ნაზი ბერიძე
18.06.2023

უკრაინელთა მიერ კონტრშეტევის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ ფრონტის ხაზზე მნიშნელოვანი ცვლილებები ჯერ არ მომხდარა. უკრაინულ არმიას ზოგიერთ მონაკვეთზე წინსვლა აქვს და რამდენიმე დასახლებული პუნქტიც გაათავისუფლეს, თუმცა რუსების ფრონტი ჯერ გარღვეული არ არის. ზოგიერთი დასავლური მედია კი იუწყება, რომ უკრაინის სარდლობამ რამდენიმე მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციები შეაჩერა და ვითარების გაანალიზების შემდეგ, კონტრშეტევის გეგმაში გარკვეული კორექტივების შეტანას გეგმავს.

დასავლური მედიის ცნობით, ბოლო ორი კვირის ბრძოლების შემდეგ ორივე მხარეს საგრძნობი დანაკარგი აქვს როგორც ცოცხალი ძალის, ასევე საბრძოლო ტექნიკის თვალსაზრისით. თუმცა, მხარეთა რესურსებიდან გამომდინარე, უკრაინელთა დანაკარგებს დასავლეთში უფრო საყურადღებოდ მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ ეს გარკვეულწილად შესაძლოა ომის მსვლელობაზეც აისახოს.

მათი შეფასებით, ბოლო ორ კვირაში გამოიკვეთა, რომ რუსებს საგრძნობი უპირატესობა აქვთ ჰაერში და არტილერიის თვალსაზრისით.

„უოლ სტრიტ ჯორნალი" წერს, რომ უკრაინა „მთელი ძალებით ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს რუსების რუსების უპირატესობას ჰაერში და არტილერიაში, რაც აფერხებს მათ შეტევას აღმოსავლეთსა და სამხრეთში".

ამავე წყაროს ცნობით, ბოლო დღეების „არაერთგვაროვანი შედეგების" გამო, უკრაინის სარდლობამ პრაქტიკულად შეაჩერა შეტევითი მოქმედებები და ამჟამად საკუთარ სტრატეგიას აანალიზებს.

„ვაშინგტონ პოსტის" შეფასებით, რუსებს 7 თვე ჰქონდათ უკრაინის კონტრშეტევისათვის მსამზადებლად. მათ დაცვის ხაზში, რომელიც ზაპოროჟიედან ბელგოროდამდეა 900 მილზე გადაჭიმული, არის სუსტი წერტილები, თუმცა რუსებმა უკვე მოახერხეს უკრაინელთა შეტევის შენელება.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად კი, უკრაინის სამხრეთის ნაწილში რუსული არმია ეფექტურ თავდაცვით ოპერაციებს აწარმოებს.

მათივე შეფასებით, დაპირისპირების ხაზზე მძიმე ბრძოლა გრძელდება, მათგან ყველაზე ინტენსიური კი - ზაპოროჟიეს ოლქში, დონეცკის ოლქის დასავლეთ რაიონებსა და ბახმუტთან.

„ყველა ამ მიმართულებით უკრაინა აგრძელებს შეტევით ოპერაციებს და მიაღწია მცირე წარმატებას ", - აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.

უკრაინელთა წარმატებას რუსული მხარეც აღიარებს. კვირას ზაპოროჟიეს ოლქის პრორუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ როგოვმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბრძოლის შედეგად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეში დასახლებული პუნქტი პიატიხატკა დაიკავეს.

„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მისი ოპერატიული კონტროლის ქვეშ მოქცევა მოახერხეს. მტრის შეტევებმა, მიუხედავად კოლოსალური დანაკარგისა, შედეგი გამოიღო", - წერს როგოვი „ტელეგრამზე".

მისი შეფასებით, თუ უკრაინა პიატიხატკში გამაგრდება, შეეცდება ჟერებიანკას მიმართულებით დარტყმის განხორციელებას და ეს გამოიწვევს იმას, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ვასილევკას შეუტევენ.

ყოველივე ამის ფონზე, ევროკავშირმა უკრაინისათვის შეიარაღების მიწოდების დაჩქარება გადაწყვიტა, რათა კონტრშეტევის ტემპი არ შენელდეს. ამის შესახებ შიდა პოლიტიკისა და სამხედრო მრეწველობის ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა ისაუბრა „ლე პარიზიენთან" ინტერვიუში.

„ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს გავააქტიუროთ ჩვენი ძალისხმევა შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების მიწოდების თვალსაზრისით. ეს მაღალი ინტენსივობის ომია, სადაც ამას გადამწყვეტი მნიშნელობა აქვს", - აცხადებს ბრეტონი.

„ეს არის გრძელვადიანი ომი მოწინააღმდეგის გამოფიტვაზე..."

ქართველი ანალიტიკოსები უკრაინელთა კონტრშეტევის შეჩერებაზე საუბარს გადაჭარბებულად მიიჩნევენ. როგორც პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, უკრაინას არ უნდა ჰქონოდა იმის ილუზია, რომ მათ კონტრშეტევას რუსები მოუმზადებელი დახვდებოდნენ. უკრაინული არმიის მთავარი მიზანი კი ამ ეტაპზე არა სწრაფი წინსვლა და ტერიტორიების გათავისუფლება, არამოდ მოწინააღმდეგის გამოფიტვაა.

