ნაზი ბერიძე
27.08.2023

ბრიტანული მედიის ცნობით, 11 დღის წინ დასავლელ პარტნიორებთა გამართული თათბირის შემდეგ, უკრაინის სარდლობა კონტრშეტევის სტრატეგია შეცვალა. ბოლო თვეებში უკრაინული ძალები ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე ახორციელებდნენ არც ისე მასშტაბურ შეტევებს და ზოგ შემთხვევაში, მაგალითად ბახმუტისა და უროჟაინოე-რაბოტინოს მიმართულებაზე, წარმატებასაც მიაღწიეს, ახლა ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე არიან კონცენტრირებულია - მათი მიზანია სამხრეთში, ზაპოროჟიეს ოლქში გარღვევა, აზოვის ზღვასთან გასვლა და ოკუპირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელი სახმელეთო გზის გადაჭრა. იძლევა თუ არა საბრძოლო მოქმედებების ანალიზი იმის თქმის საშუალებას, რომ ეს უკვე დაიწყო?

ქართველი სამხედრო ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ასეთი დასკვნის გაკეთება ნაადრევია. როგორც ისინი „რეზონანსთან" აცხადებენ, ერთ მიმართულებაზე კონცენტრირებას გარკვეული დროს სჭირდება და თან ამის ხარჯზე არ უნდა დასუსტდეს ფრონტის სხვა მონაკვეთები. ბოლო დღეების მოვლენებიდან გამომდინარე კი, ჯერჯერობით ასეთი გადაჯგუფება დაწყებული არ არის.

ბოლო დღეების მოვლენები კი ძირითადად ისევ საჰაერო დარტყმებს უკავშირდება.

27 აგვისტოს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს. კრუსულმა სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავებმა კასპიის ზღვიდან უკრაინის მიმართულებით „ხ-101" ტიპის რამდენიმე ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს. ოფიციალური ინფორმაციით, ეკრაინულმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა ყველ მათგანი გაანადგურა, თუმცა ერთი გადანგურებული რაკეტა კიევის ოლქში ჩამოვარდა და ათი კერძო სახლი დააზიანა.

ამის პარალელურად უკრაინელებმა ქალაქ კურსკზე მიიტანეს შეტევა თვითმკვლელი დრონებით. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ერთ-ერთი დრონი მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა.

„ზოგიერთ სართულზე ჩამსხვრეულია მინები. ასევე აფეთქების ტალღის შედეგად დაზიანდა კურსკის აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის შენობის ფანჯრები. შემთხვევას ხანძრი არ მოჰყოლია", - წერს რეგიონის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი თავის „ტელეგრამ" არხზე.

26 აგვისტოს ღამის განმავლობაში დრონებით შეტევა განხორციელდა მოსკოვზეც, თუმცა, ოფიციალური ცნობით, ყველა მათგანი ისტრას რაიონში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ჩამოაგდო, შედეგად არავინ დაშავებულა. გარდა ამისა, მომხდარის გამო კიდევ ერთხელ გახდა საჭირო მოსკოვის აეროპორტების რამენიმე საათით დაკეტვა და რეისების გადადება.

რაც შეეხება ფრონტზე არსებულ მდგომარეობას, ანალიტიკოსთა შეფასებით, ბოლო დღეებში რაიმე მნიშნელოვანი ცვლილება არ ყოფილა. უკრაინელებს რაბოტინოსთან აქვთ წარმატებები, ხოლო რუსებს - კუპიანსკთან.

ბოლო ცნობები ფრონტიდან

გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" არ გამორიცხავს ამ ეტაპისთვის რომ უკრაინელებმა და რუსებმა ერთობლივად იბრძვიან კლიშეევკას დასახლებული პუნქტისთვის, ბახმუტის მისადგომებთან დნესტრისპირეთის კუნძულებისთვის და ყირიმისთვის.

„დიდი ცვლილებები არ არის. წარმატება უკრაინელებს აქვთ. უროჟაინოე აიღეს და იქ მაგრდებიან. ახლა რაბოტინოსთვის მიდის ბრძოლა. ცენტრი გაიარეს სამხრეთ ნაწილში, სადაც ჯერ კიდევ რუსები არიან. ეს დიდი წინსვლა არ არის, მაგრამ მაინც წინსვლაა.

