ნაზი ბერიძე
01.07.2023

პრიგოჟინის ამბოხმა აჩვენა, რომ პუტინის რეჟიმის დამხობა შეიძლება არა მარტო თეორიაში, არამედ პრაქტიკაში. ყველა, პრო-კრემლისტური ანალიტიკოსებიც კი თანხმდებიან, რომ „ვაგნერის" ამბებმა რეჟიმი დაასუსტა, მათ შორის რუსი ნაციონალისტების თვალში, რომელთათვისაც ძნელად გადასატანია უკრაინის ომიდან რუსების ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფების გასვლა.

ამ საკითხზე საუბრისას ქართველი პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ, მიუხედავად პუტინის დასუსტებისას, რეჟიმის მყისიერ დამხობას არ უნდა ველოდეთ. ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ პუტინის რეჟიმი უახლოეს თვეებში არ დაემხობა, თუმცა უახლოეს წლებში გამორიცხული არ არის.

„ალბათ მაგ კითხვაზე პასუხს ეძებს ყველა - რამდენი დარჩა პუტინს? ფაქტია, რომ მისი ძალაუფლება დასუსტებულია. ეს პრიგოჟინის ამბოხმაც გვაჩვენა, და მომავალში კიდევ უფრო დასუსტდება, რაც პირდაპირპროპორციულია უკრაინის წარმატებასთან ფრონტზე.

„ანუ, რაც უფრო მეტი წარუმატებლობა აქვს რუსეთს, რაც უფრო მეტი დანაკლისი აქვს, რაც უფრო ეფექტიანია უკრაინის კონტრშეტევა და რაც უფრო ეფექტიანია სანქციები, მით უფრო მეტად სუსტდება პუტინის რეჟიმი. მაგრამ, ეს იმდენად რთული და კომპლექსური თემაა, იმდენი ინტერესთა ჯგუფები არის და იმდენად რთული ბრძოლა მიმდინარეობს კლანებს შორის თავად რუსეთში, რომ დღეს თქმა, რაღაც ვადებისა რამდენ ხანში მოხდება პუტინის შეცვლა, არის ძალიან ძნელი. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ უახლოეს თვეზე, პასუხია - არა, თუ ვლაპარაკობთ უახლოეს წლებზე, პასუხია - კი," - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი სააკაშვილის პროგნოზებს მაინც და მაინც დამაჯარებლად არ მიიჩნევს და ამბობს, რომ პუტინის რეჟიმის დასრულება გაგრძელების პერსპექტივები დამოკიდებულია რუსი ხალხის დათმენისა და უკრაინის კონფლიქტის განვითარებაზე.

„მაგ საკითხზე რაიმე პროგნოზის გაკეთება ფუჭი საქმეა, იმიტომ რომ ყველანაირი შემთხვევა ყოფილა ისტორიაში. ყოფილა ისეთი შემთხვევაც რომ პუტინზე უარეს დღეში ყოფილან დიქტატორები და მერე კიდევ ყოფილან ხელისუფლებაში, მაგალითად სადამ ჰუსეინმა მას შემდეგ რაც შეიჭრა კუვეითში და დამარცხდა ომში ამერიკელებთან, მერე მაინც 10-12 წელი დაჰყო ქვეყნის ლიდერად. ამიტომ ძნელი სათქმელია... რუსეთი აუცილებლად დამარცხება უკრაინის კონფლიქტში, მაგრამ არ ვიცით ზუსტად როდის მოხდება, იქ რომ სამოქალაქო ომი დაწყებულიყო, ეს მალე მოხდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მალე ვეღარ მოხდება, მაგრამ რისკები ყოველთვის არსებობს, რუსეთში ისევ სამოქალაქო ომი ან გადატრიალება მოხდეს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დასრულდეს პუტინის რეჟიმი, თუ არადა შეიძლება ეს ომი გაგრძელდეს კიდევ ერთი-ორი წელი, სანამ გაუძლებს რუსეთის ეკონომიკა და რუსეთის მოსახლეობა სანამ მოითმენს ამ შეტევას, რასაც პუტინი ახორციელებს. ისე პროგნოზებს ვერ გავაკეთებთ გრძელი დღე დარჩა თუ მოკლე დღე პუტინის რეჟიმს," - განაცხადა „რეზონანსთან" კახა გოგოლაშვილმა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×