ნაზი ბერიძე
05.07.2023

როგორ იმოქმედებს რუსეთის ეკონომიკაზე სანქციების მე-11 პაკეტი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შეათანხმა ევროკავშირმა - ამას დრო აჩვენებს, თუმცა, ფაქტია, რომ წნეხი და ეფექტიც სულ უფრო იზრდება მოსკოვზე.

საქართველოს მიმართ მორალისტობას როცა იწყებენ, ახსოვდეთ, რომ თუ ვინმეს რუსეთთან ნაომარი აქვს, ჩვენ ვომობდით და სამი ომი გვქონდა. დღეს ნატოს ქოლგით თბილად არიან დაფარული და მორალისტური პოზიციებით როცა გვესაუბრებიან, პასუხი გვექნება - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა

ამასთან, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა, რომ რუსეთის მიმართ ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესების საკითხზე და აღინიშნა, რომ ისეთი სანქციების შემოღება ხდება, რაც ზედმეტად არ დააზიანებს შემომღებ ქვეყნებს.

„ახლახან სანქციების მე-11 ეტაპი იყო. ვნახეთ . სანქციები თავიდან მცირე საკითხებს ეხებოდა. ახლა ნელ-ნელა იმატებს. ყველამ გაიხსენოს, სანქციებზე რა დისკუსიები მიმდინარეობს, ეს პროცესი ევროკავშირში ღიაა. ინტერესებია და ისეთი სანქციების შემოღება ხდება, რაც ზედმეტად და ჭარბად არ დააზიანებს თავად სანქციების შემომღებ ქვეყნებს. სანქციების მიზანია უფრო მეტად სხვისი დაზიანება, ვიდრე საკუთარი თავის.

„რა თქმა უნდა, ზიანს ყველა იღებს, მაგრამ ლოგიკაა, უფრო მეტად სხვა დაზიანდეს ვიდრე საკუთარი თავი. დღესაც, უკრაინის გავლით, მხოლოდ ერთი მილით, რომელიც უკრაინაზე გადის, ევროკავშირი ბუნებრივ აირს იღებს და რუსეთს ყოველ დღე 20 მლნ ევროს თუ დოლარს უხდის. ზოგს იმის გადაანგარიშება რომ უყვარს, ომი ფინანსდება თუ არა. 20 მილიონი ოთხი-ხუთი ტანკია და ეს საკითხი ასე დათვალონ, თუ ვინმეს ეს საკითხი აინტერესებს.

„როცა საქართველოს მიმართ მორალისტობას იწყებენ ქართველი, თუ უცხოელი აქტორები, ასეთი მორალისტობისას ჩვენი პასუხი გვექნება. რუსეთში ქართული ღვინო რომ გადის, ჩვენ გვეუბნებიან, ამ ომში თითქოს საქართველო ხელს ითბობს. შარშან მხოლოდ სამ თვეში ლატვიიდან რუსეთში იმდენივე ღვინო და ალკოჰოლური სასმელები შევიდა, რაც მთელის წლის განმავლობაში საქართველოდან

„ლატვია იმდენ ღვინოს რომ არ აწარმოებს, როგორც საქართველო, ამას ხვდება ყველა, ყველამ იცის, რომ ეს არის ადგილი, საიდანაც ხდება რუსეთში ალკოჰოლური სასმელების გატარება, როცა საქართველოს მიმართ მორალისტობას იწყენებ, ახსოვდეთ, რომ თუ ვინმეს რუსეთთან ნაომარი აქვს, ჩვენ ვომობდით და სამი ომი გვქონდა. დღეს ნატოს ქოლგით თბილად არიან დაფარული და როცა აქეთ მორალისტური პოზიციებით გვესაუბრებიან, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი პასუხი გვექნება" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" ამბობს რომ საქართველო ვერ შეუერთდება რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს საკუთარი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე ნატო-ევროკავშირის წარმომადგენლები ამას გაგებით ეკიდებიან და საქართველოს ევროპული პერსპექტივა დამოკიდებულია არა სანქციებთან დაკავშირებით, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. მითუმეტეს, როცა სანქციები არ მუშაობს და ეს არის სანციები სანქციებისთვის.

„საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა და ამას გაგებით მოეკიდნენ ობიექტურად მოაზროვნე დასავლელი აქტორები, რომ პირდაპირ სანქციებს საქართველო ვერ დაუწესებს რუსეთს, ვგულისხმობ სავაჭრო-ეკონომიკურს, რამეთუ რუსეთი ამით ვერაფრით დაზარალდება, მაგრამ ჩამოიშლება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურა.

