ნაზი ბერიძე
03.08.2023

უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე „დიდი შვიდეულის" დეკლარაციას 12 ქვეყანა შეუერთდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა. უკრაინის მთავარსარდლის ეს ნაბიჯი დადებით ეფექტს გამოიღებს აგრესორის წინააღმდეგ, თუმცა რეალურ გარანტიას უკრაინა მხოლოდ მაშინ მიიღებს, როცა ნატო-ს მე-5 მუხლი მის მიმართაც ამოქმედდება. ასე რომ, ეს უფრო პოლიტიკური გარანტიებია და არა სამხედრო - აცხადებენ „რეზონანსთან" ექსპერტები.

„ამ წლის მეორე ნახევარში, ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხოების გარანტიების პაკეტი საკმაოდ რეალური გახდება. ამ მომენტისთვის, [უკვე] 12 პარტნიორი ქვეყანა შეუერთდა „დიდი შვიდეულის" საერთო დეკლარაციას. ესენი არიან ბელგია, დანია, ირლანდია, ისლანდია, ესპანეთი, ნორვეგია, ნიდერლანდები, პორტუგალია, რუმინეთი, ფინეთი, ჩეხეთი, შვედეთი", - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პარტნიორებთან ორმხრივ შეთანხმებებზე მუშაობა ამ კვირაში დაიწყება. ზელენსკის თქმით, აშშ პირველი ქვეყანა იქნება, რომელთანაც უკრაინა ამაზე იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ ვილნიუსის სამიტის პარალელურად, 2023 წლის 12 ივლისს „დიდი შვიდეულის" წევრმა ქვეყნებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც უკრაინის მხარდაჭერასა და სხვადასხვა სფეროში გასატარებელ რეფორმებზეა საუბარი. დეკლარაციაში, რომელიც „დიდი შვიდეულის" ლიდერებმა ნატო-ს სამიტზე წარადგინეს, აღნიშნულია, რომ ისინი მიიღებენ ყოვლისმომცველ ზომებს უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ „დიდი შვიდეულის" ქვეყნები აპირებენ, უკრაინისთვის შეიმუშაონ „კონკრეტული, ორმხრივი, გრძელვადიანი ვალდებულებები და შეთანხმებები უსაფრთხოების სფეროში". აღნიშნული დახმარება მოიცავს თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სფეროებში, ასევე წვრთნებს უკრაინული ძალებისთვის, სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას და დაცვას კიბერშეტევებისგან. ამასთან, „დიდი შვიდეულის" ქვეყნები გეგმავენ უკრაინის მხარდაჭერას მისი თავდაცვის სფეროს შემდგომ განვითარებაში.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს შვიდი უმსხვილესი ინდუსტრიული ქვეყანა გეგმავს, დაეხმაროს უკრაინას, შექმნას თანამედროვე არმია, რომელსაც შეუძლია, დაიცვას ქვეყანა ახლა და შეაჩეროს რუსეთი მომავალში შემოჭრის საფრთხისგან.

„რუსეთის მომავალი შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში, ჩვენ დაუყოვნებლივ გავმართავთ კონსულტაციებს უკრაინასთან და გადავწყვეტთ შესაბამის შემდგომ ნაბიჯებს", - აღნიშნულია დეკლარაციაში.

დოკუმენტის მიხედვით, ამ თემაზე უკრაინასთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ და ისინი ჩატარდება ორმხრივ საფუძველზე: „დიდი შვიდეულის" ჯგუფის ცალკეულ წევრ ქვეყნებსა და უკრაინას შორის.

„დიდი შვიდეულის" მიერ მიღებული დეკლარაციის მიხედვით, თავის მხრივ, უკრაინა ვალდებულია, განაგრძოს ფართომასშტაბიანი რეფორმები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლაში, ასევე გააუმჯობესოს სამართალდამცავი უწყებების, სასამართლოების, კორპორატიული მმართველობისა და საჯარო ადმინისტრაციის მუშაობა. ამასთან, უნდა განაგრძოს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების პატივისცემა, თავდაცვისა და მოდერნიზაციის სფეროში რეფორმების გაგრძელება და შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს გარანტიები ბუნდოვანია.

„როგორ გითხრათ უსაფრთხოების გარანტიები ძალიან ბუნდოვანია. როგორც ჩანს, ეს არის უფრო პოლიტიკური ჟესტი, ვიდრე კონკრეტული უსაფრთხოების გარანტიების მიცემა. უკრაინას გარანტიას ვერავინ ვერ მისცემს საკუთარი თავის გარდა და ამაზე უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი ალექსეი დანილოვმაც ილაპარაკა.

„რა გარანტიებზეა საუბარი ვერ გეტყვით, მაგრამ ალბათ, იმაზე იქნება, რომ უკრაინას არ მიატოვებენ და მისი დახმარება გაგრძელდება, სანამ ეს ომი იქნება.

