ელზა პაპოშვილი
25.08.2023

უკრაინის თავდაცვის ძალები რუსი დამპყრობლების შეტევას ფრონტის ხაზის რამდენიმე მიმართულებით აკავებენ. გასული დღის განმავლობაში 23 საბრძოლო შეტაკება მოხდა. კუპიანსკის მიმართულებით, რუსებმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს ლუგანსკის ოლქის ნოვოგოროვკას რაიონში, ხოლო ბახმუტის მიმართულებით - დონეცკის ოლქის ვესელეს რაიონში.

ამასთან, უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლის მიმართულებით და მიღწეულ საზღვრებზე მაგრდებიან. „ამავდროულად, ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ მტერი, ყველა სახის იარაღის გამოყენებით, ათობით დასახლებას ესხმოდა თავს", - აცხადებენ გენშტაბში.  

ამის მიუხედავად, უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთ ფრონტზე წარმატებას ორი მიმართულებით მიაღწიეს. - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერმა, ანდრეი კოვალევმა განაცხადა, რომ თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლის მიმართულებით.

"მათ წარმატებას მიაღწიეს ნოვოდანილოვკა-ნოვოპროკოპოვკასა და მალაია ტოკმაჩკა-ოჩერეტოვატოეს მიმართულებებით და მიღწეულ პოზიციებზე მაგრდებიან", - აღნიშნა კოვალევმა. მისი თქმით, ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის ძალები ქალაქ ბახმუტის სამხრეთით წინსვლას აგრძელებენ.   

ხერსონის ოლქში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ტექნიკასთან და შეიარაღებასთან ერთად ოცდაათზე მეტი რუსი სამხედრო გაანადგურეს. სამხრეთის თავდაცვის ძალების პრესსამსახურის განცხადებით, ასევე განადგურებულია საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის БУК-М3-ის რადიოსალოკაციო სადგური, მზვერავი უპილოტო SuperCam და ორი „ლანცეტის"-ის ტიპის დამრტყმელი დრონი.

გარდა ამისა, განადგურებულია С-300/С-400 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის სამი გამშვები დანადგარი. 

რუსეთს მობილიზაცია არ შეუწყვეტია და ამჟამად, დამატებით 450 000 ადამიანის გაწვევის შესაძლებლობას განიხილავს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა. „ახლა განიხილავენ ვარიანტს, საკითხი ჯერ არ არის ბოლომდე გადაწყვეტილი, რომ დამატებით 450 000 გაიწვიონ", - აღნიშნა ბუდანოვმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთში მობილიზაციის პროცესი არ შეწყვეტილა. გასულ შემოდგომაზე მათ 350 000 მოქალაქე გაიწვიეს, მაგრამ ფარული მობილიზაცია მუდმივად გრძელდება და ახლა ყოველთვიურად 20 000-22 000-მდე ადამიანის გაწვევა ხორციელდება.

"თავად ეს ფაქტი შემდეგ კითხვას ბადებს: რატომ არის ასეთი რიცხვი, თუ დანაკარგები, როგორც ამბობენ, მიზერულია?", - აღნიშნა ბუდანოვმა.  

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, "რუსეთის ტერიტორიას" ღამით 42 უკრაინული დრონი დაესხა თავს, მაგრამ სამიზნეს ვერცერთმა მათგანმა ვერ მიაღწია.

"ღამით აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით. საჰაერო თავდაცვის სისტემამ 42 უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყებაში ირწმუნებიან, რომ ყირიმის ტერიტორიაზე 9 დრონი გაანადგურეს, 33 კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს და ჩამოაგდეს. მანამდე, "ტელეგრამ" არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმები ისმოდა.  

საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი და „ჯიაპას“ პროფესორი გიროგი კობერიძე აცხადებს, რომ რუსეთში პრიგოჟის მკვლელობა და სუროვიკინის თანამდებობიდან მოხსნა, ფრონტის ხაზზე გავლენას მოახდენს. მისი თქმით, პუტინმა გირკინი დააჭერინა - ადამიანი, რომელიც დონბასში 2014 წლის ომის ერთ-ერთი ძირითადი მეთაური იყო, სუროვიკინი წმენდაში მოაყოლა და მოხსნა, რომელმაც უკრაინაში რუსული სამხედროები შემტევ პოზიციაზე ჰყავდა სულ, ხოლო პრიგოჟინი, რომელმაც წელს სოლედარ-ბახმუტის მიმართულებით ერთადერთი წარმატებული ოპერაცია განახორციელა - მოკლა. ეს ყველაფერი სხვა სამხედრო ხელმძღვანელობისათვის დიდად მოტივატორი არ იქნება. 

„რაც შეეხება ფრონის ხაზზე მიმდინარე მოვლენებს, მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე ნოვა კახოვკას მიმართულებით უკრაინული არტილერია და დრონები ერთდროულად აქტიურობენ. შეტაკებებია მდინარე დნეპრის გასწვრივ, ოლეშკიდან ნოვა კახოვკამდე. რეალური მდგომარეობა არავინ იცის, მაგრამ მდინარის გავლით იმდენად სწრაფად ესხმიან უკრაინელები თავს დაჭაობებულ სივრცეში მყოფ რუს სამხედროებს, რომ რუსები ეფექტურ წინააღმდეგობას ვერ უწევენ და ძირითადად საქალაქო ზონებში ცდილობენ გამაგრებას. მეორეს მხრივ, უკრაინელთა მხრიდან ჭაობის წმენდა და კონტროლი ეფექტურია, რადგან მათი გავლით შედარებით მასშტაბური დესანტის გადასხმა იქნება შესაძლებელი. 

რაც შეეხება საბრძოლო მოქმედებებს აქტიურია სამი ზონა კვლავ: ეს არის,  ბახმუტის შემოგარენი - ახლა განსაკუთრებით ჩრდილოეთი; ზაპორიჟიას ოლქში რობოტინე-ნოვოპროკოპივკას შორის ტერიტორია;  ზავიტნე ბაჟანია - დონეცკის სამხრეთ ნაწილი. 

ყირიმში, ტარხაუნკუტის კონცხთან უკრაინელთა მხრიდან მცირე სამხედრო ოპერაციის ჩატარება და დროშის გაშლა დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლაა რუსებისათვის. გამოდის რომ არ არსებობს არანაირი ზონა, სადაც, რუსები უსაფრთხოდ და მოუწვდომლად იგრძნობენ თავს და არამხოლოდ ციდან, არამედ ზღვიდანაც“,-აცხადებს გიორგი კობერიძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×