თამთა ჩაჩანიძე
11.07.2023

პუტინმა ცივი შხაპი მიიღო, პრიგოჟინის წინადადებებზე უკვე თანახმაა და თუ ის პირობებს დაარღვევს, არაა გამორიცხული, რომ პრიგოჟინის მეორე ამბოხება ვიხილოთ - ამის შესახებ „რეზონანსთან" კავკასიის საერთაშორისო უნივეტსიტეტის პროფესორმა და სამხედრო ანალიტიკოსმა ვახტანგ მაისაიამ განაცხადა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" მეთაურის ევგენი პრიგოჟინის ამბოხს რუსული არმიის 14-მა გენერალმა დაუჭირა მხარი. მისივე თქმით, რუსეთის რეგულარულ არმიაში პრიგოჟინის მხარე ბევრმა ადამიანმა დაიკავა, რადგან ვლადიმერ პუტინის აღარ სჯერათ.

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში ბევრი ისეთი მეთაურია, რომელიც ევგენი პრიგოჟინის მიმართ კარგად არის განწყობილი. გარდა ამისა, მათ აღარ სურთ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სამხედრო პოლიტიკაში მონაწილეობის მიღება", - განაცხადა ოლექსი დანილოვმა.

როგორც ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, მისი ინფორმაციით, პრიგოჟინის მხარეს უკვე დაახლოებით 30 გენერალია, ის რუსეთში თავისუფლად დასეირნობს, ეს კი იმის შედეგია, რომ მან და ვლადიმერ პუტინმა გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიეს, მათ შორის რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს და მისი კადრების გადაყენებაზეც.

„პრიგოჟინი ყოველგვარი პრობლემების გარეშე რუსეთში თავისუფლად დასეირნობს, პირიქით, კრემლში პუტინს, პრიგოჟინსა და „ვაგნერის" 35 საველე მეთაურს შორის სამსაათიანი მოლაპარაკებები იყო და როგორც ჩანს, მხარეებმა გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიეს.

„ვიცი, რომ პრიგოჟინის მხარეს 30 გენერალია, მათ შორის სუროვიკინი, რომელიც შიდა პატიმრობაშია და რომელზეც წამების მეთოდები იქნა გამოყენებული და ამ ეტაპზე ერთ-ერთ საავადმყოფოში რეაბილიტაციას გადის.

„პუტინსა და პრიგოჟინს შორის არსებული პრობლემები ამ ეტაპზე ამოწურულია, მაგრამ შემდგომში რა იქნება, არავინ იცის. რაზე იყო მათ შორის საუბარი, კრემლი არ ახმოვანებს, თუმცა პრიგოჟინი ძირითადად გერასიმოვისა და შოიგუს გადაყენებას და უკრაინის მიმართულებით ჯარის გააქტიურებას ითხოვს და იმასაც, რომ რუსულ პოლიტიკურ ელიტაში წამყვანი პოზიცია ეჭიროს. პუტინმა პრიგოჟინის მოთხოვნების მობილიზება დაიწყო, ალბათ უახლოეს პერიოდში სერგეი შოიგუს და მის კადრებს მოიცილებენ. როგორც ჩანს, შოიგუ მთავრობაში ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე გადავა და რეგიონების კურატორი იქნება.

„წმენდა მალე დაიწყება, თუმცა შოიგუს ასე ვერ დაითხოვენ, რადგან სერიოზულ ინსინუაციებს გამოიწვევს. პუტინი და პრიგოჟინი ამაზეც შეთანხმდნენ. დიდი ალბათობით თავდაცვის მინისტრი ალექსეი დიუმინი გახდება.

„პრიგოჟინის ამბოხება დადგმული არ ყოფილა, ეს აბსოლუტურად რეალური იყო, ამით პუტინმა ცივი შხაპი მიიღო და პრიგოჟინის წინადადებებზე თანახმაა. თუ პუტინი პირობებს დაარღვევს არაა გამორიცხული, რომ პრიგოჟინის მეორე ამბოხება ვიხილოთ," - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×