ელზა პაპოშვილი
17.12.2023

უმძიმესი ფაქტი ოზურგეთში - სოფელ მერიაში პიტბულის ჯიშის ძაღლმა ორი მცირეწლოვანი დაკბინა. 5 წლისა და 2 წლის ძმებს არიან თავს მიუსაფარი ძაღლი დაესხა. განსაკუთრებით მძიმეა უმცროსი ბიჭის მდგომარეობა. მას დაზიანებები თავის ქალაზე აქვს მიყენებული. ბავშვი თბილისში, იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. თავად ძაღლი კი, სავარაუდოდ, ყოფილმა პატრონებმა სახლიდან გამოაგდეს და ასე აღმოჩნდა ის ქუჩაში.

თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდასხმის დროს ბავშვთან ერთად დედა იმყოფებოდა. მათ მეზობელი მიეშველა და იმ დროს კი, როცა ერთ დაკბენილ მცირეწლოვანს ავტომობილში სვამდნენ, რათა კლინიკაში გადაეყვანათ, ძაღლი იქვე მყოფ მეორე ბავშვს დაესხა თავს და უმძიმესი დაზიანებები მიაყენა. მეზობლების ინფორმაციით, დედამ მეორე შვილი უგონო მდგომარეობაში იპოვა.

ამ დროის მონაცემებით, უფროსი ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვს. მას ფეხები აქვს დაკბენილი. ხოლო პტარა ძმის მდგომარეობა მძიმეს, რომელიც რეანომობილით თბილისში გადმოიყვანეს.   

ადგილობრვები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, პიტბულის ჯიშის ძაღლი მათ უბანში შეამჩნიეს. ისინი ამბობენ, რომ ძაღლი, სავარაუდოდ, სახლიდან არის გამოგდებული, თუმცა ვის ეკუთვნის, არ იციან.  

„ძაღლი მოვიდა ჩვენს უბანში. ვისია არ ვიცით. ეს ორი ბავშვი დედასთან ერთად სახლის წინ იყვნენ. მოულოდნელად უფროს ბიჭს თავს დაესხა. დედა და მეზობელი ცდილობდნენ, რომ ბავშვი მანქანით წაეყვანათ. ამ დროს მოიხედეს და პატარა ჰყავდა წაქცეული და კი არ კბენდა, ჭამდა ბავშვს. მთელი თავი და უკან თავის ქალა აქვს გამოჭმული. 

„მთლიანად უფალზე ვართ დამოკიდებული. არ ვიცით როგორი იქნება მისი მგდომარეობა. გიჟებს ვგავართ ყველა, მთელმა სამეზობლომ ბავშვი ძაღლს პირიდან ძლივს წავართვით. არ ვიცი ეს რა იყო. მთელი სოფელი ფეხზე ვიდექით, ბავშვები დაჭამა ძაღლმა“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

კიდევ ერთი მეზობელი ამბობს, რომ უფროს ბიჭს ფეხები აქვს დააკბენილი, ხოლო უმცროს თავზე აქვს მძიმე დაზიანებები. ბავშვი კონტაქტურია, მაგრამ მას მძიმე და რთული ოპერაცია  გაუკეთეს. 

„უკან  ბავშვს თავი ქალა ჰქონდა გადახსნილი. აქ ადგილობრივმა ექიმებმა რა აღარ გაუკეთეს. რაც შეეძლოთ, ყველა ფეხზე დადგა. პოლიციაც ძალიან დაგვეხმარა. იაშვილში გადაიყვანეს, რდგან მდგომარეობა მძიმე იყო. ბავშვი კონტაქურია და საუბარიც შეუძლია, უთქვამს - მშიაო. თუმცა რთული სიტუაციაა. დედა და მამა ადამიანებს აღარ ჰგავდნენ, ეს საშინელება დედის თვალწინ მოხდა“, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.  

იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ბავშვის მდგომარეობის შესახებ ამბობს, რომ მდგომარეობა მძიმედ ფასდება, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის.

„მძიმე მდგომარეობაა. თავის ქალას დამცავი კანის საფარველი მთლიანად არის დაზიანებული და მოცილებული. სიცოცხლისთვის საშიში არ არის, მაგრამ კანის დაზიანების ხარისხი ძალიან მძიმეა. შეუთავსებელი დაზიანებები ან სისხლჩაქცევები, ან ძვლების დაზიანებები, ან თვალის არ აქვს“, - აცხადებს  ივანე ჩხაიძე.  

თავად ძაღლი ოზურგეთის ცხოველთა პოპულაციის ცენტრშია გადაყვანილი. ცენტრმა ამსთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა, სადაც წერენ, რომ ძაღლი, სავარაუდოდ, ყოფილმა პატრონებმა სახლიდან გამოაგდეს. 

„ოზურგეთში სოფელ მერიაში პიტბულის მიერ დაკბენილ იქნა ორი არასრულწლოვანი ერთის მდგომარეობა მძიმეა. ცხოველთა პოპულაციის ცენტრი ოზურგეთში ბავშვებს ჯანმრთელობას უსურვებს. ძაღლი, რომელმაც დაკბინა ბავშვები გადმოყვანილია ჩვენთან! მისი აყვანა მოხდა ეზოს შიდა ტერიტორიაზე,  მაგრამ ოჯახი აცხადებს, რომ ცუგა არის უსახლკარო. მერიის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება საკარანტინე დაკვირვება იმის მიუხედავად, რომ ოჯახი ამბობს, რომ ეს არ არის მათი ძაღლი. აქვე აღვნიშნავთ, ის არ ჰგავს ქუჩაში დაბადებულსა და გაზრდილს. სავარაუდოდ, ცუგა ან ახალ გადმოსმულია, ან არასათანადო პირობებში იზრდებოდა! საქართველოში გავრცელებული არასწორი აღზრდის და წვრთნის შემდეგ მათში ხორციელდება აგრესია და არასათანადოდ რეაგირებენ ადამიანებზე“, - წერს ოზურგეთის ცხოველთა პოპულაციის ცენტრი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×