თამთა ჩაჩანიძე
23.07.2023

ბელარუსის ტერიტორიაზე მყოფი კერძო რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის" მებრძოლებს პოლონეთში სურთ „ექსკურსიაზე წასვლა" - ამის შესახებ ნახევრად ხუმრობით განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ სანკტ-პეტერბურგში ვლადიმირ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს არის მინიშნება, რომ რუსეთი დასავლეთის წინააღმდეგ აქტიური მოქმედების დაწყებისთვის ემზადება და ამისთვის სწორედ „ვაგნერელებს" გამოიყენებს.

ლუკაშენკოსა და პუტინის შეხვედრის მთავარი თემა სწორედ „ვაგნერის" გეგმები და მინსკისთვის ტაქტიკური ბირთული იარაღის პირველი პარტიის მიწოდება იყო. როგორც პუტინმა თქვა, „რუსეთისა და ბელარუსის ყველა გეგმა მოსალოდნელზე უკეთესი ტემპით ხორციელდება".

აღსანიშნავია, რომ რუსმა ბიზნესმენმა ევგენი პრიგოჟნმა პუტინის წინააღმდეგ არშემდგარი ამბოხების შემდეგ, „ვაგნერის" 5 ათასიანი დაჯგუფება ბელარუსში გადაიყვანა და როგორც შეხვედრაზე ლუკაშნკომ განაცხადა, „ვაგნერელებს" დასავლეთის ქვეყნებში ექსკურსია სურთ, განსაკუთრებით პოლონეთში - ვარშავაში და ჟეშოვოში.

როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, ლუკაშენკოს თითქოს ხუმრობით ნათქვამი, პირდაპირი მუქარაა და საფრთხე ბელარუსიდან რეალურია, როგორც ნატოს ქვეყნებში „ვაგნერის" დივერსიული ჯგუფების შესვლის, ისე ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინაზე თავდასხმის თვალსსზრისით.

ამასთან, მაისაია აცხადებს, რომ „ვაგნერს" უკვე კიბერ დაჯგუფებაც ჰყავს და არაა გამორიცხული, რომ კიბერ თავდასხმებსაც ველოდოთ.

პუტინმა განაცხადა, რომ „რუსეთისა და ბელარუსის ყველა გეგმა ხორციელდება იმაზე უკეთესი ტემპით, ვიდრე მოსალოდნელი იყო". მან და ლუკაშენკომ სანკტ-პეტერბურგში შეხვედრაზე ეკონომიკური საკითხებიც განიხილეს.

„შეიძლება არ უნდა მეთქვა, მაგრამ ვიტყვი - „ვაგნერელებმა" ჩვენთან დაძაბულობა შემოიტანეს. ამბობენ - „გვინდა დასავლეთში წასვლა. ნება მოგვეცით", - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, კითხვაზე, თუ რა უნდათ დასავლეთში, „ვაგნერელები" პასუხობენ, რომ სურთ „ექსკურსიაზე წასვლა ვარშავასა და ჟეშუვში".

როგორც ლუკაშნკომ თქვა, „მინსკს არ სურს, რომ „ვაგნერელები" ვარშავაში და ჟეშოვოში ექსკურსიაზე წავიდნენ, რადგან ისინი ცუდ ხასიათზე არიან".

ამ შეხვედრამდე, აშშ-ს სადაზვერვო სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის პირველი პარტიის მიწოდების შესახებ სიმართლეს შეესაბამება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბირთვული ქობინის მქონე რაკეტები ბელარუსის ტერიტორიაზე უკვე განლაგდა.

როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსს" ეუბნება, სანკტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრა გეგმიური იყო და ორ მთავარ საკითხს მოიცავდა. ბელარუსიდან კი საფრთხეები უფრო რეალური გახდა, ვიდრე აქამდე ჩანდა.

„შეხვედრა გეგმიური იყო და ორ მთავარ თემას უკავშირდებოდა. ერთი საკითხი „ვაგნერის" ჯგუფის გადაადგილებაა - ბელარუსის ტერიტორიაზე 3-დან 5 ათასამდე „ვაგნერელი" გადავიდა, მათ ფაქტიურად ოფიციალური სტატუსი მიენიჭათ და ეს რუსეთ-ბელარუსის გაერთიანებული სწრაფი რეაგირების რეგიონული სამხედრო დაჯგუფება იქნება. აქვე უნდა ითქვას, რომ პრიგოჟინმა ბელარუსში იურიდიული კომპანიაც გახსნა.

„შეხვედრაზე ძალიან საიტერესო რამ თითქოს ხუმრობით ითქვა, მაგრამ ასეთ შეხვედრაზე არ ხუმრობენ ხოლმე - ლუკაშნკომ „იხუმრა", რომ „ვაგნერელებს" სურთ დასავლეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ, განსაკუთრებით პოლონეთში (ვარშავა-ჟეშუვი), რადგან ხელები ექავებათ, რომ დასვალეთს სეირი უჩვენონო. ეს ფაქტიურად პირდაპირი მუქარაა და არაა გამორიცხული, რომ „ვაგნერი" გამოყენებულ იქნას და პოლონეთის ტერიტორიაზე დივერსიული ჯგუფები შეუშვან.

„შეხვედრის ერთ-ერთი თემა ის იყო, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ტაქტიკური იარაღის პირველი პარტიის განთავსება დასრულდა და მხარეებს სამხედრო-ტექნიკური საკითხები უნდა შეეთანხმებინათ.

„ბელარუსიდან საფრთხე რეალურია და იმის ალბათობაც მაღალია, რომ თუ რუსეთს დასჭირდა, „ვაგნერი" უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოიყენოს და ეს მოხდეს ბელარუსის ტერიტორიიდან. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ აქვთ, რადგან ფრონტზე სიტუაცია თანასწორია. თუმცა, თუ დასჭირდათ, უკან არ დაიხევენ.

„ვაგნერს" კიბერ-დაჯგუფებაც ჰყავს და არაა გამორიცხული, რომ ლიეტუვასა და პოლონეთზე ზეწოლისთვის გამოიყენონ, მათ შორის ტერორისტული ჯგუფების ამპლუაში, ალბათ ნატოს სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ. ეს საფრთხე რეალურია და ამაზე ლუკაშენკომაც გააკეთა მინიშნება.

„ლუკაშენკომ შეხვედრისას პუტინს რუკა აჩვენა და თქვა, რომ ამერიკული და პოლონური სამხედრო ძალები თითქოს ბელარუსს ემუქრებიან. მან უთხრა, რომ ბელარუსის საზღვრიდან 40 კმ-ში პოლონეთის სპაციალიზირებული ბრიგადაა განთავსებული, 100 კმ-ში კი პოლონურ-ამერიკული ძალები.

„პოლონეთმა ბელარუსიდან მოსალოდნელი საფრთხის პრევენციისთვის ორი საარმიო კორპუსი შექმნა. აშშ-ს საჰაერო ელიტარული სადესანტო 82-ე დივიზიის ნაწილები პოლონეთში უკვე გადასროლილია და პოლონელებთან უკვე ერთობლივ წვრთებს გადიან, გეოპოლიტიკურ კონტექტსში თამასა კიდევ უფრო იწევა", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×