ელზა პაპოშვილი
20.12.2023

საფრანგეთში მომხდარი  სასტიკი მკვლელობის ახალი გარემოებები  ხედება „რეზონანსისთვის“ ცნობილი. საფრანგეთის პოლიციამ 28 წლის ქართველი ქალი, რომელიც ხუთი შვილის დედაა, ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავა. 

უკვე მეორე დღეა ფრანგული მედია წერს, რომ ლანა ხუნწარიამ მეუღლე მარად სურმანიძე თოკით გაგუდა. ქალი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, ხოლო მათი 5 შვილი სხვადასხვა თავშესაფარში არიან გადანაწილებულები. საფრანგეთის პოლიცია  საგამოძიებო მოქმედებებს ამ წუთებშიც ატარებს. მარად სურმანძის ცხედარი ქალაქ ტულონში იმ სახლში იპოვეს, სადაც ცოლთან და ხუთ შვილთან ერთად ცხოვრობდა.    

საზარელი დანაშაულის ამბით მთელი ფრანგული მედიაა აჭრელებული. გამოცემები წერენ, რომ ქართველი ემიგრანტის მკვლელობამდე ერთი წლით ადრე ცოლი მას ძალადობისთვის უჩიოდა. ის პოლიციამ დააკავა, თუმცა, მოგვიანებით მეუღლის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. 

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ქალის ნათესავები საქართველოში  ფაქტით შოკირებულები არიან. მათი ინფორმაციით, წყვილი საფრანგეთში 2 წლის წინ წავიდა, რათა მათ ერთ-ერთ შვილს ჯამრთელობის პრობლემები ჰქონდა. ისინი გამორიცხავენ და არ სჯერათ, რომ ქალმა ქმარი მოკლა. მათი თქმით, წარმოუდგენელია, რომ ის მას ფიზიკურად მოერეოდა, თანაც თოკით მისი გაგუდვა მოეხერხებინა. 

„არ ვიცი რა ვთქვა, გოგო ფიზიკურად იმდენად სუსტია, რომ წარმოუდგენელია ქმარს მორეოდა. თანაც თოკით გაგუდვა გამორიცხულია. გოგოს რომ შეხედოთ, იმდენად სუსტია, პატარა ბავშვს ჰგავს. საწყალი 5 შვილს ზრდიდა. ინვალიდი ბავშვი ჰყავთ და მის სამკურნალოდ წავიდნენ. აქ ბანკის ვალები დაედოთ და ამის გამო იძულებულები გახდნენ. 

„ეს ბიჭი, ქმარი, აქ წესიერად იქცეოდა, იქ რა მოხდა, რამ გადარია, ცოლზე ძალადობდა, აგვისტოში მომხდარა ეს ფაქტი. ვეჭვობთ, რომ იქ წამალზე შეჯდა და ამის გამო დაიწყო ეს კონფლიქტი. სხვა მიზეზი არ გვაქვს. ძალიან მძიმე ამბავია, ჩვენც მომხდარის შესახებ ტელევიზიით შევიტყვეთ, საერთოდ არანაირი  სხვა ინფორმაცია არ გვაქვს“,-აცხადებს დაკავებული ქალის ნათესავი.   

ფრანგული მედია კი წერს, რომ წყვილის მეზობლებს რამდენიმე ხნის განამვლობაში ცოლ - ქმრის კონფლიქტის ხმა ესმოდათ. შემდეგ კი მათ კარზე ბავშვებმა დააკაკუნეს, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ დედა და მამა ჩხუბობდნენ. სახლში შესულ მეზობლებს კი უკვე საზარელი სურათი დახვდათ, მამაკაცი, სავარაუდოდ, თოკით იყო გაგუდული.       

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×