ელზა პაპოშვილი
28.09.2023

უმძიმესი ბრალით დაკვებული 3 შვილის დედა ამტკიცებს, რომ 8 თვემდე ისე მივიდა, არ იცოდა, რომ ორსულად იყო. ჩვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ქალის ადვოკატი ირწმუნება, რომ ახალგაზრდა ქალმა რვა თვის თავზე ბავშვი ისე გააჩინა, რომ ფეხმძიმობის შესახებ არაფერი იცოდა. ხოლო მოულოდნელი მშობიარობის დროს სახლის ეზოში მდგარ საპირფარეშოში ნაყოფი თავისით ჩავარდა. ქალმა კი ამის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგო. 

რამდენად ეფექტური იქნება დაცვის მხარის ეს სტრატეგია ოქტომბერში გამოჩნდება, როცა მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. 

თუმცა ადვოკატის ამ ვერსიას ეწინააღმდეგება თავად ბრალდებულის მიერ წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენება, სადაც დაკითხვის ოქმში ქალი აღიარებს, რომ ოჯახის წევრებს ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაციას უმალავდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ უკვე სამი შვილი ჰყავდა და მეოთხე შვილის გაჩენა არ სურდა. 

„ორსულობის შესახებ რომ შევიტყვე, გადავწყვიტე, არც ჩემი მეუღლისთვის და არც ოჯახის სხვა წევრებისთვის არაფერი მეთქვა, რადგან უკვე სამი შვილის დედა ვიყავი. მესამე ჯერ ერთი წლისაც არ იყო და კიდევ მეოთხე შვილს ველოდებოდი... ორსულობის დროს არც მუცელი მეტყობოდა და შესაბამისად ეჭვიც არავის გასჩენია,“ - წერია ქალის ჩვენებაში.

ამავე ჩვენებაში ახალგაზრდა ქალი მშობიარობის საკუთარ ვერსიას ჰყვება და ამბობს, რომ ნაყოფი გარდაცვლილი დაიბადა, ორმოში კი, შემთხვევით ჩავარდა.

„დაახლოებით ღამის პირველ საათზე მუცლის ტკივილმა შემაწუხა. ავდექი და ჩავედი საპირფარეშოში მარტო. არ მიფიქრია, რომ სამშობიარო ტკივილი მქონდა, რადგან მანამდე სამი შვილი გავაჩინე და ვიცი, რა არის სამშობიარო ტკივილი. როდესაც შევედი საპირფარეშოში, შევამჩნიე, რომ ჩამოვარდა წითელი და ლურჯი ფერის ნაყოფი. ის საპირფარეშოზე მუცლით დაეცა და ნაპირიდან შიგნით ჩასრიალდა. ვინაიდან ნაყოფი არ მოძრაობდა მივხვდი, რომ მკვდარი იყო,“ - ნათქვამია ქალის ჩვენებაში.

ქალს ახლობლები კი ყვებინ, რომ ოჯახმა მისი ორუსლობის შესახებ ნამდვილად არაფერი იცოდა, თუმცა იცოდა თუ არა თავად ქალმა, ამის შესახებ მათ საუბარი უჭირთ. ვერც იმას ამბობენ გადაჭრით, რომ სამი შვილის დედას შვილის მოკვლა შეეძლო. 

„როგორც თავად ამბობს, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეიტყო, რომ ორსულად იყო. მეორე ვერსიით საპირფარეშოში ნაყოფი ჩამოვარდა და ის გარდაცვლილი იყო უკვე.   სამედიცინო დაწესებულებიდან მიიღეს ინფორმაცია სავარაუდო დანაშაულის შესახებ საგამოძიებო ორგანოში. ქალის ოჯახში მის ბრალეულობას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ახალშობილის გარდაცვალება მხოლოდ უბედურ შემთხვევას უკავშირდება და ქალს ეს განზრახ არ ჩაუდენია. ძალიან მძიმე ბრალდებაა და იმედი აქვს ოჯახს, რომ ის გამართლდება. ვინ დაიჯერებს, რომ სამი შვილის დედა, რომელიც შვილებზე არის გადაკლული, მეოთხე შვილს მოკლავდა. სავარაუდოდ, ეს იყო უბედური შემთხვევა და მკვლელობა გამორიცხულია“, - ამბობს ქალის ახლობელი. 

ახალგაზრდა ქალს ბრალი დედის მიერ ჩვილის განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წარდგენილი. მომავალ სხდომაზე მხარეები თავად ბრალდებულის ჩვენებას მოისმენენ. მოსამართლე განაჩენს სავარაუდოდ ოქტომბერში გამოაცხადებს.        

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×