„აქ, გარდა პოლიტიკური გარანტიებისა, სამხედრო სტრატეგიული და გეოსტრატეგიული გარანტიები უნდა იყოს. პოლიტიკურში ალბათ მაინც იგულისხმება, რომ უკრაინას არ უღალატებენ და მისი მხარდაჭერა იქნება მუდმივი - ეს იმიტომ გახდა საჭირო, რომ გამოჩნდნენ გარკვეული ქვეყნები, რომლებიც სხვანაირად იქცევიან.

„რადიო თავისუფლებამ" დადო მასალა, რომ თურმე დასავლური კომპანიები რუსეთს ჩიპებითაც ამარაგებენ და მაინც სანქციების გვერდის ავლით ხდება სერიოზული, დავუშვათ მათ შორის ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების მიწოდება რუსეთისთვის. როგორც იცით, რუსეთი აგრძელებს დაბომბვებს და დაბომბვებს არ უჩანს ბოლო. რამდენიმე ქვეყანამაც დაიწყო სხვანაირი თამაში. თურქეთი რომ ავიღოთ, თითქოს დასავლეთის ნაწილია, მაგრამ როგორც იქცევა უკვე ვხედავთ.

„ასე რომ, დასავლეთის ის ნაწილი, ახლა კიდევ ჯიდაში, საუდის არაბეთში, იქნება უკრაინის მხარდაჭერის ფორუმი, გაიმართება სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოს, იქ უნდა მოხდეს უკრაინის მხარდამჭერი ფლატფორმის შემუშავება. ეს არის ამერიკელების ინიციატივა.

„რამდენიმე ქვეყანამ ფორუმში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, ჩინეთმა მაგალითად, ინდოეთმაც და მექსიკამაც უარი თქვეს, არ მიდიან ფორუმზე. თურქეთიდან თვითონ ერდოღანი არ მიდის, აგზავნის პარლამენტის თავმჯდომარეს, ასე რომ რა გარანტიებზეა საუბარი, სიმართლე გითხრათ, მეც არ მესმის.

„ეს უფრო ალბათ პოლიტიკური გარანტიაა, საერთაშორისო ორგანიზაციებში იგივე პოლიტიკური მხარდაჭერა, დავუშვათ იგივე ფინანსური დახმარება იგივე სანქციების კიდევ უფრო გამკაცრება, ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა რომელიც ბოლომდე იქნება შენარჩუნებული. ტერიტორიული მთლიანობის გარანტიას, ეს ქვეყნები უკრაინას ვერ მისცემენ," - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ზელენსკი იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს ქვეყნის უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის, მათ შორის სხვა ქვეყნების მხარდაჭერას, მანამ სანამ უკრაინაზე არ გავრცელდება ნატოს მეხუთე პარაგრაფი, და ის არ გახდება ნატოს წევრი სახელმწიფო, მას უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ მისცემს.

„ეს არის უსაფრთხოების დამატებითი ინსტრუმენტის ჩამოყალიბების პროცესი, უკრაინის ამოცანა არის, და ზელენსკის ქმედებაც მიმართულია იქითკენ, რომ რაც შეიძლება მეტი სახელმწიფო შეუერთდეს ამ დეკლარაციას და შემდგომ ეს ითარგმნოს უკვე ძალიან კონკრეტული პროგრამების კიდევ უფრო გაძლიერებით. ეს ყველაფერი კეთდება იმის ფონზე, რომ უკრაინა ჯერჯერობით დე იურე ვერ ახერხებს და ვერ ხდება ნატოს წევრი, მაგრამ დე ფაქტოდ მას ძალიან სერიოზული დახმარება აქვს. მაგრამ მანამდე სანამ ის აღმოჩნდება მეხუთე პარაგრაფის დაცვის ქვეშ, მანამდე საუბარია იმ გარანტიებზე, რომელიც გააძლიერებს მის უსაფრთხოებას ამ კონკრეტულ მომენტში, ანუ არა შორს მიმავალ პერსპექტივაში არამედ დღეს და ამ წუთში, რაც ახლა სჭირდება უკრაინას. ამაზე არის ლაპარაკი და პრეზიდენტი ზელენსკის ძალისხმევა მიმართულია რომ მაქსიმალურად ყველა მის ხელთ არსებული შესაძლებლობა გამოიყენოს.

„ახლა როგორ იმოქმედებს ეს ომზე? რაც უფრო მეტად იქნება უკრაინა დაცული და რაც უფრო მეტ დახმარებას მიიღებს მით უფრო ეფექტიანი იქნება მისი თავდაცვიუნარიანობა და მით უფრო ეფექტიანი იქნება მისი კონტრშეტევა. ასე რომ, ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითად იმოქმედებს ომის მსვლელობაზე, მაგრამ ომი არ დასრულდება მანამ, სანამ ამას არ გადაწყვეტს უკრაინელი ხალხი, ანუ სანამ არ იქნება მიღებული ის შედეგი, რისთვისაც იბრძვის უკრაინელი ხალხი, სანამ არ იქნება დაცული მათი სახელმწიფოებრიობა და სრულად არ იქნება განდევნილი მათი ტერიტორიიდან აგრესორი რუსეთი," - განაცხადა „რეზონანსთან" თენგიზ ფხალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×