ხატია ბერიძე
24.12.2021

უკრაინა-რუსეთს შორის დაძაბულობა კიდევ უფრო მძაფრ ფაზაში შედის. ბოლო რამდენიმე კვირაა უკრაინის საზღვართან რუსი დაქირავებული სამხედროები იყრიან თავს. მათი ნაწილი აცხადებს, რომ დაქირავების იდეა უკრაინის სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრაა. ამ ფაქტს კი კრემლი კატეგორიულად ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ ჯერ ეს არ სჭირდებათ.

უკრაინა-რუსეთის დაძაბულობის ფონზე, ბოლო რამდენიმე კვირაა აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე რუსი დაქირავებული სამხედროები იყრიან თავს. როიტერზი ამ ინფორმაციას ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, მათ შორის სამი ანონიმი დაქირავებული მებრძოლია.

ისინი აცხადებენ, რომ რეკრუტერებისგან დონბასში მიწვევის შეთავაზება მიიღეს. დამქირავებლის ვინაობა მათთვისაც უცნობია. სამი პირიდან ორი დათანხმდა შეთავაზებას, ერთმა კი უარი თქვა.

„ყველას იკრებენ, ვისაც სამხედრო გამოცდილება აქვს, სრული ანშლაგია." - განაცხადა როიტერზის წყაროებიდან ერთ-ერთმა დაქირავებულმა მებრძოლმა. მან ასევე თქვა, რომ აქამდეც უბრძოლია სირიასა და უკრაინაში, რუსული სამხედრო დანაყოფში. მან არ დაასახელა კონკრეტული კერძო კომპანიები. იგი ლუგანსკში, სეპარატისტების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთიდან აპირებს გადასვლას.

ასევე ერთ-ერთი წყაროს თქმით, დაქირავებული სამხედროების მოხმობის მიზანი უკრაინის სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრაა. რამდენიმე ანონიმური წყარო კი აცხადებს, რომ ეს მოხმობა თავდაცვისთვისაა მომართული და მათ არ იციან რუსეთის უკრაინაზე შესაძლო თავდასხმის გეგმების შესახებ.

ამ ინფორმაციას უარყოფს საერთაშორისო უსაფრთხოების ოფიცრების საზოგადოების ხელმძღვანელი ალექსანდრ ივანოვი.

„ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუს კონტრაქტორ სამხედროებს წარმოადგენს და არ არსებობს ერთი მტკიცებულებაც, რომ რუსი დაქირავებული მებრძოლები უკრაინაში გადადიან", - ამბობს ივანოვი.

დაქირავებულ სამხედროებთან კავშირს უარყოფს სეპარატისტული ჯგუფის, დონბასელი მოხალისეების კავშირის მეთაურიც, ალექსანდრ ბოროდაი, რომელიც რუსეთის მმართველი პარტიის, ერთიანი რუსეთის წევრია. ის, ასევე, დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ყოფილი ე.წ. პრემიერია.

„თუ საჭირო იქნება, ხალხს მოვიხმობთ, მაგრამ ამჟამად არავინ მოგვიწვევია", - ამბობს ბოროდაი.

რუსულ დაქირავებულ სამხედროებს ბრალს უშუალოდ კრემლთან კავშირში დებენ, რასაც მოსკოვი უარყოფს.

ამ სამხედრო რაზმებიდან ყველაზე ცნობილია ვაგნერის ჯგუფი, რომელთაც ბრალი ედებათ სამხედრო დანაშაულების ჩადენასა და ადამიანთა უფლებების დარღვევაში უკრაინაში, სირიაში, ლიბიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

დაჯგუფება „ვაგნერს" რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებულ ბიზნესმენს, ევგენი პრიგოჟინს უკავშირებენ. ევროკავშირის ანგარიშის თანახმად, დაჯგუფებას სწორედ პრიგოჟინი აფინანსებს. მას ევროკავშირის და აშშ-ს სანქციები უკვე დაწესებული აქვს, ლიბიაში მდგომარეობის დესტაბილიზაციისა და აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის. პრიგოჟინი ვაგნერთან კავშირს უარყოფს.

პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, ვაგნერის გარდა დონბასში ამ დროისთვის სამი კერძო სამხედრო კომპანიის დანაყოფებია განლაგებული. ინფორმაცია, რომ რუსი დაქირავებული სამხედროები უკრაინის საზღვართან იკრიბებიან, რეალურია, რადგან შეიძლება ამ ყველაფერს უკრაინის დესტაბილიზაციისთვის აკეთებენ. ცხადია ამას რუსეთი უარყოფს და მის სამომავლო გეგმებს არ გაახმოვანებს, მაგრამ ის ფაქტი, რომ დონბასიდან დაქირავებული სამხედროები ხშირად ნაწილდებიან ცენტრალურ აფრიკაში, ლიბიაში, სირიაში და ა.შ., ეს მართალია ", - განაცხადა მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×