ელზა პაპოშვილი
26.09.2023

უმძიმესი დანაშაული ბოლნისში - მამაკაცმა ჯერ ცოლი მოკლა, რა დროსაც შემთხვევით საკუთარი არასრულწლოვანი შვილი დაჭრა, რომელიც დედის დახმარებას ცდილობდა, შემდეგ კი, როცა გააცნობიერა რა ჩაიდინა, დანით თვითმკვლელობა სცადა. ის ახლა მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში იმყოფება. 

ექიმების შეფასებით, ივანე კაზეიანის მდგომარეობა მძიმეა და მას ჭრილობები მუცლის ღრუსა და გულ-მკერდის არეში აღენიშნება. გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, მედიკოსების თქმით, მდგომარეობა რთულია. რაც შეეხება მის დაჭრილ შვილს, ის 15 წლის გოგონაა, რომლის მდგომარეობაც სტაბილურია. ექიმების თქმით, მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და უკვე საავადმყოფოდან გაწერეს. 

ადგილობრივებს მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირთ. „რეზონანსთან“  ამბობენ, რომ ცოლ-ქმარს შორის ადრე კონფლიქტი არ ყოფილა. მამაკაცი წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა და საქართველოში ახალი დაბრუნებული იყო. ბოლო პერიოდში თბილისში მუშაობდა და ცოლ-შვილს ინახავდა. ისინი ამ მძიმე დანაშაულის ერთ-ერთ სავარაუდო მოტივად ცოლის მიერ საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლის სურვილს ასახელებენ, რის გამოც, სავარაუდოდ, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი მოხდა, რადგან ქმარი ამის წინააღმდეგი იყო.

„დაშორებული არ ყოფილან და არც რაიმე კონფლიქტი იყო. კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.  ეს ბიჭი რუსეთში იყო ცოტა ხანს და წამოვიდა, ახალი დაბრუნებულია სახლში. ახლა თბილისში მუშაობდა და მათ შორის ამ პერიოდის განმავლობაში დაპირისპირება აქამდე არ ყოფილა. ვიცით, რომ რაღაც დოკუმენტების გაკეთება უნდოდა გოგოს, რომ საზღვარგარეთ წასულიყო და მაგის პრობლემა იყო - ქმარს არ უნდოდა, რომ წასულიყო. ამაზე მოსვლიათ ჩხუბი. ეტყობა ნახა, რომ საბუთებს აკეთებდა და მათ შორის დაპირისპირება დაიწყო.

„ბავშვი, რომელიც 15 წლისაა, შეეცადა დედას დახმარებოდა, მაგრამ უშედეგოდ. გოგონასაც დაზიანებები აქვს მიყენებული. რომ მიხვდა რა ჩაიდინა, დანით ჭრილობები საკუთარ თავს გულის და მუცლის არეში მიაყენა. ჩვენც ბავშვის განწირული ყვირილის შემდეგ გავიგეთ რა მოხდა. პოლიცია და სასწრაფო გამოვიძახეთ. ქალი უკვე გარდაცვლილი იყო და ეს ბიჭი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.

რაც შეეხება მამაკაცის მდგომარეობას,  ექიმი ოთარ ქებაძე აცხადებს, რომ მას ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

„აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები. შემავალი ჭრილობების გამო, გაუკეთდა ოპერაციული მკურნალობა და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ჭრილობიდან გამომდინარე, წააგავდა ცივი იარაღით მიყენებულს“, - განაცხადა ექიმმა.

პოლიციამ გამოძიება ს/ს კოდექსის 109-ე და და 118-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×