ნაზი ბერიძე
29.06.2023

უკრაინაში მოქმედი რუსული ძალების დაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის მოადგილე, გენერალი სერგეი სუროვიკინი შესაძლოა „ვაგნერის" აჯანყების საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. ამ საკითხზე ხელისუფლების წარმომადგენლები დუმილს ინარჩუნებენ, მედიაში კი ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ცნობები შესაძლოა რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მასშტაბური წმენდის დასაწყისი იყო. ხოლო როგორ აისახება ეს წმენდა რუსეთის შიდა ვითარებასა და უკრაინაში ომის მომდინარეობაზე, ჯერჯერობით რთული სათქმელია.

გენერალი სუროვიკინი იმითაა ცნობილი, რომ 2023 წლის იანვრამდე უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს სწორედ ის ხელმძღვანელობდა და სწორედ ამ პერიოდს უკავშირება რუსების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩავარდა ამ ომში - როდესაც რუსულმა გარნიზონმა უბრძოლველად დატოვა ქალაქი ხერსონი.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ სუროვიკინს საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა „ვაგნერის" ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინთან. ბოლო თვეების განმავლობაში გავრცელებულ თავის მიმართვებში პრიგოჟინი მუდმივად აკრიტიკებდა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროს ვალერი გერასიმოვს, თუმცა ყოველთვის დადებითად მოიხსენიებდა სუროვიკინს. ასევე ცნობილია, რომ სწორედ სუროვიკინი იყო დამაკავშირებელი რგოლი თავდაცვის სამინისტროსა და „ვაგნერს" შორის.

ოთხშაბათს „ნიუ იორკ თაიმსმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ სუროვიკინმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს ყოფილმა მთავარსარდალმა, წინასწარ იცოდა პრიგოჟინის აჯანყების შესახებ. „სიენენმა" კი დაწერა, რომ რუსეთის სამხედრო და დაზვერვის სხვა წარმომადგენლებმა, შესაძლოა იცოდნენ მომავალი აჯანყების შესახებ.

სუროვიკინი ბოლოს სწორედ „ვაგნერის" აჯანყების პიკზე გამოჩნდა. 24 ივნისს დილით გავრცელდა მისი ვიდეომიმართვა, სადაც ის „ვაგნერელებს" დანებებას ურჩევდა.

რუსული მედიის ცნობით, მას შემდეგ სუროვიკინი არსად ჩანს. ტელეფონით ვერ ხერხდება დაკავშირება ვერც უშუალოდ მასთან და ვერც მისი დაცვის წევრებთან.

ოთხშაბათს გამოცემა „მოსქოუ თაიმსმა" რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თავის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გენერალი სუროვიკინი დააკავეს.

სხვა წყაროების მიხედვით, მასთან ერთად დაკავებულია მისი მოადგილე გენერალი ანდრეი იუდინი. თუმცა პორტალი „ურა.რუ" ტელეფონით დაუკავშირდდა გენერალ იუდინს, რომელმაც განაცხადა, რომ შვებულებაშია და სახლში იმყოფება, ხოლო სუროვიკინის ადგილმდებარეობის შესახებ არაფერი იცის.

სხვა გამოცემების ინფორმაციით, გენერალი სუროვიკინი მართლაც მონაწილეობს იმ სამხედრო მაღალჩინოსნების დაკითხვაში, ვინც აჯანყების დროს რაიმე ფორმით „ვაგნერისადმი: მხარდაჭერა გამოხატა, ან უარი თქვა ბრძანების შესრულებასა და აჯანყებულების წინააღმდეგ იარაღის გამოყენებაზე, თუმცა რთული სათქმელია „დაკითხვის მაგიდის რომელ მხარეს ზის სუროვიკინი".

ხუთშაბათს კი რუსი სამხედრო მიმომხილველების ნაწილმა თავის წყაროებზე დაყრდნობით იარყო სუროვიკინის დაპატიმრება. თუმცა, თავდაცვის სამინისტროს ამ თემაზე ჯერ არანაირი განცხადება არ გაუკეთებია და არც სუროვიკინი გამოჩენილა სადმე.

55 წლის სუროვიკინი ნოვოსიბირსკიდანაა. 2013 - 2017 წლებში ის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის ჯარების მეთაური იყო. 2017 წლის 31 ოქტომბრიდან კი არის რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდალი.

სუროვიკინი ტაჯიკეთში შეიარაღებული კონფლიქტის, ჩეჩნეთის მეორე და სირიის ომების მონაწილეა. სირიაში გამოჩენილი განსაკუთრებული სისასტიკისათვის მან მრავლისმთქმელი მეტსახელი მიიღო - გენერალი არმაგედონი.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გენერალი სუროვიკინი, სავარაუდოდ, მართლაც დაკავებულია და ეს შეგვიძლია გავიხილოთ, როგორც თავდაცვის სამინისტროში დიდი საკადრო წმენდის ნაწილი. ამასთან, მაისაია სუროვიკინის 24 ივნისის ვიდეომიმართვასაც იხსენებს და აცხადებს, რომ შესაძლოა ამ ჩანაწერის გაკეთებისას იგი უკვე პატიმრობაში იყო.

„სუროვიკინი როცა გამოდიოდა, ფაქტიურად ჩანდა, რომ ის იმყოფებოდა შეზღუდულ სივრცეში. პრინციპში, მე უფრო სუროვიკინის დაკავების ვერსიას ვემხრობი და ალბათ ასეც არის. სუროვიკინი იყო კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" საპატიო წევრი. ის ერთგვარი დამაკავშირებელი ხაზი იყო „ვაგნერსა" და რუს ძალოვანთა დაჯგუფებას შორის. დიდი ალბათობით, სუროვიკინი, თუ დაპატიმრებული არ არის, შესაძლოა შიდა პატიმრობაშია აყვანილი და მიდის მისი ინტენსიური დაკითხვა.

„ალბათ, ეს უფრო შეესაბამება სიმართლეს იმიტომ, რომ სუროვიკინი არ ჩანს და საერთოდ არ მონაწილეობს საბრძოლო მოქმედებების დაგეგმვაში. ეს ჩანს და ეტყობა კიდეც სამხედრო მოქმედებების დინამიკას.

„გავრცელებული ცნობები, იმაზე მეტყველებს რომ პუტინი აპირებს ჩაატაროს სერიოზული წმენდა შეიარაღებულ ძალებში და აჩვენოს გარკვეულწილად ძალა. ალბათ დაახლოებით 30 ადამიანს შეეხება დათხოვნა, ან სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, მაგრამ ვნახოთ.

„ჯერჯერობით რთულია საუბარი, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი ომის მსვლელობაზე. შეიძლება რუსებისთვის უარყოფითად აისახოს, შეიძლება - დადებითად", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×