„ასევე ორივე მხრიდან მიმდინარეობს მდინარე დნეპრის კუნძულების დაკავების მცდელობა. ახლა რუსები ცდილობენ ამ კუნძულების დაკავებას საერთო ცეცხლის დარტყმების ქვეშ, რასაც ჯერჯერობით ვერ ახერხებენ და პერიოდულად უკრაინელები ცდილობენ სადივერსიო- სადესანტო ჯგუფების შემოშვებას ამ კუნძულების დასაკავებლად. დიდი წარმატება ჯერჯერობით არც იქ არ არის მიღწეული

„ყველაზე დიდი წარმატება უკრაინელებს უროჟაინოე-რაბოტინოს მიმართულებაზე აქვთ. ასევე გრძელდება ბრძოლა ბახმუტისთვის. ბახმუტის სამხრეთით არის დასახლებული პუნქტი კლიშეევკა, სადაც ჯერ კიდევ რუსები არიან და მიდის ბრძოლები კლიშეევკისთვის. კონტრშეტევას ახორციელებენ რუსები, უკრაინელებიც ცდილობენ კლიშევკის აღებას, მის მახლობლად სიმაღლეებს უკრაინელები აკონტროლებენ და კლიშევკაში დარტყმებს ახორციელებენ. დიდი ალბათობით, რუსები დატოვებენ კლიშეევკას, რადგან ის დაბლობში მდებარეობს და მის დაცვას აზრი არ აქვს. უკრაინელებს საშუალება ეძლევათ ბახმუტის სამხრეთით გარეუბნებს უკვე საარტილერიო ცეცხლით მიწვდნენ.

„უფრო ჩრდილოეთით კი რუსების უპირატესობაა, 4 კილომეტრზე მეტი წაიწიეს წინ. ეს არის კუპიანსკის და ასევე სვიატოვოს მიმართულება. კუპიანსკში უკრაინელებმა ხიდებიც კი ააფეთქეს და მოსახლეობაც გაიყვანეს, რაც დიდი ალბათობით ნიშნავს, რომ უკრაინელები შეეცდებიან საცხოვრებელი მასივებიდან იბრძოლონ და ბოლომდე დაიცვან კუპიანსკი", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ კაპანაძემ.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" საუბრისას ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად რაბოტინოს მიიჩნევს. მისივე აზრით, ასევე მნიშვნელოვანია ბახმუტისთვის ბრძოლა.

„ბოლო დღეებში დიდი ცვლილება არ მომხდარა. უკრაინელები ცდილობენ რობოტინოსა და ბახმუტის მიმართულებით ბრძოლას და წარმატებაც აქვთ, მაგრამ ჯერ დავაკვირდეთ როგორ განვითარდება მოვლენები. მთლიანობაში კი სამხრეთის მიმართულებაზე ნელ-ნელა წინ მიიწევენ", - განაცხადა ბერიძემ.

შეიცვალა თუ არა უკრაინელთა სტრატეგია

ბრიტანული „გარდიანის" ცნობით, უკრაინის სარდლობამ კონტრშეტევის სტრატეგია შეცვალა. გამოცემის მიერ 27 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება 11 დღის წინ პოლონეთის საზღვარზე ნატო-ს სამხედრო ხელმძღვანელობისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის საიდუმლო შეხვედრაზე იქნა მიღებული.

ზალუჟნის გარდა, მასში მონაწილეობდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთლიანმა სამეთაურო შტაბმა, ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესმა სარდალმა კრისტოფერ კავოლიმ და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელმა ტონი რადაკინმა.

„დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო, თუ რა მოიხერხოს უკრაინის კონტრშეტევის გაჩერებულ პროგრესთან დაკავშრებით; ასევე მომავალ დამღლელ ზამთარში საბრძოლო ქმედებების გეგმები და გრძელვადიანი სტრატეგია, ვინაიდან ომი გარდაუვლად უახლოვდება 2024 წელს", - წერს გამოცემა.

ამთივე შეფასებით, ამ შეხვედრის შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგია მნიშვნელოვნად შეიცვალა - ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე მცირემასშტაბიანი შეტევების ნაცვლად, ახლა უკრაინელი სამხედროები ძალისხმევის კონცენტრირებას ზაპოროჟიეს მიმართულებასა და აზოვის ზღვისკენ გასვლაზე აკეთებენ.

ქართველ ანალიტიკოსთა შეფასებით, აღნიშნული შეხვედრა ალბათ მართლაც შედგა, თუმცა საბრძოლო მოქმედებების ანალიზი ჯერჯერობით არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ უკრაინელთა კონტრშეტევის სტრატეგია შეცვლილია.

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ, მისი აზრითაც კარგი იქნებოდა უკრაინელებს ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე მოეხდინათ კონცენტრირება.

