ბაჩანა ტყემალაძე
02.03.2023

რუსეთის ბრიანსკის ოლქზე უკრაინელების მხარეს მებრძოლმა რუსმა დივერსანტებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს. სოფელ ლიუბეჩანსა და სუშანიში მათ ბრძოლები გამართეს. აღნიშნული ინფორმაცია „რუს მოხალისეთა კორპუსის" ტელეგრამზე ვრცელდება, სადაც მებრძოლებმა ბრიანსკის ოლქის სოფელ ლიუბეჩანში ადგილობრივი ფოსტისა და სამედიცინო დაწესებულების ფონზე გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნეს.

ამის შემდეგ რუსულ მედიაში აქტიურად დაიწყო იმაზე საუბარი, რომ „უკრაინელმა" დივერსანტებმა სოფლებში „მძევლები აიყვანეს, დახოცეს და დახვრიტეს ადგილობრივები, მათ შორის 11 წლის ბავშვი." რუსული მედია ასევე ავრცელებს ინფორმაციას ერთ-ერთი მძევლად აყვანილი ადგილობრივის შესახებ, რომელიც რუსულ გამოცემა „რედოვკას" ესაუბრა.

მამაკაცის თქმით, ის გარეთ გასვლისთანავე ყინულზე გაიყვანეს და მუხლებზე დააყენეს - „სახლიდან გამოვედი და მეუბნებიან: „ხელები მაღლა", მამაკაცს ეგონა, რომ ისინი უკრაინელი მესაზღვრეები იყვნენ, რადგან მხრებზე ყვითელი სამკლავური ჰქონდათ. აგრეთვე მან თქვა, რომ უკრაინელმა „ბოევიკებმა" ტყვიამფრქვევებითა და ყუმბარტყორცნებით გაანადგურეს სოფელში არსებული სახლები. ამასთან ერთად, მძევლად აიყვანეს მისი ცოლ-შვილი, რომლებიც მანქანით სახლში მიდიოდნენ. მათ მანქანა დაცხრილეს, შემდეგ ქალს და ბავშს ხელბორკილები დაადეს და აიძულეს ეყვირათ „დიდება უკრაინას".

ასევე რუსულ ტელეგრამ არხებზე საუბარია იმაზე, რომ დივერსანტებმა სოფლებში გაანადგურეს გაზისა და წყლის მილები, საკომუნიკაციო საშუალებები.

ბრიანსკში მომხდარს პუტინმა უკვე ტერორისტული აქტი უწოდა, მაგრამ რუსი დივერსანტების ტელეგრამ არხზე რადიკალურად განსხვავებული ამბები ვრცელდება ბრიანსკის ოლქში გამართული ბრძოლების შესახებ.

გამოქვეყნებულ ვიდეოში ისინი აცხადებენ, რომ არიან „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის" მებრძოლები, რომლებმაც გადაკვეთეს რუსეთის ფედერაციის საზღვარი, რათა „გაათავისუფლონ თავიანთი მშობლიური მიწა". სწორედ ამისათვის, ისინი პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ უკრაინის მხარეს იბრძვიან, მაგრამ მშვიდობიან მოსახლეობას არაფერს ერჩიან.

„სწორედ ახლა ყველა ინტერნეტ-რესურსში დაინახავთ სიახლეს „უკრაინელი დივერსანტული სადაზვერვო ჯგუფის" შესახებ, რომლებმაც ბავშვები დახოცეს, აიყვანეს მძევლები, მაგრამ ამავდროულად ჩქარა წავიდნენ. ეს ყველაფერი კრემლის ტყუილია, რუსული მოხალისეთა კორპუსი ბრიანსკის ოლქში მოვიდა, რათა თანამემამულეებს აჩვენოს, რომ იმედი არსებობს, რომ თავისუფალ რუს ხალხს იარაღით ხელში რეჟიმთან ბრძოლა შეუძლია", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა კი თქვა, რომ რუსეთი თავად აწყობს პროვოკაციას, რათა გაამართლოს უკრაინაში მიმდინარე ომი.

„რუსეთის ფედერაციაში უკრაინული დივერსიული ჯგუფის შესახებ ცნობა კლასიკური გამიზნული პროვოკაციაა. რუსეთს სურს, რომ საკუთარი ხალხი დააშინოს, რათა გაამართლოს ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმა და მზარდი სიღატაკე ომის ერთი წლის შემდეგ. პარტიზანული მოძრაობა რუსეთში ძლიერდება და უფრო აგრესიული ხდება", - განაცხადა პოდოლიაკმა „ტვიტერზე".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×