ნაზი ბერიძე
10.07.2023

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მისმა ქვეყანამ შესაძლოა მხარი დაუჭიროს შვედეთის ნატოში გაწევრიანებას, თუ ევროპის ქვეყნები თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ „გზას გახსნიან" - ინფორმაციას Associate Press-ი ავრცელებს.

ერდოღანი ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავებას და პროცესების დაწყებას ევროპისgან მოითხოვს.

„თურქეთი უკვე 50 წელზე მეტია იცდის ევროკავშირის კართან და ნატოს წევრი თითქმის ყველა ქვეყანა ევროკავშირის წევრია. მე ამას მოვუწოდებ იმ ქვეყნებს, რომლებიც თურქეთს 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ალოდინებენ ევროკავშირის კარიბჭესთან. მოდით და გაუხსენით გზა თურქეთის გაწევრიანებას ევროკავშირში. როდესაც თქვენ გზას გაუხსნით თურქეთს, ჩვენ გავუხსნით გზას შვედეთს, როგორს გავაკეთეთ ფინეთისთვის" - განაცხადა ერდოღანმა.

მედიის ინფორმაციით, დღეს სავარაუდოდ, რეჯეფ თაიფ ერდოღანი შვედეთის პრემიერ-მინისტრს, ულფ კრისტერსონს შეხვდება.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს რომ ევროკავშირი თურქეთის ურთიერთობების პოზიტიური კონტექსტი ასევე წაადგება საქართველო-ნატოს და საქართველო-ევროკავშირის მიმართულებით საკითხებში. აქედან გამომდინარე, თურქეთთან ჩვენი მეგობრული ურთიერთობა მნიშვნელოვანია.

„ეს სხვათა შორის ძალიან კარგი ინფორმაციაა საქართველოსთვის, რომ თურქეთის მოლაპარაკებa ისევ აღდგება ევროკავშირთან. საქართველო თურქეთის მოსაზღვრე სახელმწიფოა და კარგად გამოჩნდება რეგიონალური ინტერესი ევროკავშირის.

„ზოგადად, ეს კარგი მტკიცებულებაა იმისა, რომ ჩვენთან ზოგიერთი პოლიტიკოსები რომ ამბობენ რომ თურქეთი თითქოს რუსეთს ემხრობა, ეს ასე არ არის. თურქეთი რუსეთს იყენებს და რუსეთთან თანამშრომლობა მის ინტერესებშია, მაგრამ, მისი სტრატეგიული ამოცანები არის ევროკავშირი და ნატო. რაც ცალსახად ჩანს ბოლო პერიოდში.

„ამიტომ ჩვენ გვჭირდება მეტი თანამშრომლობა თურქეთთან როგორც ნატოს მიმართულებით, ისე ევროკავშირის მიმართულებითაც, კარგია, რომ ერდოღანმა ეს განცხადება გააკეთა.

„აქ თურქეთის ევროკავშირში მიღებაზე ლაპარაკი არ არის. აქ საუბარია მოლაპარაკების დაწყებაზე, განახლებაზე. ეს შეიძლება წლები გაგრძელდეს, მაგრამ თურქეთი ამას ითხოვს, ეს კარგია. მან გაიმარჯვა თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ ფაქტია, რომ ის უკვე მოხუცია და შეიძლება ეს მისი ბოლო გამარჯვება იყოს. ამიტომ ის თურქეთის მომავალზე ფიქრობს.

„ამ ფონზე, თურქეთი ორ შეუსაბამო თემას აყენებს სასწორზე, თანაც ევროპის სასარგებლოდ. ის ამბობს, რომ მე შვედეთს მივიღებ ნატოში, დავასრულებ პროცესს, თქვენ კი გამიხსენით პროცესი ევროკავშირთან, ძალიან კარგია, რომ ის საქმის წონას არ მოითხოვს, მე მიმიღეთ და მე მაშინ შვედეთს ხელს არ შევუშლი. ეს არის გონიერი ადამიანის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც ჩვენს რეგიონსაც წაადგება ერთი ორად.

„ბუნებრივია, თურქეთს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს ევროკავშირში - ეს არის კვიპროსის საკითხი, საბერძნეთთან საკითხი, ეს არის ადამიანის უფლებები თურქეთის ტერიტორიაზე დაცვა. ბევრი თემაა რაზეც ევროკავშირს აქვს კითხვები, თურქეთთან. მათ შორის არა პირველ რიგში, მაგრამ სომეხთა გენოციდის საკითხი ასევე მნიშვნელოვანია. ჩვენთან ევროკავშირს 12 პუნქტი აქვს წამოყენებული, იმათთან უფრო მეტია.

„ძალიან სერიოზული საკითხია ისიც, რომ თურქეთი დაინტერესებულია ნატოს გაფართოებით, მან ხელი შეუწყო ფინეთს, შვედეთზე ლაპარაკობს და მუდმივად ლაპარაკობს უკრაინაზე. ახლა ზელენსკი იყო ჩასული თურქეთში და თურქეთის პრეზიდენტმა, და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცალსახად ილაპარაკეს უკრაინის გაწევრიანებაზე ნატოში.

„საქართველოზე ხმას არ იღებს, იმიტომ, რომ მან არ იცის რა არის საქართველო, მსოფლიოს აქვს ეჭვი რომ საქართველო ხდება რუსეთის სახელმწიფო, რუსეთის პოლიტიკის გამტარებელი. როგორც ბელორუსი. თურქეთს სჭირდება საქართველო გარანტირებულად იყოს ნატოსკენ წამსვლელი, რომ თამამად დაგვიჭიროს მხარი.

„რა შანსები აქვს თურქეთს დაიწყოს ევროკავშირთან მოლაპარაკებები, მე ძალიან მინდა, მაგრამ, უნდა დაველოდოთ ევროკავშირის გადაწყვეტილებას. მაინც მგონია, რომ ევროკავშირისთვის მისაღები იქნება თურქეთის წინადადება, მთავარია ნატომ შვედეთი მიიღოს" - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×