თამთა ჩაჩანიძე
14.12.2023

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი აცხადებს, რომ ახალი აპარატურით ამომრჩევლის დუბლირება, მრავალჯერადი ხმის მიცემა წარმოუდგენელია, საარჩევნო მოხელეების არაკეთილსინდისიერებაზე საუბარი კი, როცა კომისიები ჯერ არ დაკომპლექტებულა, „არაპროფესიონალურია". „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას" (ისფედს) და ოპოზიციას კი კითხვები აქვს არსებული ელექტრონული ტექნოლოგიით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

ამომრჩევლების 90% 2024 წელს შეძლებს, ელექტრონული ტექნოლოგიებით გაიაროს ვერიფიკაცია საარჩევნო უბანზე, ასევე ხმა მისცეს ელექტრონული მთვლელის მეშვეობით. ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სისტემის მუშაობა ვადამდელ არჩევნებზე თავად ნახა და ის აბსოლუტურად გამართულად მუშაობდა. იყო ხარვეზებიც, თუმცა, მისი თქმით, მნიშვნელოვან საკითხზე ამას გავლენა არ ექნება.

„წინმსწრებად, დაახლოებით ერთი წლით ადრე, პარალელური ხმების დამთვლელმა გამყალბებელმა „ისფედმა" ამ სისტემის დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო. ეს სისტემა უშუალოდ მე ვნახე რამდნეიმე არჩევნებში, რომელიც ვადაზე ადრე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩატარდა, სადაც ასევე ის არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ, რომლებიც ცეკსოს უსამართლოდ აკრიტიკებენ.

„ჩვენ ადგილზე ვნახეთ, რომ სისტემა აბსოლუტურად გამართულად მუშაობდა, პატარა ხარვეზები იყო, რაც ხდება-ხოლმე, მაგრამ აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი არ უნდა დაგვავიწყდეს - ის რომ ელქტრონული პირადობის მოწმობით მისულ ამომრჩეველს, მოხლოდ საკუთარ უბანზე შეუძლია ხმის მიცემა და არა სხვაგან, რადგან სისტემა როცა ამ ბარათს წაიკითხავს, იძლევა ე.წ. საგანგაშო სიგნალს, რომ ამომრჩეველი ზუსტ მისამართზე არ მისულა.

„მეორე და მნიშვნელოვანი ისაა, რომ ელექტრონულად ხმის მიცემა ფარულად ხდება, როცა 8 საათის მერე ამის აჯამებენ ელექტრონულად, პარალელურად კონვერტებში ჩადებულ შემოხაზულ ბიულეტენებსაც ითვლიან. ანუ რამდენიმე მექანიზმია იმისთვის, რომ არჩევნები უმაღლეს დონეზე უზრუნველყოფილი იყოს.

„ესაა დასავლური ტექნილოგიის აპარატურა, არცერთი მათგანი იტერნეტთან არაა შეერთებული, რაც ჰაკერულ თავდასხმებს გამორიცხავს, 90% პროცენტ უბნებზე ჩატარებული ამგვარი არჩევნები, დემოკრატიულად ჩატარების კიდევ უფრო მაღალ ხარისხს იძლევა. ამაზე თავდასხმა უსინდისობა და მეხუთე კოლონისთვის დამახასიათებელი დესტრუქციაა, როცა სახელმწიფო ინსტიტუტებს უსაფუძვლოდ ესხმიან თავს და უწინარესად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელმაც ახლახანს ლონდონში ძალიან პრესტიჟულ კონკურსზე არაერთი ჯილდო აიღო. ეს ჩვენი ცესკოს ევროპული დაფასებაა, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ მეორე მხარეს გვყავს მარგინალი ე.წ. არასამთავრობოები, რომლებიც ცდილობენ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს რეპუტაცია შეულახონ",- განაცხადა აბაშიძემ, რომელიც ფიქრობს, რომ ოპოზიცია ახლა წინასწარ ცდილობს არჩევნებზე წარუმატებლობა ელექტრონულ ხმის მიცემის სისტემას დააბრალოს.

