ნაზი ბერიძე
25.06.2023

24 ივნისს რუსეთში დაწყებული სამხედრო გადატრიალების ფონზე, უკრაინის არმიის აღმოსავლეთის დაჯგუფებამ ახალი შეტევა წამოიწყო. ამის შესახებ განცხადება კიევში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმა გააკეთა. პარალელურად რუსი სამხედრო მიმომხილველები იუწყებიან, რომ შაბათს უკრაინულმა ძალებმა დნეპრის ფორსირება სცადეს და ქალაქ ხერსონთან, მწყობრიდან გამოსული ანტონოვის ხიდის მახლობლად, მდინარის მეორე ნაპირზე 3 ტანკი და ცოცხალი ძალის გარკვეული რაოდენობა გადაიყვანეს.

ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი, რომ ბოლო 3 კვირის განმავლობაში სამხრეთში, ზაპოროჟიეს ოლქში არც ისე წარმატებული შეტევის შემდეგ უკრაინელების სარდლობამ კონტრშეტევის მიმართულება შეცვალა? ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ აღმოსავლეთში უკრაინის არმიის გააქტიურება კონტრშეტევის ახალ ფაზად, ან ახლა სამხედრო ოპერაციად არ უნდა განვიხილოთ. უბრალოდ, უკრაინელები უტევენ ყველა მიმართულებით, სადაც კი შეუძლიათ და შესაძლოა, სწორედ აღმოსავლეთში გააჩინეს ბზარი რუსების დაცვაში, რის შედეგადაც ამ მიმართულებაზე დაწოლა გააძლიერეს.

დნეპრის ფორსირების დაწყება კი ახლანდელ პირობებში, როდესაც კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ მდინარის ნაპირები დაჭობებულია, მათ შეუძლებლად მიაჩნიათ.

ანა მალიარის ცნობით, 24 აგვისტოს უკრაინის არმია აღმოსავლეთში 6 ახალი მიმართულებით გადავიდა შეტევაზე. ესენია ბახმუტი, ორეხოვო-ვასილევკა, ბოგდანოვკა, იაგოდნოე, კლეშჩიევკა და კურდიუმოვკა.

„ყველა ამ მიმართულებით გვაქვს წინსვლა", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მისივე ცნობით, სამხრეთში ასევე გრძლედება მძიმე ბრძოლები.

გარდა ამისა, 24 ივნისს უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოფიციალურად დაადასტურეს დონეცკის ოლქის სოფელ კრასნოგოროვკას მახლობლად მდებარე ტერიტორიის გათავისუფლება, რომელიც რუსი ოკუპანტების მიერ 2014 წლიდან კონტროლდებოდა.

ბრიტანული დაზვერვა კი თავის ტრადიციულ ანგარიშში წერს, რომ უკრაინელებმა ძალების გადაჯგუფება მოახდინეს და სამხრეთსა და აღმოსავლეთში სამი მიმართულებით დაიწყეს დიდი შეტევითი ოპერაცია.

„უკრაინის ძალებმა გაითვალისწინეს კონტრშეტევის პირველი ორი კვირის გამოცდილება, რათა შეემუშავებინათ რუსების ღრმა და კარგად ორგანიზებულ დაცვაზე იერიშის ახალი ტაქტიკა", - წერია ბრიტანეთის დაწვერვის ანგარიშში.

მათივე ცნობით, უკრაინელები თანდათანობით აღწევენ „განუხრელ ტაქტიკურ წარმატებას" ყველა საკვანძო მიმართულებაზე.

გარდა ამისა, რუსულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქში, კრემენნაიასთან მდებარე ე.წ. ვერცხლის ტყეში წამოიწყეს შეტევა და გარკვეული წარმატებაც აქვთ, თუმცა უკრაინელებმა მათ აქ ფრონტის გარღვევის საშუალება არ მისცეს.

შეიცვალა თუ არა კონტრშეტევის მთავარი მიმართულება

გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ თუ ადრე სამხრეთის მიმართულება იყო პრიორიტეტული და ახლა აღმოსავლეთით დაიწყეს სვლა უკრაინელებმა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი სხვა მიმართულებებზე არ იბრძვიან. ისინი დაიწყებენ ფრონტის გარღვევას იქ, სადაც რუსების სისუსტე გამოჩნდება.

„ამას ახალ კონტრშეტევას ვერ დავარქმევთ. ალბათ, სადაც ნახეს უკრაინელებმა მოწინააღმდეგის სისუსტე, იქ გააძლიერეს დაწოლა, მოახდინეს კონცენტრირება და ბახმუტის დაბრუნებას ცდილობენ, რომელიც უკვე საკრალური მნიშნელობის გახდა. იქ თუ გავიდნენ, შეიძლება სამხრეთისკენ რუსების რაღაც დანაყოფი მოაქციონ ალყაში, ჯერჯერობით ასეა.

„უკრაინელები აღმოსავლეთით რამდენიმე მიმართულებით უტევდნენ, მაფორმირებელ ოპერაციას ახორციელებდნენ, ანუ ამზადებდნენ კონტრშეტევას. შესაბამისად, ჩათვალეს, რომ ამ მიმართულებაზე მათ გარკვეული უპირატესობა აქვთ, რუსეთის თავდაცვა ამ წერტილებში სუსტია და კონცენტრირდნენ ამ მიმართულებაზე.

