ელზა პაპოშვილი
27.09.2023

ბერლინში, 27 წლის ქართველი ქალი მეუღლის თვალწინ ჯგუფურად გააუპატიურეს, ქმარი კი  სასტიკად სცემეს. ის ხელკეტებით დაუნდობლად სცემეს. გერმანიის პოლიციის გამოძიებით დადგინდა, რომ სამი მამაკაცი ქართველ ცოლ - ქმარს გვიან საღამოს დაესხა თავს. ფიზიკური და სექსუალური ძალადობის შემდეგ გაიტაცეს დაზარალებულების კუთვნილი ნივთები და თანხა. 

ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურება და ცოლ-ქმარზე ძალადობა გერმანული მედიის მთავარი თემაა. სექსუალური ძალადობის ბრალდებით გერმანიის პოლიციამ სამი აფრიკელი მიგრანტი უკვე დააკავა, რომლებიც ცნობილ გიორლიცის პარკში ნარკოტიკებით ვაჭრობდნენ. ვარაუდობენ, რომ ამ ჯგუფს უკავშირდება წელს იმავე ადგილზე მომხდარი სხვა რამდენიმე დანაშაულიც, მათ შორის, იმავე პერიოდში, 14 წლის გოგონას ჯგუფური გაუპატიურებაც. ადგილობრივები ღამის საათებში პარკის დახურვას ითხოვენ და ასევე კონტოლრის მაქსიმალურად გამკაცრებას. 

„ცნობილია, რომ საქართველოს მოქალაქე ცოლ - ქმარს თავს სამი აფრიკული წარმოშობის მიგრანტი დაესხხა. მათ ახალგაზრდა ქალი ქმრის თვალწინ გააუპატიურეს, ქმარი კი სასტიკად ხელკეტებით სცემეს. წყვილი უმძიმეს მდგომარეობაში გამვლელებმა იპოვეს და პოლიციას შეატყობინეს. ამ პარკში ადრეც არა ერთხელ მომხდარა დანაშაული და ეჭვი გვაქვს, რომ იგივე დაჯგუფება მოქმედებდა. ესენი არიან ნარკომოვაჭრეები, რომლებმაც, სავარაუდოდ, რამდენიმე თვის წინ 14 წლის გოგონაც გააუპატიურეს. გვესმის მოსახლეობის და ამიტომ პარკის გარშემოც და მის შიგნითაც კონტროლი მაქსიმალურად გამკაცრდება“, - ამბობს გერმანიის პოლიციის წარმომადგენელი მედიასთან საუბრისას. 

ამ  შემზარავ ფაქტს პირადად გამოეხმაურა ბერლინის მერი, რომელიც პირობას დებს, რომ დამნაშავეები სათანადოდ დაისჯებიან. 

"მინდა დავრწმუნდე, რომ კრიმინალები, რომლებიც პოლიციამ უკვე დააკავა, სათანადოდ დაისჯებიან. გვაქვს სიტუაციები, არაერთ რაიონში, როდესაც ხალხი თავს დაცულად აღარ გრძნობს. მაგრამ გიორლიცის პარკი ამჟამად ყველაზე პრობლემურია. ბოლო წლებში ამ პარკში, დანაშაული არაერთხელ მოხდა და ხალხიც დიდხანს ხუჭავდა თვალს. მე ამას აღარ დავუშვებ. გვინდა, სიტუაცია კონტროლის ქვეშ მოექცეს. ეს ნიშნავს პოლიციის დანაყოფების დამატებას, ვიდეოტექნოლოგიის გამოყენება, განსაკუთრებით პარკის შესასვლელ ზონებში," - განაცხადა ბერლინის მერმა კაი ვეგნერიმ.

ახალგაზრდა ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურება ივნისში მოხდა, თუმცა საგამოძიებო სამსახურმა ფაქტი მხოლოდ ახლა გაახმაურა და მედიას ბრალდებულთა სამკაციანი ჯგუფის დაკავება დაუდასტურა. ექსპერტიზის შედეგად ქალის ტანსაცმელზე აღმოჩენილია თავდამსხმელების დნმ-ის კვალი. ეს დასკვნა ახლა მათ წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულებაა, ისევე როგორც, დაზარალებულთა ჩვენებები.

გიორლიცის პარკი გერმანიის დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწვანე სივრცეა, რომელიც ბოლო წლებში ნარკოტიკებით ვაჭრობის, სექსუალური ძალადობის და სხვა მძიმე დანაშაულის ადგილად იქცა.

დაზარალებული ცოლ-ქმარი თავდამსხმელების წინააღმდეგ ჩვენებას მალე სასამართლოში მისცემს. ცნობილია, რომ წყვილი რამდენიმე თვეა გერმანიაში ცხოვრობს. სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×