„ეს ყავლგასული მეთოდოლოგიაა, როცა წაუმატებელი პარტიები და მათი მომსახურე არასამთავრობოები ამ ყალბ გზავნილს ატირაჟირებენ, თითქოს არჩევნები გაყალბდება. თავადც ხომ ხედავენ თუნდაც „ენდიაის" და „აიარაის" კვლევებში რა რეიტინგები აქვთ. იმ კვლევით ორგანიზაციებს რატომ არ უცხადებენ უნდობლობას, როცა მათი პროცენტები იმაზე დაბალია, ვიდრე არსებული საარჩევნო ბარიერი? ეს ერთი წლით ადრე დაიწყეს, რომ საკუთარი წაუმატებლობა დააბრალონ რაღაც ტექნოლოგიას, საარჩევნო კომისიის მანიპულაციას და ა.შ. ასეთი ტყუილები არაერთხელ გვინახავს, მათ შორის წინა არჩევნებზეც, მაგრამ მაშინაც საერთაშორისო ორგნაციზაციებმა თქვეს, რომ საქართველოში ნებისმიერი დონის არჩევნები თავისუფალი და გამჭვირვალე იყო",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

„წმინდა ადმინისტრირების კუთხით, ვერ ვიტყვი, რომ ეს არის რაიმე კუთხის ბარიერი გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე თვეა, დარჩენილი არჩევნებამდე. ეს არის იმის შესაძლებლობა, რომ თუ რომელიმე პარტიას შერწყმის და გაერთიანების სურვილი აქვს, შესაბამისი სამართლებრივი შესაძლებლობები არსებობს იმისა, რომ ასეთი ფორმალური მოწესრიგება მათ კენჭისყრამდე ბევრი თვით ადრე უზრუნველყონ. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვი, რომ ეს არის რაიმე ბარიერი, პირიქით, არსებობს შესაბამისი სამართლებრივი გზები იმისთვის, რომ ასეთი ფორმალური პროცესები განხორციელდეს", - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „პალიტრანიუსთან".

რაც შეეხება კამპანიას, რომელიც ცესკომ დაიწყო და გულისხმობს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ახალ ტექნოლოგიებთან მიმართებაში, რომლის გამოყენებითაც მომავალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო სხვა ქვეყნებს შორის უპრეცედენტოა, სადაც კამპანია 1 წლით ადრე დაიწყო.

„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ ერთი წლით ადრე (რაც უპრეცედენტო შემთხვევაა, თუ გადავავლებთ თვალს სხვა იმ ქვეყნების გამოცდილებას, სადაც ტექნოლოგიები დაინერგა) ხორციელდება ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიები და ეს მასშტაბები კიდევ ეტაპობრივად უფრო და უფრო გაიზრდება, რაც მივუახლოვდებით ოფიციალურ საარჩევნო პერიოდს. ჩვენი მიზანია, რომ ამომრჩეველთა ცნობიერება მაქსიმალურად ამაღლდეს და თითქმის ყველა ამომრჩევლამდე უზრუნველვყოთ ინფორმაციის მიწოდება.

„რაც შეეხება მიმღებლობას, ყოველი პილოტის შემდგომ, საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებდა ე.წ პროფესიულ ეგზიტპოლებს, სადაც უბნიდან გამოსულ ამომრჩეველს ჩვენ ვეკითხებოდით ამ აპარატების გამოყენების მიმღებლობაზე, ნდობაზე,სიმარტივესა და ა.შ და 96-97%-იანი მოწონება და მიმღებლობაა ამ აპარატებთან მიმართებაში განვლილი პილოტის ფარგლებში.

„იცით, რომ დედაქალის მასშტაბით 22 მეტროსადგურიდან 20-ში განთავსებული გვაქვს ტექნოლოგიები და უშუალო პირდაპირი ინტერაქციის პირობებში ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს თავად გამოსცადოს და თავად ჰქონდეს ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ამ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით და 250 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა ჩვენს სადემონსტრაციო ჩვენებებში", - განაცხადა კალანდარიშვილმა.

რაც შეეხება ახალ ტექნოლოგიებთან მიმართებაში „სამართლიანი არჩევნების" მიერ გამოთქმულ კრიტიკულ შეფასებებს, მათ შორის მოსაზრებას, რომლის თანახმად, ის, რომ ვერიფიკაციის აპარატის მეშვეობით საარჩევნო სიაში ამომრჩევლის დუბლირება ვერ მოხდება, მრავალჯერადი ხმის მიცემის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, რადგან ეს პროცესი „არაკეთილსინდისიერი საარჩევნო მოხელეების ჩართულობით ხდება". კალანდარიშვილი აცხადებს, რომ აპარატში ამომრჩევლის დუბლირება და მრავალჯერადი ხმის მიცემა წარმოუდგენელია, რასაც თავად ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებული აუდიტის დასკვნა ადასტურებს.

„საარჩევნო მოხელეების არაკეთილსინდისიერებაზე საუბარი, ცოტა არ იყოს, როგორც მინიმუმ, არაპროფესიონალურია, რადგან ჯერ კომისიები დაკომპლექტებული არ არის, ჯერ არ ვიცით, ვინ იქნება კომისიებში, მიუხედავად იმისა, რომ ათიათასობით კომისიის წევრებს შორის, ნახევარი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულია და ნახევარი პროფესიული ნიშნით არჩეული წევრები არიან.