„სევერსკი დონეცკის ერთი ნაპირი გაწმინდეს რუსებისაგან, რაც ნიშნავს, რომ დარჩა მდინარის აღმოსავლეთის ნაპირი, ბახმუტის მიმართულებაზე გადადიან და მიიწევენ წინ. დიდი წინსვლა, როგორც მე ვიცი, არ აქვთ.

„ყველაფერს დრო გვაჩვენებს. მიმდინარეობს და თუ უკრაინელებმა სადღაც მოახერხეს გარღვევა, შემდეგ მოიმატებს შეტევის ტემპიც. თუ გარღვევას ვერ მოახერხებენ, იქნება თანდათანობით მეთოდური შეტევები", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ კაპანაძემ.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ აღმოსავლეთის ფრონტზე შეტევის დაწყება ცალკე აღებულ ახალ სამხედრო ოპერაციად არ უნდა განვიხილოთ. მისი შეფასებით, უკრაინელები ახლაც იმას აკეთებენ, რასაც მთელი ივნისის განმავლობაში - უტევენ ყველა მიმართულებით, სადაც კი შეუძლიათ.

„არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ სადმე ახალი კონტრშეტევაა დაწყებული. რეალურად რასაც უკრაინელები ახორციელებენ, ისინი ცდილობენ ყველა შესაძლო მიმართულებაზე შეუტიონ. ეს აშკარაა პირველი დღიდან. უბრალოდ, ზოგიერთ მიმართულებაზე შედარებით ძლიერი პოზიციები აქვთ და ზოგიერთ მიმართულებაზე უფრო თავდაცვაში არიან, მაგრამ ყველა მიმართულებაზე ცდილობენ მაღალი ინტენსივობით აწარმოონ ბრძოლა. შედეგად რუსებს ძალიან გაუჭირდებათ თავდაცვითი ზოლის მართვა და კონტროლი, გამოჩნდება ბზარები რუსეთის თავდაცვის ზოლში, რასაც შემდეგ უკრაინა გამოიყენებს. ამიტომ რაიმე ერთი მიმართულება კონტრშეტევისთვის ძალიან მცდარია, არც არასდროს გაჟღერებულა და მე ვფიქრობ, სწორედ ეს ხდება - უკრაინა უტევს ყველა მიმართულებით, სადაც კი შეუძლია შეუტიოს.

„აღმოსავლეთით უკრაინელების პერსპექტივაზე არ არის საქმე. რუსეთს აქვს მოწყობილი ძალიან ძლიერი თავდაცვითი ზოლი თავისი დანაღმული ველებით, ფორტიფიკაციური ნაგებობებით და ა.შ. ერთი მიმართულების არჩევა და მარტო იქ შეტევა დამღუპველი იქნება, რადგან თავდაცვითი რესურსის კონცენტრაციას რუსეთი სწორედ იქ მოახდენს. ბევრ მიმართულებაზე შეტევა კი გულისხმობს, რომ რუსეთს არ შეუძლია მოახდინოს თავდაცვის კონცენტრაცია და იძულებულია გაშალოს ყველგან თავისი ძალები. ასეთ სიტუაციაში რუსეთს უჭირს მართვა და კონტროლი", - განაცხადა „რეზონანსთან" ლაშა ბერიძემ.

დაიწყო თუ არა დნეპრის ფორსირება

გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე დნეპრის ფორსირებას არ გამორიცხავს, თუმცა, მისი თქმით, ამ ეტაპზე დნეპრის მარცხენა ნაპირი დატბორილია, რაც უკრაინელი მოიერიშეებისათვის დაბრკოლებას ქმნის.

„ძალიან რთული საკითხია. დნეპრზე დაჭირდებათ საპონტონე გადასასვლელების მოწყობა, ჯერჯერობით დატბორვის შემდეგ დნეპრის მარცხენა ნაპირი დაჭაობებულია. თუ გადავლენ დნეპრზე, შეუტევენ ხერსონის ოლქის დარჩენილ ნაწილს. ძალიან კარგი მიმართულება ექნებათ დამატებით ზაპოროჟიესთან ერთად", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ კაპანაძემ.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ დღეისათვის დნეპრის ფორსირება პრაქტიკულად წარმოუდგელია. მისი აზრით, შესაძლოა საუბარი იყოს მდინარის მეორე ნაპირას მცოლოდ ცოცხალი ძალის შეზღუდული კონტიგენტის გადასროლაზე.

„ფორსირება მემგონი ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი. ფორსირება ნიშნავს სამხედრო ტექნიკის და ძალების გადაყვანას მეორე ნაპირზე. ნოვოკახოვკას ხიდი განადგურებულია. ერთადერთი ტექნიკური საშუალება, რასაც მე ვიცნობ, ეს არის პონტონების საშუალებით ფორსირება.

„პონტონური ხიდის აღება ძალიან სარისკოა, იმიტომ, რომ რუსეთს მეორე ნაპირზე ჰყავს გარკვეული ძალები დარჩენილი, განსაკუთრებით არტილერია, რომელიც შეტევას მიიტანს ამ ხიდზე, ან სარაკეტო დარტყმას განახორციელებს. ძალიან სწრაფადაც პონტონურ ხიდს ვერ ააგებ და ის შეუმჩნეველი არ დარჩება. ამიტომ, მე ვფიქრობ, გარკვეულ ქვეითთა ნაწილებს გადაიყვანენ უკრაინელები, რომ ბრძოლები აწარმოონ, მაგრამ ჯერჯერობით ფორსირებისათვის ნიადაგი არ არის", - განაცხადა „რეზონანსთან" ლაშა ბერიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×