რეზონანსი
16.03.2024

1993 წლის 15-16-17 მარტს აფხაზი სეპარატისტების, ჩრდილოკავკასიელი დაქირავებულებისა და რუსი სამხედროების ერთობლივი შემოტევა სოხუმზე ქართულმა არმიამ მოიგერია და გამარჯვების ხანმოკლე, მაგრამ საოცარი ისტორია შექმნა საბოლოოდ დამარცხებულ ომში.

30-ზე მეტი წლის წინ ერთ კონკრეტულ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ქართველი ბიჭების საოცარი თავგანწირვის შედეგი იყო. სამწუხაროდ ახალგაზრდა თაობამაც უნდა იცოდეს, რათა სჯეროდეს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მებრძოლი სეპარატისტებისა და ოკუპანტების დამარცხება შეუძლებელი არ იყო, მაგრამ ომში ჩვენი მებრძოლების თავგანწირვამ ვერ გადაწონა და უამრავი სხვა ფაქტორის გამო აფხაზეთი მაინც დავკარგეთ...

აფხაზეთში მებრძოლი, ომის ვეტერანი მაიზერ გელოვანი ერთ-ერთია, რომელმაც აფხაზეთის ომში საკუთარი ისტორია შექმნა და მოგონებები გაგვიზიარა, დღესაც დარწმუნებულია, რომ დამარცხება და ჩვენი ქვეყნის ამ ულამაზესი კუთხეების - აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვა დროებითია.

,,რეზონანსი": თქვენთვის, როგორც აფხაზეთში მებრძოლისთვის, რას ნიშნავს დღევანდელი თარიღი, რამ განაპირობა ერთი მუჭა მებრძოლების გამარჯვება გუმისთის მონაკვეთზე?

მაიზერ გელოვანი: პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ 1992-93 წლების აფხაზეთის ომში მოწინააღმდეგემ ოთხჯერ მაინც სცადა სოხუმზე იერიშის მიტანა. ყველაზე სისხლისმღვრელი 1993 წლის 15-16-17 მარტის ბრძოლა აღმოჩნდა, რომელსაც სეპარატისტები დღესაც ტრაგედიად აღიქვამენ, მაგრამ ჩვენთვის საოცარი გმირობის მაგალითია. ეს იყო დიდი შემოტევა სოხუმზე, სამი დღის განმავლობაში ვიგერიებდით მტერს - რუსეთის შეიარაღებული ძალებს, რომლებსაც ზურგს უმაგრებდნენ ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები, ყველა ურჯულო ჩვენ გვიტევდა. მახსოვს, სოხუმის სადგურამდე შემოვიდნენ, მაგრამ ძლიერი არტილერია გვყავდა, საბჭოთა კავშირში სამაგალითო, საარტილერიო სასწავლებელი იყო საქართველოში. აქ ამზადებდნენ არტილერისტებს, რომელთა შემართებამ გუმისთაზე შეტევის შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა. ძალიან პროფესიონალი მებრძოლები გვყავდა. უხერხულია, რომელიმე სათითაოდ ჩამოვთვალო, ყველას ღვაწლი დასაფასებელია, თუმცა მაინც აღვნიშნავ ორ მეთაურს, პოლკოვნიკებს - რეზო ასმავას და დათო ღვინჯილიას ცხადია, იყვნენ სხვა მეთაურებიც, რომლებმაც ქვეითებთან ერთად გმირულად იბრძოლეს. მტერი უკუვაქციეთ, აფხაზეთის ომის ისტორიაში ეს იყო ყველაზე დიდი გამარჯვების პერიოდი, როცა ძალები უთანასწორო იყო, მაგრამ მომხდური დავამარცხეთ.

,,რ".: რა გვასწავლა გუმისთის მარტის გამარჯვებამ - ერთმა კონკრეტულმა ეპიზოდმა აფხაზეთის ომში, როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ შეძლო ქვეყანამ ამ იქ მოპოვებული გამარჯვების შენარჩუნება?