„რაღაც გარკვეული ტაქტიკური ელემენტები კი შეიცვალა, მაგრამ კონტრშეტევის სტრატეგია ნაკლებად. ისევ ცდილობენ, რომ მცირე ჯგუფებით შეუტიონ, მასირებულ შეტევებს არ ახორციელებენ. მე მიმაჩნია, რომ ერთ მონაკვეთზე კონცენტრირება უკეთესი იქნებოდა, ვიდრე დარტყმების ასე გაფანტულად განხორციელება. ამას უკვე დასავლელი ექსპერტებიც ურჩევენ უკრაინელებს.

„უკრაინელების სტრატეგია ახლა ასეთია - გადაიტანონ ომი რუსეთის ტერიტორიაზე. ამაზე მეტყველებს ის, რომ არა მხოლოდ რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება დარტყმები, არამედ ბრიანსკის, კურსკის და ბელგოროდის ოლქებშიც. მოსკოვშიც ხდება დარტყმები.

„გარდიანი" რასაც, წერს რომ შეიცვლება, ამისთვის უნდა მოხდეს გადაჯგუფება, რეზერვების შემოყვანა, კონცენტრირების ადგილის შერჩევა, მაგრამ ეს არ მოხდება ორ, ან სამ კვირაში. გასაგებია, რომ ეს იქნება აზოვის ზღვის მიმართულებაზე, რომელიც ყველაზე უფრო მისაღებია უკრაინელებისთვის და რუსებითვის ყველაზე მტკივნეული მიმართულებაა. თუმცა, ჯერ არ არის ძალები კონცენტრირებული. აბა, ბახმუტს რისთვის უტევენ? ფრონტის სხვა მიმართულებები არ უნდა დასუსტდეს.

„კონცენტრაცია რომ გააკეთო, სჭირდება თვითმფრინავები. სანამ თვითმფრინავებს არ მიღებენ, ამას უკრაინელები ვერ განახორციელებენ. ცოტა ხანში დაიწყება წვიმები, რის გამოც გაუჭრდებათ გადაადგილება. შესაბამისად, ეს უნდა მომზადდეს ძალიან კარგად, თუ უნდათ წარმატების მიღწევა", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ კაპანაძემ.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" ამბობს, კონტრშეტევის სტრატეგია არ შეცვლილა, თუმცა შეხვედრა, რომელზეც „გარდიანი" წერს, სავარაუდოდ, მართლაც შედგა.

„ვფიქრობ, უკრაინის კონტრშეტევის სტრატეგია არ შეცვლილა. რეალურად რუსეთის დასამარცხებლად ერთადერთი სტრატეგიაა, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ რუსეთს, რაც შეიძლება მეტად გაუთიშონ მომარაგების, მართვისა და კონტროლის საშუალებები, რათა ვეღარ შეძლოს რაიმე შეტევითი ან თუნდაც თავდაცვითი ოპერაციის წარმოება.

„საერთოდ, როგორც საქართველოში, ასევე ამერიკასა და ევროპაში ჟურნალისტებმა რაღაც უნდა წეროთ, რაღაც უნდა თქვათ... „გარდიანმაც" რაღაც ინფორმაცია ჩაიგდო ხელში. გამორიცხული არ არის და დიდი ალბათობით, ასეთი შეხვედრა მართლაც შედგა. რა თქმა უნდა, როგორც ნატოს ძალების მთავარსარდალი, ასევე ბრიტანეთის გენშტაბის უფროსი და სხვა მაღალი რანგის სამხედროები დაინტერესებული არიან უკრაინის წარმატებაში. გამორიცხული არ არის, რომ მათ შესაბამისი რჩევები მისცეს და შესაბამისი დახმარება გაუწიეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და ეს სრულიად ნორმალურია.

„რაც შეეხება იმას, რომ სტრატეგია შეიცვალა და განისაზღვრა, რომ ზაპოროჟიეს მიმართულება იყოს მთავარი, მე ვფიქრობ, რომ კონტრშეტევას მთავარი მიმართულება ყოველთვის უნდა იყოს და რაც დაიწყო ამ კონტრშეტევის ფიქრიც კი, ყოველთვის მთავარ მიმართულებად განიხილოებოდა სამხრეთი. ყოველთვის მთავარი მიმართულება იყო აზოვის ზღვაზე გასვლა და ყირიმის დეოკუპაცია. ასე რომ, ვფიქრობ, აქ არაფერი შეცვლილა, თუმცა, რა თქმა უნდა, შეიძლება მოხდა აქცენტების გადატანა-გადმოტანა", - განაცხადა „რეზონანსთან" ლაშა ბერიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×