ნაზი ბერიძე
23.06.2023

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ განაცხადა, რომ აუცილებელია რუსეთის რაც შეიძლება მალე შეჩერება, რადგან მან შესაძლოა უკრაინის მთელი ტერიტორიის დაპყრობის შემდეგ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მიმართაც განახორციელოს აგრესია - დუდამ რუსეთი შეადარა „გარეულ მხეცს, რომელიც ჭამს ადამიანს".

„რუსეთს არ უნდა მივცეთ გამარჯვების უფლება, რადგან ის გააგრძელებს წინსვლას. ეს ხელს შეუწყობს მის იმპერიალიზმს. ის ჰგავს მხეცს, რომელიც შეჭამს ადამიანს. თუ მხეცი შეჭამს ადამიანს, ჩვეულებრივ ამბობენ, რომ ის არის მიჩვეული ადამიანის ხორცის ჭამას, და უნდა მოკლა, იგივეა რუსეთთან დაკავშირებით", - აღნიშნა მან.

პოლონეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორც კი რუსეთი გონს მოეგება, ის თავს დაესხმება უკრაინის დანარჩენ ტერიტორიას, შემდეგ პოლონეთს, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და საბჭოთა კავშირის ყოფილ სახელმწიფოებს.

"შესაძლოა დასავლეთს ეს არ ესმის, მაგრამ ჩვენ ეს კარგად ვიცით. ეს არის აუცილებელი პირობა ამ ომის წარმატებული და სამართლიანი დასასრულისთვის. როგორი უნდა იყოს ეს? უნდა აღდგეს საერთაშორისო სამართალი. საერთაშორისო სამართალი აღდგება მაშინ, როცა რუსეთი უკრაინის ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან იქნება გაძევებული", - თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილი ნამდვილად აქვს, თუმცა, დასავლეთმა ის უნდა შეაჩეროს, სანქციებით და სხვადასხვა მექანიზმებით. განსაკუთრებით საშიშ ზონაშია საქართველო, ამითომ საქართველოს ხელისუფლება არის ფრთხილი თავის ქმედებებში, რომ არ გამოიწვიოს აგრესორის გაღიზიანება.

„პოლონეთის პრეზიდენტის დუდას და სხვა დასავლელი ლიდერების შეშფოთება საკმაოდ ლეგიტიმური და სამართლიანია. ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ აგრესორი პუტინის მადა არ ჩერდება. ვფიქრობ, უკრაინის მთლიანად დაპყრობა მას ძალიან გაუჭირდება უწინარესად უკრაინელი ხალხის მტკიცე წინააღმდეგობისა და დასავლეთის მხრიდან მრავალმხრივი მხარდაჭერის გამო. თუმცაღა, ის, რომ პუტინი უნდა შეაჩერონ, ამას სჭირდება უწინარესად ქმედითი სანქციები და არა ის შავი ხვრელები, რომელიც არსებობს დასავლეთსა და რუსეთს შორის სანქციების მიუხედავად.

„ვგულისხმობ იმას რომ დასავლურ მედიაში არაერთი სტატია გამოქვეყნდა იმის შესახებ რომ სხვადასხვა გზებით რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსში ხვდებიან დასავლური სათადარიგო ნაწილები, რომლებითაც კეთდება რუსული რაკეტები და რუსული იარაღი. ეს დაუშვებელია და ეს უნდა აღმოიფხვრას, ყოველ მიზეზგარეშე.

„რაც შეეხება პუტინის მადას, ამას წინათ ძალიან სიმბოლური და გამომწვევი იყო სანკტ პეტერბურგში რუსეთის იმპერიის, მათ შორის საბჭოთა კავშირის დროშების, დიდ მაღალ ფლაგშტოკებზე აფრიალება ეს ძალიან სიმბოლურია და ეს მიანიშნებს რომ პუტინის მადა არ ჩერდება, ჩვენ ვიცით რომ პუტინისთვის გლობალური კატასტროფა იყო საბჭოთა კავშირის დანგრევა და ამ საბჭოთა კავშირის აღდგენაზე პროპაგანდირებს ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკოც.

„ამიტომ ვამბობ, რომ პოლიტიკური მადაც ჭამაში მოდისო და ისინი არიან შესაჩერებლები. დასავლეთმა არსებული მექანიზმები და ბერკეტები უნდა აამუშაოს სრულყოფილად, რათა აგრესორი პუტინის ზრახვები, საბჭოთა კავშირის აღდგენისკენ, რომელიც მან დაიწყო, უკრაინის ნაწილობრივი ოკუპაცია-ანექსიით, შეაჩეროს.

