ელზა პაპოშვილი
21.12.2023

თაღლითობაში ბრალდებული ქალი, რომელმაც კარგად შენიღბული თაღლითური სქემით ათობით ადამიანი მოატყუა და ფული გამოსაძალა, სასამართლომ  ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო. საქმე კი კარგად ორგანიზებულ დანაშაულებრივ სქემას ეხება. იგი თავს ასაღებდა პროკურატურის თანამშრომლად, რომელიც სამშენებლო ბიზნესში იყო ჩართული.

გამოძიების მასალების მიხედვით, ბრალდებული ადამიანებს ეცნობოდა სხვადასხვა სახელით, აწვდიდა ყალბ ინფორმაციას მისი ოჯახის წევრების მიერ თითქოსდა წარმოებული სამშენებლო საქმიანობის შესახებ და ჰპირდებოდა თბილისსა და ბათუმში მშენებარე საცხოვრებელი ბინებისა და კომერციული ფართების საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად გადაცემას. მათთან გარკვეული დროის გნმავლობაში ნდობაში შედიოდა  და დიდი ოდენობით თანხებს სძალავდათ. შემდეგ კი იცვლიდა ტელეფონის ნომერს და ქრებოდა. 

როგორც გამოძიებით დგინდება, 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის ივლისის ჩათვლით, იგი მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - ჯამში 295 650 ლარსა და 135 000 დოლარს. ხოლო ამ თანხის გათეთრება და გადამალვა აზარტული თამაშების კომპანიებში გადარიცხვით მოახერხა. შემდეგ კი თანხის გარკვეული ოდენობის კვლავ საბანკო ანგარიშზე დაბრუნებით, სხვის სახელზე უძრავ-მოძრავი ქონების შეძენითა და რეგისტრაციით, განახორციელა უკანონო ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემა. შენიღბა უკანონოდ მიღებული შემოსავლის ნამდვილი წარმოშობა, წყარო და რეალური მესაკუთრე, რითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალის მიღება შეძლო.

„ეს ქალბატონი გავიცანით სოციალური ქსელით. ის დაგვპირდა, რომ ბათუმში ძალიან იაფად სახლს გავპოვნინებდა. თანაც ამბობდა, რომ პროკურატურის თანამშრომელი იყო. ასევე ამ მშენებლობას მისი ოჯახის წევრები და ნათესავები ახორციელებდნენ. იმდენად დამაჯერებელი იყო მისი საუბარი და მოქმედება, ასევე გამოიყურებოდა ძალიან სანდომიანად, რომ ეჭვიც არაფერში შეგვპარვია. სახლიც კი გვაჩვენა, რომ აქ აშენდებოდა ჩვენი ბინაც. ეჭვიც არ შეგვპარვია, რომ მისი ნდობა არ შეიძლებოდა. თანაც პროკურატურის სახელით მოქმედებდა. ვიფიქრეთ, თავად არის უწყების თანამშრომელი და როგორ მოგვატყუებსო. მერე მოგვწერა ანგარიშის ნომერი - აქ დამირიცხეთო. სრულიად სხვა სახელით და გვარით გაგვეცნო, ხოლო თანხის დარცხვის თანავე გაქრა. 

„ტელეფონის  ნომერიც გამორთო და არც იმ მისამართზე ცხოვრობდა, სადაც გვითხრა. ის სოციალური ქსელიც გააუქმა. ამის შემდეგ დავეჭვდით, რომ რაღაც ხდებოდა. თურმე კაზინოს ანგარიში ჰქონია გახსნილი და ამ თაღლითურად მითვისებულ ფულს იქ ანაღდებდა. მერე სახლებს ყიდულობდა სხვისი სახელით და იმათ თავისაზე აფორმებინებდა, რომ პოლიციას კვალის მიგნება გასჭირვებოდა. ასეთი ჭკვიანური გეგმა ჰქონდა მოფიქრებული. არც პროკურატურის თანამშრომელი იყო და არც ის პირი ვისის სახელი და გვარიც გაგვეცნო. ჯამში 50 ათასამდე დოლარი გამოგვძალა“, - ამბობს ერთ- ერთი დაზარალებული „რეზონანსთან“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდადებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებაც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×