ქრისტინე კაპანაძე
15.06.2021

ოთხშაბათს, 16 ივნისს შვეიცარიაში, ჟენევაში მდებარე ვილა ლა გრანჟში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა გაიმართება. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამ ერთი შეხვედრიდან რაიმე გარღვევას არ უნდა ველოდოთ, თუმცა ის სავარაუდოდ მნიშვნელოვანი პროცესების დასაწყისი გახდება, რომელიც მთელს მსოფლიოს და მათ შორის ჩვენს რეგიონზეც მოახდენს გავლენას.

წინასწარ ცნობილია მოლაპარაკების გრაფიკიც. ვიწრო წრეში შეხვედრა ოთხშაბათს ადგილობრივი დროით 13:15-ზე დაიწყება და მაში პრეზიდენტების გარდა მონაწილეობას მიირებენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

დაახლოებით 45 წუთის შემდეგ კი დაიწყება მოლაპარაკება უკვე გაფართოებული შემადგენლობით, სადაც ორი ქვეყნის ოფიციალური დელეგაციების სხვა წევრებიც ჩაერთვებიან.

ადგილობრივი დროით 18:00-ზე კი დაგეგმილია პრესკონფერენციები მედიისათვის. ამასთან, ბაიდენი და პუტინი პრესკონფერენციას ცალ-ცალკე გამართავენ.

ოფიციალური ინფორმაციით, 16 ივნისის შეხვედრაზე ქვეყნის ლიდერები თავიანთ პოზიციებს გამოკვეთენ და ძირითადად ისაუბრებენ ბირთვული შეიარაღების სტაბილურობის, მსოფლიო უსაფრთხოების, კიბერუსაფრთხოების საკითხებზე. უცხოური მედიის ინფორმაციით შეხვედრაზე საუბარი იქნება რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საქმეზე, ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე.

თეთრი სახლის კორესპონდენტის, სკოტ დეტროუს და ვაშინგტონის მთავრობისა და საჯარო სამსახურის ბუშის სკოლის სამეცნიერო ასისტენტ-პროფესორის, დოქტორ იუვალ ვებერის ინტერვიუში განხილულია, თუ რა შეიძლება მოხდეს ბაიდენისა და პუტინის შეხვედრაზე და რა საკითხებზე იქნება აქცენტები დასმული ქვეყნის ლიდერების მიერ.

ვებერის თქმით, რუსეთისა და აშშ-ის მაგალითზე ჩვენ ვხედავთ, თუ რამდენად შეიძლება გაუარესდეს ყოველ დღე, კვირა და თვე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა.

„თუ კი ისინი აღმოაჩენენ, რომ გარკვეულ საკითხებში ერთ მხარეს დგანან, ეს უკვე უდიდესი წარმატება იქნება," - ამბობს ვებერი.

იგი აღნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა განსაზღვროს რა სახის თანამშრომლობა სჭირდება რუსეთისგან და რომელ საკითხში შეიძლება აშშ-მა რუსეთთან სტაბილური თანამშრომლობის გარანტია მიიღოს:

„ვფიქრობ ასეთი საკითხები იქნება ბირთვული შეიარაღების სტაბილურობა, კიბერ თავდასხმების ნორმები. ბაიდენის პუტინთან შეხვედრის მიზეზი არის ის, რომ ამ საკითხებზე არსებობს კითხვის ნიშნები და ამასთან კიდევ მრავალ სხვა საკითხზე, როგორიცაა ალექსეი ნავალნის საქმე, ადამიანის უფლებები, დემოკრატიული ფასეულობები და ა.შ."

თავად აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პუტინთან შეხვედრაზე ის მკაფიოდ ისაუბრებს იმაზე, თუ სად გადის წითელი ხაზები.

„მკაფიოდ ვეტყვი პრეზიდენტ პუტინს, რომ არსებობს სფეროები, სადაც ჩვენ თანამშრომლობა შეგვიძლია, თუ ის ამას აირჩევს. ხოლო თუ ის აირჩევს არ ითანამშრომლოს და იმოქმედოს იმგვარად, როგორც წარსულში კიბერუსაფრთხოებასთან და სხვა საქმიანობასთან დაკავშირებით მოქმედებდა, მაშინ ჩვენ პასუხს გავცემთ," - განაცხადა ბაიდენმა.

ვლადიმერ პუტინის თანაშემწის იური უშაკოვის განცხადებით კი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ-ის პრეზიდენმა ჯო ბაიდენმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოთხშაბათს კონკრეტულ შეთანხმებას მიაღწიონ, თუმცა მოლაპარაკებები მაინც მნიშნელოვანია.

„დარწმუნებული არ ვარ, რომ რაიმე შეთანხმება იქნება მიღწეული. მე ამ შეხვედრას პრაქტიკულად ოპტიმიზმით ვუყურებ," - განაცხადა უშაკოვმა.

მისი ინფორმაციით, განსახილველ თემებს შორის არის ბირთვული სტაბილურობა, კლიმატის ცვლილებები, კიბერუსაფრთხოება, ასევე რუსეთის ციხეებში მყოფი აშშ-ის მოქალაქეებისა და აშშ-ის ციხეებში მყოფი რუსეთის მოქალაქეების ბედი.

საკითხზე, თუ რას შეცვლის ბაიდენისა და პუტინის ხვალინდელი შეხვედრა, „რეზონანსს" საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი, თენგიზ ფხალაძე ესაუბრა. ის ამბობს, რომ ბაიდენი-პუტინის შეხვედრაზე არ იქნება „გარღვევა",ერთი შეხვედრით ყველაფერი ვერ გადაწყდება, თუმცა პოზიციების გამოკვეთის მხრივ იქნება ძალიან დიდი პროცესების დასაწყისი.

„არ მგონია, რომ ამ ერთი შეხვედრით მსოფლიო გადატრიალდეს, თუმცა, თვითონ შეხვედრა საკმაოდ მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ ასეთი შეხვედრა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში არ მომხდარა, რომელსაც საკმაოდ მკაცრი პოლიტიკა აქვს რუსეთის მიმართ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ იმ შეხვედრების ჯაჭვის პირობებში, რომელიც ახლახანს გაიმართა - დიდი შვიდეული, ნატო-ს სამიტი, აშშ-სა და ევროკავშირის სამიტი - დასავლეთის ერთიანი პოზიცია დააფიქსიროს სწორედ დასავლური სამყაროს ლიდერმა, ჯო ბაიდენმა იმასთან დაკავშრებით, რომ კრემლის პოლიტიკა საერთაშორისო მასშტაბებში არის მიუღებელი, მათ შორის საქართველოს მიმართ და ამას ექნება საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ფასი.

„მე არ ველოდები, რომ ეს იქნება „გარღვევის" შეხვედრა, თუმცა პოზიციების გამოკვეთის მხრივ ეს იქნება საკმაოდ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი.

„მთავარი თემები იქნება მსოფლიო უსაფრთხოების და კიბერუსაფრთხოების საკითხები. რუსეთი ამ შეხვედრებს უყურებს იმ კონტექსტში, რომ მოხდეს გავლენის სფეროების გაყოფა, ხოლო ბაიდენის ადმინისტრაციისთვის ეს სრულიად მიუღებელია. ამიტომ გავლენის სფერობზე შეთანხმება ნამდვილად არ მოხდება,

„შესაძლოა მოხდეს გარკვეული ძვრები ბირთვული თემატიკის მიმართულებით, თუმცა ერთი შეხვედრით ყველაფერი ვერ გადაწყდება. თუმცა ეს შეხვედრა არის ძალიან დიდი პროცესების დასაწყისი," - ამბობს თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×