თეონა ვეშაგური
12.04.2022

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ნეგატიურ რეაქციას ნატო-ში ფინეთის შესაძლოა გაწევრიანებაზე უკვე კონკრეტული და შემაშფოთებელი გაგრძელება მოჰყვა. ინტერნეტში გაჩნდა რუსული სამხედრო ტექნიკის ფინეთის საზღვრისკენ გადაადგილების კადრები. ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" საუბრისას ამას ფსიქოლოგიურ ზეწოლად აფასებს, რადგანაც, მისი თქმით, უკრაინასთან სისხლისმღვრელ ომში ჩართულ რუსეთს კიდევ ერთ ქვეყანაზე თავდასხმის ძალა რეალურად აღარ აქვს.

ბრიტანული „დეილი მეილის" ცნობით, ორშაბათს ღამით ინტერნეტშ გაჩნდა უცნობი წარმომავლობის ვიდეოკადრები, რომელზეც რუსეთის ტერიტორიაზე, ფინეთის საზღვართან, დედაქალაქ ჰელსინკისკემ მიმავალ ავტომაგისტრალზე რუსული საბრძლო შეიარაღება გადაადგილდება.

კადრებში ჩანს ორი ერთეული სანაპირო თავდაცვის რუსული სარაკეტო სისტემა „კ-300პ ბასტიონი", რომელიც გამოიყენება მოწინააღმდეგის სამბრძოლო ხომალდების, მათ შორის ავიამზიდების წინააღმდეგ. ასევე მკაფიოდ ჩანს გზის მაჩვენებელი, რომელზეც მითითებულია, რომ „ჰელსინკიმდე დარჩენილია 160 კმ".

ამ კადრების გამოჩენამდე რამდენიმე საათით ადრე მოსკოვში არაორაზროვანი განცხადება გაკეთდა ფინეთის გეგმებთან დაკავშრებით, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ფინეთის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანება „არ გააუმჯობესებს" უსაფრთხოებას ევროპაში, დუმის დეპუტატმა ვლადიმერ ჯაბაროვმა კი დაამატა, რომ ეს ნიშნავს „ქვეყნის (ფინეთის) განადგურებას".

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ომის ფონზე ფინეთმა და შვედეთმა, რომელთაც ნეიტრალური სტატუსი აქვთ, სერიოზულად დაიწყეს ნატო-ში გაწევრიანებაზე ფიქრი. ამას საზოგადოებრივი აზრიც უჭერს მხარს. მაგალითად, ფინეთში ახლახანს ჩატარებული გამოკითხვით, მოსახლეობის 84% რუსეთს „მნიშვნელოვან სამხედრო საფრთხედ" მიიჩნევს, რაც 25%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით.

შიდა დისკუსიები ნატო-ს წევრობაზე განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით ფინეთშიც და შვედეთშიც უკვე დაწყებულია. ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი იმედოვნებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ზაფხულისთვის იქნება მიღებული. თავის მხრივ ნატო-ში აცხადებენ, რომ მზად არიან დაუყოვნებლივ განიხილონ ფინეთისა და შვედეთის განაცხადები და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღონ.

ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საგარეო პოლიტიკის სრულ მარცხს ნიშნავს. პუტინის მიერ უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნატო-ს შემდგომი გაფართოების აღკვეთა იყო. რეალურად კი მან საპირისპირო შედეგი მიიღო - ნატო-შ გაწევრიანება ახლა ნეიტრალურ შედეთსა და ფინეთსაც სურთ.

„ფინეთი და შვედეთი ორივე ერთად აპირებენ „ნატო"-ში შესვლას და ახლა ნამდვილად არ აქვს რუსეთს თავი, რომ უკრაინის ომის ფონზე დაარტყას სხვა ქვეყნებსაც. უბრალოდ ერთადერთი, რაც შეიძლება გააკეთოს, ეს არის პროვოკაცია, რათა დააშინოს ფინეთისა თუ სხვა ქვეყნების მოსახლეობა და რაღაც ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე, მაგრამ უკრაინის ომმა, რომლის მიზანიც ის იყო, რომ საერთოდ უარი ეთქვათ უკრაინასა სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყნებს ნატოში გაწევრიანებაზე, გამოიწვია საპირისპირო შედეგი.

„თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ ივნისში ფინეთი შევა ნატოში, ცოტა მოგვიანებით კი შვედეთი. ეს არის შედეგი იმ გაუთვლელი პოლიტიკისა, რასაც რუსეთის ხელისუფლება ახორციელებს მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში", - განაცხადა კაკაჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×