ნაზი ბერიძე
18.08.2023

შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა, რომელიც საზღვარგარეთ დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების უფლებების მაქსიმალურ დაცვას ითვალისწინებს, ისევე როგორც საქართველოში მცხოვრები და დასაქმებული უცხოეთის მოქალაქეების სისტემური აღრიცხვასა და მათი უფლებების დაცვას.

სფეროს სპეციალისტები და უფლებადამცველები ამასთან დაკავშირებით, ამბობენ, რომ ეს რეგულაციები უფრო ადრეც კი იყო მისაღები, თუმცა სკეპტიკურად უყურებენ მისი აღსრულების პერსპექტივას ტექნიკური თუ სხვა პრობლემების გამო. ამასთან, ხაზს უსვამენ, რომ ამ ინიციატივით ევროკავშირის კანონდებლობასთან დაახლოება ხდება.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კანონმდებლობის მიხედვით, შუამავალ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ დასაქმებაში ეხმარებიან, სერტიფიცირების ვალდებულება უჩნდებათ.

ამასთან, სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში მოხდება საქართველოში დასაქმებული უცხოეთის მოქალაქეების აღრიცხვა. გარდა ამისა, ქვეყანაში, შრომითი ბინადრობისა და ემიგრაციის ვიზების ფლობისთვის სავალდებულო ხდება ამავე სისტემაში რეგისტრაცია. ცვლილებების მაქსიმალური ეფექტურობისთვის, ახალი კანონი მონიტორინგისა და აღსრულების მექანიზმებსაც ითვალისწინებს, რომელსაც შრომის ინსპექციის სამსახური განახორციელებს.

კანონში შესული ცვლილებები იმ შუამავალ კომპანიებს, რომლებიც საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების დასაქმების მიმართულებით მუშაობენ, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა პირადად გააცნეს.

როგორც ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ აღნიშნა, სახელმწიფო მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს სექტორის წარმომადგენლებთან, რომ პროცესების გამჭვირვალედ წარიმართოს და ცვლილებები მაქსიმალურად დადებითად აისახოს როგორც დასაქმებულების, ისე შუამავალი კომპანიების საქმიანობაზე.

შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები ძალაში 2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან შევა.

იურისტი უფლებადამცველი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან" ამბობს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები უპირველესად საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა დაცვას, სახელმწიფო ბიუჯეტის გაზრდასა და მოქალაქეების დასაქმებას შეუწყობს ხელს.

„ეს კანონი დაარეგულირებს ქართველების უცხოეთში მუშაობის საკითხებს და დაიცავს მათ უფლებებს.ერთი მხრივ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უცხოეთში მუშაობენ, არ არიან სამწუხაროდ არანაირად დაცულები და მათ სჭირდებათ დაცვა. სახელმწიფო თავის მოქალაქეებს უნდა იცავდეს მისი საზღვრების გარეთ, ყველა ვითარებაში, მათ შორის შრომით მიგრანტებს. და, ამ თვალსაზრისით ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ, როგორც ვიცით, ხდება ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა და სახელმწიფო არაფერს აკეთებს მათ დასაცავად. ეს კანონი კი ამ საკითხს არეგულირებს.

„მეორე მხრივ ის, რომ უნდა აღირიცხოს საქართველოში თუ რომელიმე უცხოეთის მოქალაქე მუშაობს და სახელმწიფოს ჰქონდეს ინფორმაცია, რა სფეროებში არიან უცხოელები დასაქმებული და შესაძლებელია თუ არა მათი ჩანაცვლება საქართველოს ქვეყნის მოქალაქეებით, ესეც მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფოს ინტერესი ეს უნდა იყოს, რომ მაქსიმალურად საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები დაასაქმოს.

„ეს აქამდეც უნდა გაკეთებულიყო, უბრალოდ ახლა გაახსენდა პარლამენტს, რომ ჩვენი მოქალაქები ძალიან დიდი რაოდენობით არიან უცხოეთში წასული სამუშაოდ და იქედან გამოგზავნილი თანხები ჩვენი ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს ქმნის. სახელმწიფოს ვალდებულება მაშინაც აქვს, თუკი ბიუჯეტს ასე მნიშვნელოვნად არ ავსებენ შრომითი მიგრანტები, მაგრამ ახლა ეს კარგია რომ გააკეთეს. მთავარია, როგორ აღსრულდება ამ კანონის მოთხოვნები და რამდენად ქმედითი იქნება საკანონმდებლო მექანიზმები," -განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

იურისტი ლევან ალაფიშვილი ამ საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულებას სკეპტიკურად უყურებს და ამბობს, რომ „არასწორი იქნება მოლოდინი, რომ კანონის მიღებით საქართველო პრობლემას გადაწყვეტს".

„კანონის მთავარი მიზანი მიგრაციის მართვა და ამ პროცესში მიგრანტთა უფლებების დაცვაა. ამ კუთხით ევრორეგულაციებთან დაახლოებაც ხდება. ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ დასაქმებას შეეხება კანონი და ამ მხრივ, ვფიქრობ, ჩვენს ადმინისტრაციას ექნება პრობლემები, რადგან არც გამოცდილება აქვთ და ინსტიტუტიც ახალი შექმნილია.

„არალეგალური მიგრაცია გლობალურად დიდი პრობლემაა. ჩვენზე დიდ სახელმწიფოებსაც კი ვერ აქვთ ეს საკითხი გადაწყვეტილი. ამდენად, არასწორი იქნება მოლოდინი, რომ კანონის მიღებით საქართველო ამ პრობლემას გადაწყვეტს.

„ამას თუ დავუმატებთ საქართველოში დასაქმებულთა მდგომარეობას, აგრეთვე გაზრდილ მიგრაციას, რომელმაც უკვე წლიურ 100 000-ს მიაღწია, დავრწმუნდებით, რომ პრობლემის გადაწყვეტა კომპლექსურ მიდგომას, მკაფიო ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკას მოითხოვს.

„დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში რატომ ჩამოჰყავთ და ასაქმებენ უცხოელებს, ხოლო საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ მიდიან? ამ მთავარ კითხვაზე პასუხი მოგვცემს სწორი პოლიტიკის განსაზღვრის საშუალებას," - განაცხადა „რეზონანსთან" ლევან ალაფიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×