ელზა პაპოშვილი
24.07.2023

უკრაინელებმა, გასული კვირის განმავლობაში, სამხრეთ ფრონტზე 12 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, უკრაინელებმა, კონტრშეტევის დაწყებიდან, აღნიშნული მიმართულებით 192 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს.

„უკრაინული ჯარები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას რამდენიმე რაიონში მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით“, - აღნიშნა მალიარმა.  

უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ბერდიანსკის მიმართულებაზე ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ნაწილობრივი წარმატება აქვთ. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ მიმართულებაზე რუსეთის ჯარმა 1.4 კილომეტრით უკან დაიხია. „გვაქვს წარმატება, ამჟამად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. მელიტოპოლის მიმართულებაზე საგრძნობი ცვლილებები არ არის“, - ნათქვამია განცხადებაში.    

უკრაინული მედია წერს, რომ მოსკოვზე დრონებით თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეცოპერაცია იყო. უკრაინსკაია პრავდა ინფორმაციას თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. "მოხალისეებისა და სტრუქტურების კოოპერაციას კარგი შედეგები მოაქვს და გაგრძელება იქნება“, - უთხრა წყარომ უკრაინულ მედიას.

წყაროს თანახმად, უკრაინის დაზვერვის მიერ გაშვებულმა ყველა დრონმა მოსკოვამდე მიაღწია. 24 ივლისს გამთენიისას რუსეთის დედაქალაქის მოსკოვის ცენტრში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი უპილოტო საფრენი აპარატი დედაქალაქის ცენტრში მრავალსართულიანი ბიზნესცენტრის შენობას დაეჯახა. კიდევ ერთი აპარატის ფრაგმენტები კი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობასთან აღმოაჩინეს. 

თავდაცვის სამინისტრო მომხდარს "ტერორისტული თავდასხმის მცდელობას" უწოდებს და ამტკიცებს, რომ დრონები რადიოელექტრონული ბრძოლის მეთოდებით ჩამოაგდეს.    

ყირიმში კი  ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა, ხუთი კილომეტრის რადიუსში ევაკუაციაა გამოცხადებული, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, რუსეთის მიერ დანიშნული ყირიმის ხელმძღვანელი სერგეი აქსენოვი აცხადებს, რომ უპილოტო საფრენი აპარატი ჯანკოის რეგიონში მდებარე საბრძოლო მასალის საცავს მოხვდა. ამასთან, აქსენოვის თქმით, ყირიმის თავზე 11 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

„ყირიმის ცაზე მტრის 11 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა და ჩაახშეს ელექტრონული საომარი საშუალებებით“, – აღნიშნა აქსენოვმა. უკრაინული მედიის ცნობით, აქსენოვმა განაცხადა, რომ ჯანკოის რაიონში შეჩერებული იყო რკინიგზის მოძრაობა. ამასთან, მისივე თქმით, საწყობის აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

ანალიტიკოსი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი კობერიძე აცხადებს, რომ  პრაქტიკულად ერთი კვირაა ყირიმში აფეთქებების სერია გრძელდება. დრონების მაქსიმალურმა გამოყენებამ რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები გადატვირთა.  

კობერიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ გარდა იმისა, უპილოტოებსაც შეუძლიათ რუსული სამხედრო სამიზნის დაზიანება, მათი უწყვეტი აქტიურობის ფონზე უკრაინული ფრთოსანი რაკეტების რუსულ პოზიციებზე უსაფრთხოდ მიფრენის შანსი მატულობს. 

„გარდა ცენტრალური ყირიმისა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა სევასტოპოლის დაცვაზე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა, მაინც, ბოლო 7 დღეა თითქმის ყოველდღიურად ხდება აფეთქებები ქალაქის სიახლოვეს თუ მის თავზე. ასევე დრონებით თავდასხმა მოსკოვზეც მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინული დაზვერვა ძალიან კარგად მუშაობს და ამით რუსებს ეუბნებიან, რომ პასუხის გაცემა მათაც შეუძლიათ. 

„ამის საპასუხოდ კი  რუსეთი ხუთი დღეა უწყვეტად ცდილობს ოდესისა და მიკოლაივის დაბომბვას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ თუკი უკრაინელთა სამიზნე სამხედრო ობიექტები და ამუნიციის საწყობებია, რუსული ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები, ისევე როგორც უპილოტო საფრენი აპარატები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, პორტებსა და ისტორიულ ძეგლებს ბომბავს. წუხელაც დაიბომბა ოდესის ძველი ცენტრი და ფერისცვალების მე-18 საუკუნის ეკლესია. კრემლისათვის მხოლოდ განადგურების ხელწერაა მნიშვნელოვანი. რუსეთის მმართველი წრის მენტალობა ასეთია: სამხედრო სამიზნის პასუხად სამოქალაქო სამიზნე უნდა განადგურდეს, რათა ხალხმა ომის ფასის გადახდა აღარ მოინდომოს და დანებდეს“,-ამბობს კობერიძე. 

მისივე თქმით, უკრაინელთა შეტევა აქტიურად გრძელდება ზაპორიჟიეს ოლქში, უშუალოდ რობოტინეს მისადგომებთან, სადაც რუსული თავდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი მდებარეობს. ამჯერად დასახლებისაკენ დარტყმა არამხოლოდ პირდაპირ მიმდინარეობს, არამედ დასავლეთიდანაც, გარკვეულად შემოვლის მცდელობაცაა. 

„ამის მსგავსად, რამდენიმე კვირის წინ უკრაინელებმა აღმოსავლეთიდან სცადეს შემოვლა და ვერბოვეს შეუტიეს. იმ მონაკვეთზე ახლაც მიმდინარეობს შეტაკებები. მარტივად რომ ვთქვათ, კოპანი-რობოტინე-ვერბოვეს მონაკვეთი უკრაინული შეტევის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. დონეცკისა და ზაპორიჟიას ოლქებს შორის სტარომაიორკეზე უკრაინული შტურმი გრძელდება. 

„აქამდე ეს მონაკვეთი (ველიკა ნოვოსილკას სამხრეთი) ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო უკრაინელთათვის, თუმცა რუსებმა უკრაინელთა წინსვლის შესაჩერებლად რეზერვები გადაისროლეს და ცდილობენ სტარომაიორსკე და კიდევ უფრო სამხრეთით, სტარომლინივკა, ყველაფრის ფასად შეინარჩუნონ“ -ამბობს კობერიძე. 

მისივე თქმით,  რუსები აქტიურად იყენებენ დრონებს. "ლანცეტები" უკრაინული შემტევი ტექნიკის წინააღმდეგ აქტიურად გამოყენება. მიუხედავად მათი დიდი რაოდენობისა, ტექნიკა ზიანდება, მაგრამ არა იმდენად, რომ ცოცხალი ძალა დაშავდეს. კობერიძე ამბობს, რომ ამასთან, რამდენიმე დღის წინ რუსულმა უპილოტომ ჟიტომირის ოლქში უკრაინულ საწყობზე ან ნავთობსაცავზე განახორციელა დარტყმა, რასაც აფეთქება, შემდეგ კი აფეთქებების სერია მოჰყვა“, - ამბობს კობერიძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×