„ყველა იმ ანალიტიკოსს, ვისაც ეგონა, რომ ორ კვირაში უკრაინა წარმატებებს მიაღწევდა, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს სამხედრო საქმის შესახებ. ეს არის გრძელვადიანი ომი, რომელიც ძირითადად როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მხრიდან გამოიხატება გამოფიტვითი ბრძოლის წარმოებაში. უკრაინის კონტრშეტევა პირველ ეტაპზე არ ისახავს მიზნად მაინც და მაინც ტერიტორიის დაკავებას. ეს გულისხმობს წნეხის გაზრდას რუსულ ქვედანაყოფებზე, რომ ისინი გამოიფიტონ.

„არ მგონია უკრაინელებს იმის იმის მოლოდინი ჰქონოდათ, რომ რუსეთი მათ კონტრშეტევას მოუმზადებელი დახვდებოდა. რა თქმა უნდა, რუსეთი მომზადებული დახვდა და ამ ომში სწრაფი შედეგების მიღწევა შეუძლებელია. ეს არის გრძელვადიანი ომი.

„ახლა ჩვენ რასაც რეალურად ვხედავთ და ვაკვირდებით, თუკი აქამდე უკრაინა სტრატეგიულ და თავდაცვით ოპერაციებს ამზადებდა, ახლა ნელნელა გარკვეულ მიმართულებაზე ინიციატივა აიღო თავის თავზე. მაგრამ ეს არის მცირე ზომის შეტევები ყველა მიმართულებით. მათ შორის ჩვენ ვნახეთ რეიდი ბელგოროდის ოლქში და ასევე შეიძლება ვნახოთ კურსკის ოლქში.

„ეს ყველაფერი გათვლილია იმაზე, რომ რუსებმა რაც შეიძლება ბევრი მიმართულებით გადაანაწილონ თავისი რესურსი. რუსეთს საკმაოდ ჰყავს ავიაციაც და არტილერიაც, თუმცა მათი სუსტი მხარე ამ ომში არის მომზადებული ცოცხალი პირადი შემადგენლობა, რომელიც უკვე არ ჰყავს საკმარისი რაოდენობით. რაც უფრო ეს ომი გაგრძელდება, მით უფრო გაუჭირდება ამ დანაკარგების შევსება. სწორედ ამიტომ ააფეთქეს ნოვო კახოვკის კაშხალი, რითაც ფაქტიურად ის მიმართულება დიდი ხნით გადაკეტეს და მცირე ძალებით შეუძლიათ მისი დაცვა. პირადი შემადგენლობის ძირითადი ნაწილი კი გადმოიყვანეს სამხრეთის მიმართულების აღმოსავლეთ ნაწილში, რათა გაამაგრონ თავდაცვითი ზოლი.

„გაგრძელება ექნება ამას ზუსტად ისეთი, როგორც ვამბობ - გარკვეულ მიმართულებაზე უკრაინა შეუტევს, გარკვეულ მიმართულებაზე გაგრძელდება კონტაქტური ბრძოლები, ჩვენ კიდევ ვიხილავთ რეიდს ბელგოროდის ოლქში და კურსკის ოლქშიც, რათა რუსებმა მაქსიმალურად გადაიტანონ ყურადღება სხვადასხვა მიმართულებაზე. პარალელურად უკრაინა დაელოდება ახალი შეიარაღების ეტაპობრივად მიწოდებას. მაგრამ ომი სწრაფად არ დამთავრდება, ამის მოლოდინი არ აქვთ არც უკრაინელებს და არც არავის", - აცხადებს ბერიძე.

იგი არადამაჯერებლად მიიჩნევს, დასავლური მედიის ცნობებს უკრაინელთა კონტრშეტევის შეჩერების შესახებ, თუმცა არ გამორიცხავს, რომ საბრძოლო ვითარების ანალიზისა და შეფასების შემდეგ, კონტრშეტევის გეგმაში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.

„ძალიან ძნელი სათქმელია უკრაინელები შეცვლიან თუ არა ტაქტიკას და სტრატეგიას. სტრატეგია არ შეიცვლება, მაგრამ ტაქტიკური ცვლილებები იქნება სხვადასხვა სახით და ალბათ უკრაინა კიდევ უფრო მოუმატებს შეტევის ტემპს.

„როგორ წარმოგიდგენიათ კონტრშეტევის შეჩერება. ამ ომის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ დღესდღეობით ამის ალბათობა ნულის ტოლია. სანამ პუტინია რუსეთის ხელისუფლებაში, ისინი არ აპირებენ უკრაინის ტერიტორიის იოლად დატოვებას. უკრაინა კი აპირებს, რომ ახლა დაამთავროს ყველაფერი და ეს კონფლიქტი მომავლისთვის არ გადადოს. ყველანაირი რესურსი უკრაინას აქვს, რომ ბოლომდე გავიდეს და გაიმარჯვოს და რატომ გაჩერდება?!", -განაცხადა „რეზონანსთან" ლაშა ბერიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×