„ამასთან, თითქმის ყოველდღიურად ქვეყნდება დასავლურ მედიაში, მათ შორის უკრაინულში, თუ როგორ ფარისევლურ თვალთმაქვცურ გარიგებებს აქვს ადგილი, დასავლურ კომპანიებსა და რუსეთს შორის. ასობით მილიარდი დოლარის კონტრაქტების მიხედვით რუსეთი ხეირობს და ასევე დასავლეთი. ამიტომ მე-11 პაკეტი იქნება თუ მე-12, თუნდაც პირველ ორი რომ შეასრულოს დასავლეთმა საფუძვლიანად და ყოვლისმომცველად, ეს უფრო ეფექტური იქნება რუსეთის სამხედრო მანქანის შესაფერხებლად, ვიდრე გამოქვეყნებული სანქციები, რომლებიც არ მუშაობს.

„ნატოში ინტეგრაციის კარი დახურულია უკრაინისთვის და საქართველოსთვის, სანამ უკრაინაში არიან რუსეთის საოკუპაციო ჯარები. ლამაზი ფრაზებით, იმის მოლოდინების შექმნა როგორც საქართველოს პოლიტიკურ ველზე, ვგულისხმობ უწინარესად ოპოზიციას, ასევე დასავლელი ცალკეული აქტორებისგან, არის თავის მოტყუება.

„რაც შეეხება ევროკავშირში ინტეგრაციას, სტატუსის მონიჭება დამოკიდებულია პარამეტრებზე, რომელიც შესრულებულია, სტატუსის მონიჭება დამოკიდებულია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე და თუ ისინი ელოდებიან რომ საქართველო დააწესებს სანქციებს, შეიძლება ცალკეულნი ელოდებოდნენ, მაგრამ არა აღმასრულებელნი ევროპაში და ამერიკაში, მკვეთრად ხედავენ რომ საქართველოს ამის ეკონომიკური რესურსი არ გააჩნია.

„ეს ახლახან დაამტკიცეს იმ სამმა წონადმა დიპლომატმა, რომელთა ხელში არის სანქციების აღსრულება გლობალურად. მე ვერ წავიკითხე რომ ისინი იმედგაცრუებულები იყვნენ, მე წავიკითხე რომ კმაყოფილები იყვნენ. მაგრამ როდესაც შავ ხვრელებზე ლაპარაკობს რადიკალური ოპოზიცია, ჯერ შავ დიდ კრატერებზე ვილაპარაკოთ, რომელიც დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებობს, ეს არის ყველაზე დიდი ფარისევლობა, როდესაც ისინი ვაჭრობენ ინდოეთის გავლით, ჩინეთის გავლით, არაბთა გაერთიანებული საამიროების გავლით და სხვადასხვა თვალთმაქცური კონტაქტებით მილიარდობით შემოსავალი აქვს რუსეთს დასავლეთისგან.

„ამ დროს, თითის დაქნევა რომ 0,3 %-ის სავაჭრო ურთიერთობის მქონე საქართველო-რუსეთს შორის სანქციები დაწესდეს და ამითი მოსკოვი დაზარალდება, ეს ჯობია დაიჯერონ სააკაშვილის მიმდევრებმა და არა საღად მოაზროვნე ქართულმა საზოგადოებამ" - განაცხადა „რეზონანსთან"გია აბაშიძემ.

გასული თვის ბოლოს ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ახალი, რიგით მე-11 პაკეტი დაამტკიცა, რომელიც სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სექტორების დამატებით შეზღუდვებს ითვალისწინებს. ამასთან, სანქციების ახალი პაკეტით ე.წ. „შავ სიაში" არაერთი ორგანიზაცია და ადამიანი მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 26 ივნის ეწვივნენ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო სალივანი. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი კუმარ აიერი.

ვიზიტის ფარგლებში სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო სალივანმა აღნიშნა რომ: „დავრწმუნდით, რომ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად უდგება საკითხს და ქვეყანა არ იყოს სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის, ქვეყანას პოზიტიური შთაბეჭდილებით ვტოვებთ".

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი 50/50-ზეა.

„საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს რომ სანქციების მიმართ ჰქონდეს დისტანცირება და ცალსახად მკაფიოდ დაადასტუროს, რომ ის არ აპირებს შეცვალოს თავისი პოლიტიკა.

„სამი მაღალი დონის პოლიტიკოსი იყო ჩამოსული, აშკარად ჩანდა კრიტიკული გამონათქვამები მათი მხრიდან. დარწმუნებული ვარ, დახურულ კარს მიღმა უფრო მკაცრები იყვნენ. საქართველოს ხელისუფლებამ ეს მიითვალა როგორც წარმატება. ეს ასე არ არის რეალურად და მე მგონი ეს მე-12 პაკეტში ეს გამოჩნდება, რომ საქართველოს მიმართ იქნება უფრო კრიტიკული დასავლეთი.

„საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, როგორმე ძალაუფლება შეინარჩუნოს და როგორმე რუსეთის მიმართ მას ჰქონდეს ისეთი პოლიტიკა, რომელიც რუსეთისთვის არის მისაღები და არა ევროკავშირისთვის. ის ცდილობს რომ რუსეთს აამოს. ასე რომ, მე არ ველოდები არანაირ ცვლილებებს სანქციების მიმართ. კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, აქ შანსები არის 50/50-ზე" - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×