ნაზი ბერიძე
04.07.2023

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, ნომერ პირველ ამოცანას უკრაინის ჯარისთვის რუსული არმიის ცოცხალი ძალის, ტექნიკის, საწვავის საწყობების, საბრძოლო კომპლექტების, სამეთაურო პუნქტების, არტილერიის და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განადგურება წარმოადგენს. მისი თქმით, უკრაინული მხარე მოქმედებს მშვიდად, აწონ-დაწონვით და ნაბიჯ-ნაბიჯ.

„მეტი ტექნიკაა განადგურებული - მეტი ტერიტორიაა გათავისუფლებული. რაც უფრო ეფექტურია პირველი, მით მეტია მეორე. ვმოქმედებთ მშვიდად, აწონ-დაწონით, ნაბიჯ-ნაბიჯ", - განაცხადა ალექსეი დანილოვმა.

მედიის ცნობით, უკრაინელებს გარკვეული წარმატებები აქვთ ბახმუტის მიდამოებში. რუსებმა ხერსონი დაბომბეს, თუმცა სამხედრო ექსპერტების შეფასებით, მკვეთრი უპირატესობა დაპირისპირებულ მხარეებს შორის ამ ეტაპზე უკრაინის კონტრშეტევის ფონზე არ იკვეთება და ეს არის ხანგრძლივი ომი, რომელიც ნელი ტემპით მიმდინარეობს.

უკრაინა ბახმუტის მიმართულებით წარმატებას აღწევს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელმა, ანდრეი კოვალევმა განაცხადა, რომ ქალაქ ბახმუტის ჩრდილოეთით და სამხრეთით დამცველები აგრძელებენ მტერზე ზეწოლას და გარკვეულ წარმატებას აღწევენ.

„მათ აქვთ ნაწილობრივი წარმატება. მტერი უწევს სასტიკ წინააღმდეგობას და განიცდის უზარმაზარ ზარალს. ბახმუტის მიმართულებით ძალიან მძიმე ბრძოლა გრძელდება", - აღნიშნა კოვალევმა.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს. ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროს ალექსანდრ პროკუდინის თქმით, გასული დღის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 68 შეტევა განახორციელეს, ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან, „გრადებიდან", ავიაციითა და უპილოტო საფრენი აპარატებიდან 400-ზე მეტი ჭურვი ისროლეს. მხოლოდ ქალაქ ხერსონს რუსებმა 35 ჭურვი ესროლეს. პარალელურად, სუმის ოლქში დრონებით განხორციელებული შეტევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. დაბომბვის სამიზნე საცხოვრებელი კორპუსი გახდა.

გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" უკრაინელების საბრძოლო ტაქტიკას სავსებით შესაბამისს უწოდებს. ამ ეტაპზე ფრონტზე პოზიციური ბრძოლებია და რუსები ძირითადად თავდავცვით პოზიციას ინარჩუნებენ, თუმცა უკრაინელებს აქვთ გარკვეული ინიციატივა.

„ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, უპირველეს ყოვლისა უნდა განადგურდეს რა თქმა უნდა პრიორიტეტული სამიზნეები, სხვანაირად როგორ ჰქონდათ წარმოდგენილი უკრაინელებს წარმატების მიღწევა, მე არ ვიცი. უნდა განადგურდეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, უნდა მოხდეს დარტყმები საწყობებზე და ა.შ. ამაში სიახლე არაფერია, ნებისმიერ სამხედრო მოქმედებებში არის შერჩეული გარკვეული მიზნები და მათი განადგურება.

„რაც შეეხება ტაქტიკას, უკრაინელები იყენებენ მცირე ზომის ჯავშან-ჯგუფებს მოწინავე რაზმებად და შესაბამისად, ამით ცდილობენ, რომ ტერიტორიები დაიკავონ, მონახონ სუსტი წერტილები რუსების თავდაცვაში და შემდეგ აქ მოახდინონ კონცენტრაცია.

