფილ ცოლზე ეჭვიანობდა და მოსვენებას არ აძლევდა. სალაპარაკოდ მისულა, ჩხუბის შემდეგ კი რამდენიმე ჭრილობა დანით მიაყენა. ქალი მალევე სასწრაფო დახმარებამ  კლინიკაში გადაიყვანა და მისი გადარჩენა შეძლეს. ადგილზე მალევე კრიმინალური პოლიცია  მოვიდა და კაცი ცხელ კვალზევე დააკავეს. დაჭრილი ქალი „კლინიკა რუსთავში“ გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს“, - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

ქუთაისში კი ქმარმა ახალგაზრდა ქალს 14 ჭრილობა მიაყენა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სავარაუდოდ, ქმარი ნრკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ქალი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

მამაკაცი ადგილზე მისულმა კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟმა დააკავა. გამოძიება კი ოჯახის წევრის მკვლელობის მცდელობის ბრალდებითაა დაწყებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×