„საქართველო დგას ბეწვის ხიდზე. თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში დგანან რუსული ტანკები, როდესაც მოეპრიანება და თუ რაღაცა საქართველოს ქმედებები არ მოეწონა, მას შეუძლია მარტივად პროვოკაცია მოაწყოს და გადაკეტოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანი, ან გადავიდეს მომდევნო სამხედრო აგრესიაზე, რაც დაუშვებელია.

„ბეწვის ხიდზე უწევს საქართველოს სახელმწიფოს გავლა, ამიტომაც საჭიროა რომ მშვიდობისკენ მიმართული ნაბიჯები უფრო აქტიური იყოს, და ამას ხელისუფლება აკეთებს" - განაცხადა „რეზონანსთან" გია აბაშიძემ.

საერთაშორისო ურთიერთობის ექსპერტი ნიკა ჩიტაძე, „რეზონანსთან" რუსეთის ოცნებებს საბჭოთა კავშირის აღდგენის თაობაზე, ამ ეტაპისთვის არარეალურად მიიჩნევს, რადგან ის დასუსტებულია, როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა, საფრთხის მინიმალური შანსი არსებობს.

„საფრთხე არსებობდა, იმისა, რომ რუსეთს გაეკეთებინა ყველაფერი, რომ აღდგენილიყო საბჭოთა კავშირი - როდესაც თავს დაესხა უკრაინას, ის იმედოვნებდა, რომ კიევს რამდენიმე დღეში აიღებდა, შემდეგ რა თქმა უნდა, დასვამდა უკრაინაში საკუთარ მარიონეტს, მაგალითად, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, სახელმწიფოს ღალატით ძებნილ ვიქტორ იანუკოვიჩს და შემდეგ რუსეთი, ბელორუსი და უკრაინა ხელს მოაწერდნენ ხელშეკრულებას ბელოვეჟის შეთანხმების დენონსირების შესახებ.

„აქედან გამომდინარე გამოცხადდებოდა საბჭოთა კავშირის აღდგენა. ანუ, რუსეთი ულტიმატუმებს წაუყენებდა საქართველოს, კავკასიის რესპუბლიკებს, ცენტრალური აზიის რესპუბლიკებს და მთავარი მაინც უკრაინა იქნებოდა.

„ეს ვითარება დღეს შედარებით უფრო გამოსწორებულია, იქედან გამომდინარე, რომ რუსეთი სუსტდება, როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, ასე რომ რუსეთს შედარებით ნაკლები რესურსი ექნება რომ მოახდინოს სხვა ქვეყნების ოკუპაცია.

„თუმცა საფრთხე მაინც არსებობს - მაგალითად საქართველო რომ ავიღოთ, თუ ვთქვათ უკრაინაში მოიგო ომი რუსეთმა და იმედია რუსეთი უკრაინაში ვერ მიაღწევს წარმატებას, რუსეთმა რომ რაღაცა კომპენსაცია მიიღოს, როგორმე გამოვიდეს გამარჯვებული, შეიძლება გამოაცხადოს ცხინვალის რეგიონი რუსეთის ფედერაციის შემადგენელ ნაწილად. თუ დაიპყრო უკრაინა, ხომ იცით მადა ჭამაში მოდისო, მით უმეტეს უკრაინა არის წინაღობა, უკრაინა არის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო სამხედრო თვალსაზრისით პოსტსაბჭოთა სივრცეში.

„რუსეთი უკრაინის დაპყრობას დღეს ვერ მოახერხებს. როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, 2022 წლის 22 თებერვალს, კონტროლი დაამყარა დაახლოებით უკრაინის ტერიტორიის 28%-ზე. მაგრამ დღეს რუსეთი აკონტროლებს უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 18%-ს. დაახლოებით 2000 დასახლებულ პუნქტზე რუსეთმა კონტროლი დაკარგა, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი სუსტდება სამხედრო თვალსაზრისით.

„რაც შეეხება ეკონომიკას, რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, შემცირდა 1,8%-ით და ბიუჯეტის დეფიციტმა გადააჭარბა 3 ტრილიონ რუბლს, რაც არის დაახლოებით 40 მილიარდი დოლარი. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ გააჩნია რესურსი რომ საბრძოლო მოქმედებები გააგრძელოს, მაგრამ, ფაქტია, რომ რაც უფრო რუსეთი სუსტდება, საქართველოსთვის და სხვა რესპუბლიკებისთვის საფრთხის ალბათობა კლებულობს" - განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×