„ბახმუტთან აქვთ წარმატებები, მაგრამ წინსვლა მცირეა. მეტი გვინდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერჯერობით ბახმუტამდე არ არიან მისული. ბახმუტის გარეუბნებთან არის ახლა ბრძოლები. უკრაინელები იგივე ტემპით მიიწევენ წინ, როგორც „ვაგნერი" მიიწევდა ბახმუტში. დაახლოებით იგივე სიტუაციაა. ამ ბრძოლებში ძალიან გაუჭირდებათ უკრაინელებს თვითმფრინავების გარეშე.

„მიზნის მიღწევა შეიძლება, მაგრამ ყველაფერი მიდის იქამდე თუ რა დროში შეძლებენ ამას, რა სახსრებით და რის ფასად, ეს არის მთავარი. ვიეტნამელებს ამერიკელებთან ომში საერთოდ არ ჰყავდათ ტანკები და თვითმფრინავები, მაგრამ გაიმარჯვეს. ამიტომ როგორ გითხრათ, დღეში მიდიან წინ 100 მეტრით უკრაინელები, და ყოველთვის ხომ ვერ წავლენ წინ?

რუსეთს მოწყობილი აქვს თავდაცვა, ზის თავდაცვაში, ცდილობს მაქსიმალურად შეანელოს უკრაინელების შეტევები. კუპიანსკისთან და ჩრდილოეთისკენ რუსები უტევენ. ბახმუტისა და ზაპოროჟიე-ხერსონისკენ უტევენ უკრაინელები. პოზიციებზე ორმხრივი შეტევებია, ძალიან ნელა მიდიან, დიდი სიღრმეები არ არის წარმატებების, მაგრამ ჯერჯერობით უკრაინელებს აქვთ ინიციატივა," - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ კაპანაძემ.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძეც „რეზონანსთან" უკრაინის ფრონტზე ომის ვითარებას აფასებს როგორც მაღალი ინტენსივობის პოზიციურ ომს, სადაც გარკვეული უპირატესობები გარკვეულ მიმართულებებზე ორივე მხარეს აქვს.

„ახლა ძალიან პოზიციური ომი მიმდინარეობს. რეალურად უკრაინის კონტრშეტევა ჰქვია, მაგრამ შეიძლება დავარქვათ, რომ მაღალი ინტენსივობის ომია, თუკი სამხრეთის მიმართულებაზე უკრაინელები უტევენ და წარმატებულები არიან და გარკვეული ტერიტორია გაათავისუფლეს მცირე, მაგრამ როდესაც ასეთი მცირე სანგრებებია ბეტონით მოწყობილი კონსტრუქციები, დანაღმული ველები, ტექნიკით წინ ვერ წახვალ, ამიტომ ძირითადი დაწოლა ცოცხალ ძალაზე მოდის.

„სამხრეთით და ბახმუტის მიმართულებებზე თუკი უკრაინელები უტევენ, სხვა მიმართულებებზე მაგალითად ავდიივკა-მარინკას ხაზზე პირიქით რუსები ცდილობენ გარკვეული შეტევა გააკეთონ და პრევენციული დარტყმები განახორციელონ, შეაკავონ უკრაინელები.

„ორივე მხარეს მძიმედ არის არტილერია ჩართული, რა თქმა უნდა უკრაინას ტექნოლოგიური უპირატესობა აქვს, მაგრამ რიცხვობრივი უპირატესობა როგორც ცოცხალ ძალაში, ასევე არტილერიაში რუსების მხარესაა. ამიტომ ეს გრძელვადიანი ომია და ასეთი სანგრების პირობებში როგორიც არის, თუ მოწინააღმდეგე მხარემ უკან არ დაიხია, წინსვლა იქნება ძალიან ნელი.

„ყველა ინდიკატორი მიუთითებს, რომ უკრაინა ამ ომს მოიგებს და ყველა ინდიკატორი მიუთითებს, რომ ეს გრძელვადიანი ომი იქნება, თუ თვითონ რუსეთში სწრაფად არ ჩამოიშალა რამე," - განაცხადა „რეზონანსთან" ლაშა ბერიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×