„კომისია ორი წევრისგან არ შედგება, 17 წევრისგან შედგება, საიდანაც 8 არის პროფესიული ნიშნით არჩეული, ხოლო 9 უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნული. ამასთანავე, კომისიაში უფლებამოსილება აქვთ დამკვირვებლებს, რომ დააკვირდნენ კენჭისყრის დღეს, პარტიის წარმომადგენლებს, მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ა.შ. და ეს 2 ადამიანი (ნაკადის მომწესრიგებელი და რეგისტრატორი) თეორიულადვე თუ ვისაუბრებთ, საარჩევნო უბანზე მარტო არ არიან და იქ ძალიან დიდი წარმომადგენლობაა იმისი, რომ ასეთი ტიპის თეორიული გარიგების შემთხვევები და მანიპულაციები აღიკვეთოს. მიუხედავად ამისა, თუ ასეთ შემთხვევას, ისევ თეორიულად ვიტყვი, ექნება ადგილი, რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება კანონის შესაბამისად უმკაცრესი რეაგირება ყველა ასეთ იზოლირებულ შემთხვევასთან მიმართებაში.

„გარდა ამისა, ამერიკულმა კომპანიამ, რომელმაც აუდიტის დასკვნა დაწერა, ცალსახად აღნიშნა, რომ აპარატში ამომრჩევლის დუბლირება, მრავალჯერადი ხმის მიცემა წარმოუდგენელია. შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ ან ჩვენ არ ვიცნობთ აუდიტის დასკვნას ან გარკვეულწილად იქ მოცემული ჩანაწერების ინტერპრეტაცია და სხვაგვარად წარმოჩენა ხდება ზუსტად იმისთვის, რომ ასეთი თეორიული მსჯელობების შედეგად, მოხდეს არასწორი აღქმების ფორმირება", - თქვა ცესკოს თავმჯდომარემ.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ისფედ) დირექტორის მოადგილე ლევან ნატროშვილმა რამდენიმე კვირის წინ, „პალიტრანიუსთან" განაცხადა, რომ: „საარჩევნო სიაში დუბლირება რომ ვერ მოხდება, არ ნიშნავს იმას, რომ მრავალჯერადი ხმის მიცემის პრობლემა აღმოიფხვრება და რისკი შემცირდება. მთავარი ის არაა, საარჩევნო სიაში დუბლირებულია თუ არა ადამიანი ან რამდენიმე საარჩევნო უბნის სიაში არის თუ არა. პრაქტიკიდან გამომდინარე, ვნახეთ 2021 წლის არჩევნების დროს იზა ჩირგაძის შემთხვევა, ქუთაისში. ადამიანმა, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი იყო, პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ აიძულებდნენ, უბანზე სხვისი პირადობის მოწმობით შესული ადამიანებისთვის, ვინც ცდილობდნენ რამდენჯერმე ხმის მიცემას, არჩევნებში მონაწილეობის და ბიულეტენის ჩაგდების ნება მიეცა. დუბლირების საკითხი არაა ხოლმე გადამწყვეტი მრავალჯერადი ხმის მიცემის. აქ მარტივი სქემაა. სამწუხაროდ, არაკეთილსინდისიერი საარჩევნო მოხელეების, კომისიის წევრების ჩართულობით ხდება ხოლმე მრავალჯერადი ხმის მიცემა. მაგალითად, ორი ადამიანია საჭირო, რომ საქმის კურსში იყოს - ეს არის ნაკადის მომწესრიგებელი, რომელიც მარკირებას და პირადობის მოწმობას ამოწმებს უბანზე ამომრჩევლის შემოსვლის დროს და მეორე არის რეგისტრატორი. რეგისტრატორმა იცის-ხოლმე, ვინ არის ადამიანი, ვინც უნდა მოვიდეს და გაატაროს ამ უბანზე მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს ამომრჩეველი ამ უბანზე. ეს ადამიანი, შესაძლოა, თავისი ან სხვისი პირადობის მოწმობით მივიდეს. პირადი ნომრების ბაზა აქვთ ხოლმე, როგორც წესი. პარტიის კოორდინატორებმა, როგორც წესი, იციან, ვინ მივა არჩევნებზე, ვინ არა და იმ ადამიანებს იყენებენ მრავალჯერადად ხმის მიცემისთვის, ვინც არჩევნებზე მაღალი ალბათობით ვერ მიდის", - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×