მ. გ.: გუმისთაზე ქართველების მხრიდან ათას კაცამდე იბრძოდა, მაგრამ მოწინააღმდეგე 5-6-ჯერ მეტი იყო. მიუხედავად ამისა, გავიმარჯვეთ! ამან, პირველ რიგში, გვასწავლა, რომ ძალების გაერთიანება, სამშობლოს სიყვარული და ერთგულება ომში გადამწყვეტია. მიღწეული შედეგის შენარჩუნება შეუძლებელი იყო, რადგან არ გვქონდა სახელმწიფოს მხარდაჭერა, იყო ღალატი მთავრობის იმდროინდელი მეთაურის და მისი გუნდის ზოგიერთი წევრის მხრიდან. შესაბამისად, არც ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ. ეროვნული მოძრაობა მაშინ ზენიტში იყო, ეროვნულმა მთავრობამ მოიგო არჩევნები და საბჭოთა მთავრობა დაამარცხა, რაზეც აფხაზეთის ომით იძიეს შური - ჯერ ეროვნული ხელისუფლება დაამხეს ზვიად გამსახურდიას მეთაურობით და მერე გააჩაღეს ომი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. წაგვართვეს ტერიტორიები, დარწმუნებული ვარ, რომ დროებით დავკარგეთ ჩვენი სამშობლოს ულამაზესი მხარეები და ოდესმე შევძლებთ ამ ტერიტორიების ღირსეულად დაბრუნებას.

,,რ.": დღევანდელი გადასახედიდან, როგორ ფიქრობთ, რა იყო შეცდომა ომში, რამაც შედეგი გადასწონა?

მ.გ.: არც ერთი შეცდომა არ დაუშვიათ მებრძოლებს, მაგრამ იმდროინდელი მთავრობის პოლიტიკა იყო მოღალატეობრივი. ედუარდ შევარდნაძემ, მთავარსარდალმა, განაიარაღა ჯარი, გამოიყვანა მძიმე ტექნიკა მოლაპარაკების მიზნით, მაგრამ სინამდვილეში რუსეთთან მოლაპარაკება შეუძლებელი იყო. ასეული წლების განმავლობაში გვატყუებდა. ჩვენ გმირობის საოცარი მაგალითი ვაჩვენეთ გაგრაში, მაგრამ ამ მონაკვეთზე გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ ისევ მთავრობის მხრიდან ღალატის გამო. თამაზ მეფარიშვილი იყო მეთაური ამ ბრძოლაში. მე ასმეთაური ვიყავი. სისხლისმღვრელი და უთანასწორო შეტაკებიდან ძალიან ცოტა გადავრჩით. აფხაზეთის ომის დროს ორჯერ იყო მოლაპარაკება, ორჯერვე უშედეგო ან რა საჭირო იყო, როცა ასწლეულების გამოცდილებამ გვასწავლა, რომ რუსეთთან მოლაპარაკება შეუძლებელია. არაერთი მაგალითია ისტორიაში, როგორ გვესხმის თავს გამუდმებით და პერიოდულად რუსეთი იმპერია. არ შეიძლებოდა მასთან მოლაპარაკების წარმოება არც მაშინ და არც დღეს! ყველა მოღალატეა, ვინც ასე ფიქრობს.

,,რ.": როგორ ფიქრობთ, რამდენად იცის აფხაზეთის ომის რეალობა ახალგაზრდა თაობამ, რა უნდა გაკეთდეს, რომ მეტი სიცხადე შემოვიტანოთ და მეტად მოხდეს საზოგადოების ინფორმირება ამ ომის შესახებ, რომელიც ჩვენი უახლესი ისტორიის ნაწილია?

მ.გ.: პირველ რიგში, საქართველოს განათლების სამინისტრომ უნდა გამოიჩინოს ნება და ახალი ისტორიის სასკოლო პროგრამაში გარკვეული პროგრამა დაუთმოს აფხაზეთის ომის, ცხადია, გუმისთის მოვლენების შესწავლას. ჩვენი ხელისუფლება ვალდებულია, რომ ახალგაზრდებმა ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორია, აფხაზეთის და სამაჩაბლოს, ასევე 2008 წლის ომები იცოდნენ.

ასეთია ომის ვეტერანის მაიზერ გელოვანის მოსაზრება აფხაზეთის ომსა და კონკრეტულად, გუმისთის სისხლისმღვრელ შეტაკებაზე, რომელმაც უამრავი ქართველი შეიწირა.

ამ თარიღის და დაღუპული მებრძოლების პატივსაცემად, დღეს დილიდან გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ ქართველი ვეტერანები და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები.

ისტორია, რომელსაც ომში გადარჩენილი ჰყვება, მძიმე, მაგრამ საამაყოა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ომში ყველა მებრძოლს საკუთარი წილი მოგებული აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ისტორია ვერ შეცვალა!

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×