ნაზი ბერიძე
28.06.2023

ხერსონის ჩრდილოეთი მდებარე ანტონოვკის ხიდის მიდამოები შესაძლოა ახლო მომავალში საკვანძო დაპირისპირების ადგილი გახდეს. აქ უკრაინელებმა დნეპრის მარცხენა ნაპირზე პლაცდარმის მოწყობა შეძლეს, რაც მათ მნიშნელოვან უპირატესობას აძლევს, რუსებს კი სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ფრონტზე კი ზოგადად პოზიციური ბრძლები გრძელდება, რასაც სამხედრო ანალიტიკოსები „რეზონანსთან" საუბრისას ბუნებრივად მიიჩნევენ, რადგანაც, მათი შეფასებით, ამჟამად კონტრშეტევა, პრაქტიკულად, შეჩერებულია და მიმდინარეობს ბრძოლა მოწინააღმდეგის გამოფიტვაზე, რაზეც ოთხშაბათს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმაც გააკეთა მინიშნება.

„ფაინენშალ თაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში რეზნიკოვი ახლო მომავალში უკრაინულთა მასშტაბურ სამხედრო ქმედებებს აანონსებს, რომელიც, მისი თქმით, შთამბეჭდავად შედეგიანი იქნება. რეზნიკოვი აცხადებს, რომ ჯერ მსოფლიოს არ უნახავს უკრაინის რეალური შესაძლებლობები და სამხედრო პოტენციალი, რასაც მალე ნახავს.

„მოკრძალებული წარმატება არ არის მთავარი მოვლენა და როცა ეს მოხდება, თქვენ ყველაფერს დაინახავთ. ყველა ყველაფერს დაინახავს", - განაცხადა მინისტრმა რეზნიკოვმა

მისივე ცნობით, უკრაინელთა ძირითადი რეზერვი, მათ შორის დასავლეთში ახლახან გაწვრთნილი და ნატოს თანამედროვე ტანკებითა და ჯავშანტექნიკით აღჭურვილი ბრიგადების უმეტესობა, ჯერ არ არის ჩართული ოპერაციაში.

მინისტრის თქმით, პროგოჟინის ამბოხმა აშკარად ცხადყო რუსეთის სისუსტე, თუმცა არ შეუცვლია ვითარება ბრძოლის ველზე.

რაც შეეხება უკრაინელების მიერ დნეპრის მარცხენა ნაპირზე მოწყობილ პლაცდარმს, ეს ოპერაცია გასულ კვირას დაიწყო. რუსი სამხედრო მიმომხილველები წერენ, რომ მწყობრიდან გამოსულ ანტონოვის ხიდს უკრაინელები თავდაცვის საშალებად იყენებენ და სწორედ ხიდის ქვეშ გასაბერი ნავებით გადაჰყავთ ცოცხალი ძალა მეორე ნაპირას. მათივე ცნობით, მათ პონტონური ხიდის მოწყობაც შეძლეს და დნეპრზე რამდენიმე ტანკიც გადაიყვანეს.

ამ პლაცდარმიდან მომდინარე საფრთხეებს რუსებიც კარგად აცნობიერებენ. მაგალითად, რუსი სამხედრო ექსპერტი და პორტალ „მილიტარი რაშას" შემქმნელი დმიტრი კორნევი სასწრაფოდ ითხოვს პლაცდარმის განადგურებას.

„იქ, სადაც მდებარეობს ანტონოვის ხიდი, უკრაინის შეიარაღებული ძალები ჩვენს ნაპირზე პლაცდარმს ქმნიან. თუ ეს პლაცდარმი არ განადგურდება, მოსალოდნელია გართულებები სწორედ ამ რაიონში. შესაძლოა ჩვენ მოგვიწიოს აქ რეზერვის გადასროლა, ავიაციისა და სარაკეთო ჯარების მობილიზაცია, რათა აღვკვეთოთ დესანტის გადმოსხმა", - განაცხადა კორნევმა.

