ნაზი ბერიძე
31.07.2023

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასულ თვეში ბელორუსში ბირთვული ტაქტიკური იარაღი განათავსა. მას შემდეგ როგორც რუსი პროპაგანდისტი ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრებიან. ამჯერად მსოფლიოს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აფრთხილებს. რა შემთხვევაში გამოიყენებს რუსეთი ბირთვულ იარაღს, სამხედრო ექსპერტებს ცალსახა პასუხი აქვთ - თუ დაირღვევა რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, თუმცა რეალურად დღეს ამის საშიშროება არ დგას.

რუსეთის უშისროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, კიევის მიმდინარე კონტრშეტევა რომ წარმატებული იყოს, რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენება მოუწევდა.

„თუ წარმოვიდგენთ, რომ ნატოს მხარდაჭერით მიმდინარე უკრაინელი ბანდერების კონტრშეტევა წარმატებული იყო და მათ ჩვენი მიწის ნაწილი წაგვართვეს, მაშინ, რუსეთის პრეზიდენტის 06/02/2020 ბრძანებულების წესების შესაბამისად, ბირთვული იარაღის გამოყენება მოგვიწევდა",-აღნიშნა მედვედევმა.

მისი თქმით, რუსი სამხედროები, უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების მოგერიებით, არა მხოლოდ თავიანთ ქვეყანას იცავენ, არამედ ხელს უშლიან გლობალური კონფლიქტის გაღვივებას.

„ამიტომ, ჩვენმა მტრებმა ჩვენი ჯარისკაცებისთვის უნდა ილოცონ. ისინი არ უშვებენ მსოფლიო ბირთვული ცეცხლის გაჩაღებას",-აღნიშნა მედვედევმა.

გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე, „რეზონანსთან" აცხადებს რომ მედვედევის განცხადებები არასერიოზულია, ამ ეტაპზე ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არ არსებობს, მაგრამ, შესაძლოა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის სახელმწიფოებრიობას დაემუქრება საფრთხე.

„მედვედევი კომიკური ფიგურაა პოლიტიკაში და ეს რუსეთის პრობლემაა რომ ეგეთი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჰყავთ.

„რუსეთისთვის, გამომდინარე მისი ბირთვული იარაღის გამოყენების კონცეფციიდან, მათ უნდა შეექმნათ ეგზისტენციალური საფრთხე რუსეთის სახელმწიფოებრიობას, და მხოლოდ მაშინ შეძლებენ გამოყენებას.

„რას გულისხმობს მედმედევი, რა შეუქმნის რუსეთის სახელმწიფოებრიობას საფრთხეს, ალბათ თვითონ უნდა განმარტოს. ჯერჯერობით, პირობა არ არის იმისა რომ ისევ წამოიწია ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხი. მიდის ჩვეულებრივი პოზიციური ომი.

„ალბათ, რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრა ან რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სრულად გათავისუფლება... მაშინაც არა მგონია რუსეთი იყოს მზად ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის, პასუხი იქნება ძალიან ადეკვატური და ძალიან მძიმე რუსეთისთვის.

„რუსები რუსულ ტერიტორიად თვლიან იმ ტერიტორიასაც, რომელიც ოკუპირებული აქვთ, მაგრამ არა მგონია, რომ რუსეთი ახლა ბირთვული იარაღის გამომყენებელი იყოს. უბრალოდ ეს მუქარები მუქარებად დარჩება. ეს არის ერთგვარი ფსიქოლოგიური მომენტი. ეს არ არის პირველი - პუტინიდან დაწყებული რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი ვლადიმერ სოლოვიოვით დამთავრებული ყველა იმუქრება უკვე რამდენი ხანია, რომ ამას ვიზამთ-იმას ვიზამთ, ბირთვულ იარაღს გამოვიყენებთო. ჯერჯერობით არც პირი უჩანს და მე მგონი არც იმის თავი აქვთ, რომ ეს გააკეთონ" - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ კაპანაძემ.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან"ამბობს რომ რუსეთი გამოიყენებს თუ არა ბირთვულ იარაღს, ეს ამ ეტაპზე გაურკვეველია, თუმცა, ეს შეიძლება განპირობებულ იქნეს მხოლოდ იმ დროს, თუ რუსეთის მოკავშირეებს საფრთხე შეექმნებათ და უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე თუ გადავიდნენ.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატება ის არის, რომ უკრაინელებმა დასავლეთის იარაღის სწორად გამოყენება შეძლეს, შეძლეს გარკვეული გარდატეხის შეტანა საომარი მოქმედებების პერიოდში, და ერთი პერიოდი მათ სტრატეგიული ინიციატივაც აიღეს და აჩვენეს რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების დამარცხება სავსებით შესაძლებელია და ამით ფსიქოლოგიური ბარიერიც გადალახეს.

„დღესაც უკრაინის შეიარაღებული ძალები არიან შეტევაზე და რუსეთის შეიარაღებული ძალები არიან თავდაცვაში. 2014 წლის სამხედრო დოქტრინის მიხედვით თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები გადავიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე და თავს დაესხნენ რუსებს, მაშინ გამოიყენებს რუსეთი ბირთვულ იარაღს, თუ შეემთხვევა გარკვეული პრობლემა მის მოკავშირეებს, მაშინ შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი.

„თუმცა, ასე მკაფიოდ, როდის მოხდება ბირთვული იარაღის გამოყენება არ არის გაწერილი. არის დოკუმენტი, რომელიც არის გრიფით საიდუმლო, იქ დეტალურად არის გაწერილი ყველაფერი, მაგრამ ეს დოკუმენტი არ არის თვალსაჩინოებისათვის განკუთვნილი, მაგრამ ამ ეტაპზე გამოიყენებს თუ არა რუსეთი ამ ბირთვულ იარაღს გაურკვეველია - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×