კრამატორსკის ტრაგედია

ყოველივე ამის პარალელიურად, 27 ივნისის რუსებმა ქალაქ კრამატორსკზე განახორციელეს სარაკეტო დარტყმა. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, დაიბომბა კაფე და საცხოვრებელი სახლი. დაიღუპა 10 და დაიჭრა 60-მდე ადამიანი. დაღუპულებს შორის 3 არასრულწლოვანია - 14 წლის ტყუპი დები და 17 წლის გოგონა .

კრამატორსკში დაჭრილებს შორის 3 კოლუმბიის მოქალაქეა. „ბიბისის" ლათინურ ამერიკაში უკრაინის მხარდამჭერი ორგანიზაციიდან „Aქუანტა Uცრაინა" აცნობეს, რომ დაიჭრნენ ორგანიზაციის დამფუძნებელი, კოლუმბიელი დეპუტატი სერხიო ხარამილიო, მწერალი ეკტორ აბადი და ჟურნალისტი კატალინა გომესი. დაჭრილია მათი თანმხლები უკრაინელი მწერალი ვიქტორია ამელინაც, რომლის მდგომარეობა მძიმეა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კრამატორსკზე სარაკეტო დარტყმას უწოდა ტერორის კიდევ ერთი გამოვლინება, და რომ რუსეთი უნდა დაისაჯოს სპეციალური ტრიბუნალით.

უკრაინელთა პლაცდარმი და პოზიციური ომი გამოფიტვაზე

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას დნეპრის მეორე ნაპირზე უკრაინელების მიერ პლაცდარმის მოწყობაზე აკეთებს აქცენტს, რაც მომავალში შესაძლოა გარკვეული წარმატების საფუძველი გახდეს. ამასთან, მისი აზრით, უკრაინის თვადაცვის მინისტრმა რეალური ვითარება აღწერა, როდესაც თქვა, რომ ამჟამად კონტრშეტევა, ფაქტიურად არ მიმდინარეობს.

„სიტუაცია მეტ-ნაკლებად სტაბილურია. უბრალოდ, ყოფილი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის მიდამოებში, ანტონოვის ხიდთან, ხერსონის ჩრდილოეთით უკრაინელებმა შექმნეს საკმაოდ საინტერესო პლაცდარმი, რომელმაც შეიძლება მათ გარკვეული წარმატება მოუტანოს. სხვა მიმართულებით უკრაინელებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის აბსოლუტურად პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს.

„რაც შეეხება კრამატორსკს, რუსებმა თქვეს, რომ გაანადგურეს უცხოელი მებრძოლების რაღაც ბაზა, ხოლო უკრაინელები ამბობენ, რომ მოხდა მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა. ეს რუსების საინფორმაციო ბრძოლის მეთოდია - მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვით ცდილობენ გადაფარონ პრიგოჟინის ამბოხის მომენტები. რუსები ახლა ყველაფერზე წავლენ. მათ სერიოზული მორალური დარტყმა მიიღეს და ფაქტიურად პუტინი გადაიქცა „კოჭლ იხვად", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძეც „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უკრაინის კონფლიქტში ვითარების განვითარების ნელი ტემპი განპირობებულია იმით, რომ ეს არის ომი გამოფიტვაზე.

„ჯერჯერობით ძალიან ნელი ფაზით და სწორად მიდის საბრძოლო მოქმედებები. ეს არის ომი გამოფიტვაზე და მე ამას კონტრშეტევას არც ვარქმევ ზოგადად. უბრალოდ, მაღალი ინტენსივობის ბრძოლას სთავაზობს უკრაინა მოწინააღმდეგეს.

„გარკვეული დასახლებული პუნქტები იქნა გათავისუფლებული სამხრეთის მიმართულებაზე, ასევე დონეცკის და ზაპოროჟიეს ილქების საზღვარზე. ასევე ბახმუტის მიდამოებში უკრაინელებმა გარკვეული წინსვლა განახორციელეს.

„ომი გრძელდება და იმ ტემპით გრძელდება, როგორც მოსალოდნელი იყო", - განაცხადა „რეზონანსთან" ლაშა ბერიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×