თამთა ჩაჩანიძე
15.10.2023

ისრაელის თავდაცვის არმიას („ცახალი") ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაცია ჯერ არ დაუწყია. ოფიციალურად და არაოფიციალურად ამ გაჭიანურების რამდენიმე მიზეზი სახელდება - ძლიერი წვიმა, აზრთა ხვადასხვაობა ისრაელის საგანგებო მთავრობაში და ის, რომ ისრაელი ელოდება მომავალი შეტაკებების ეპიცენტრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის მაქსიმალურად გასვლას. ანალიტიკოსთა ნაწილი კი ვარაუდობს, რომ „ჰამასს" მოვლენების ასეთი განვითარება წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და ღაზას სექტორში „ცახალს" გარკვეული „ხაფანგები" მოუმზადა.

როგორც „რეზონანსთან" ანალიტიკოსები ამბობენ, სახმელეთო ოპერაციის დაწყების გაჭიანურების ყველაზე რეალური მიზეზი ისაა, რომ ისრაელი ღაზას მოსახლეობის ევაკუაციას ელოდება, რადგან „მსოფლიოში სენტიმენტები უკვე შეიცვალა" და დასვალელი ლიდერებისგან ამაზე უამრავი მოწოდება გაჟღერდა, რომ „გენოციდი არ განხორციელდეს".

რაც შეება იმას, რომ უშუალოდ ღაზაში „ცახალს" შესაძლოა „"სიურპრიზები" ელოდეს, ანალიტიკოსთა შეფასებით, არ არსებობს „ჰამასის" ისეთი ხაფანგი, რასაც ისრაელი ვერ გადალახავს, თუმცა ურთულესი ქუჩის ბრძოლების წარმოება ნამდვილად მოუწევს.

ჯერ კიდევ 14 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა („ცახალი") სახმელეთო ოპერაციისთვის მზადება პრაქტიკულად დაასრულა და ღაზას სექტორთან ჯარებს თავი უკვე მოუყარა, როგორც „ბიბისი" წერდა, „ცახალი" ემზადება კომპლექსური შეტევისთვის, ასობით ათასი რეზერვისტის დახმარებით", მათივე ცნობით, ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან ერთიანი და კოორდინირებული შეტევა იგეგმება.

შაბათს ისრაელის თავდაცვის არმიამ ღაზას მოსახლეობას სექტორის სამხრეთისკენ ევაკუაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და უსაფრთხო საევაკუაციო მარშრუტების რუკა გამოაქვეყნა.

კვირას კი ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჩრდილოეთ ღაზას მცხოვრებლებს მიმართა და განაცხადა, რომ საევაკუაციო დერეფანი დილის 10:00-დან 13:00 საათამდე იმოქმედებდა, რათა მშვიდობიან მოსახლეობა ღაზას ჩრდილოეთ ნაწილი დაეტოვებინა.

ბოლო ცნობები დაპირისპირების ხაზიდან

ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ შტულაზე ლიბანიდან თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, თავდასხმა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით განხორციელდა. ამასთან, ლიბანის ტერიტორიიდან ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით კიდევ ერთი დარტყმა ჩრდილოეთ საზღვარზე, სამხედრო პოზიციას მიაყენეს.

„თაიმს ოფ ისრაელი" წერს, რომ კვირას დილით ლიბანთან საზღვარზე განხორციელებულ სამ სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ჰეზბოლამ" აიღო. შეიარაღებული დაჯგუფების მტკიცებით, მათი სამიზნე ისრაელის ტანკი იყო. ისრაელის თავდაცვის ძალებში კი აცხადებენ, რომ „ჰეზბოლას" პოსტებზე საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ.

ისრაელის თავდაცვის ძალებისი თქმით, ღაზაში 15 ოქტომრის ღამით 100-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს. განადგურებულ სამიზნეებს შორისაა „ჰამასის" შტაბ-ბინები და სამხედრო შენაერთები, ათეულობით სარაკეტო გამშვები მოწყობილობა, ტანკსაწინააღმდეგო კონსტრუქციები და სადამკვირვებლო პუნქტები. განადგურდა პალესტინის „ისლამური ჯიჰადის" ორგანიზაციის სამხედრო შტაბიც. თავდაცვის ძალების ცნობით, ლიკვიდირებულია „ჰამასის" ერთ-ერთი საბრძოლო ფრთის, „ნუხბას" ძალების მეთაური ბილალ ალ კედრა, რომელიც პასუხისმგებელი იყო ისრაელში კიბუც ნირიმში მომხდარ მკვლელობებზე.

სირიის სამთავრობო მედია წერს, რომ ისრაელის ავიაცია ჩრდილოეთის ქალაქ ალეპოს საერთაშორისო აეროპორტს დაესხა თავს. ამავე ინფორმაციით, ალეპოს აეროპორტის ასაფრენი ბილიკი დაიბომბა და ის ექსპლუატაციიდან გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ალეპოს აეროპორტი მას შემდეგ დაბომბეს, რაც სირიიდან გოლანის სიმაღლეების მიმართულებით ორი რაკეტა გაისროლეს.

ღაზაში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 2 329-მდე გაიზარდა, დაშავებულია 9 000-ზე მეტი ადამიანი. ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კიდევ 300 ადამიანი დაიღუპა და 800 დაშავდა. დაღუპულთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.

რაც შეეხება ისრაელს, 7 ოქტომბრიდან დღემდე „ჰამასის" იერიშებს 1300 ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ჯონათან კონრიკუსის განცხადებით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის მთავარი პრიორიტეტი მძევლების გადარჩენაა. მისი თქმით, ღაზას სექტორში გვირაბების რთული ქსელია და „ჰამასის" მიერ გატაცებული 150-200 ადამიანი, სავარაუდოდ, სწორედ იქ ჰყავთ დაკავებული.

რატომ ჭიანურდება სახმელეთო ოპერაციის დაწყება

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ, მისი აზრით, თუ ისრაელმა სახმელეთო ოპერაცია გადადო ან აჭიანურებს, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ რეალურად მართლაც ელოდება მშვიდობიანი მოსახლეობის გასვლას და სხვა სცენარები ლოგიკაში არ ჯდება.

„ინფორმაცია მეც ღია წყაროებიდან მაქვს და ლოგიკურად ღაზას სექტორიდან მილიონნახევარი მოსახლე ასე მალე ვერ გავიდოდა. შესაბამისად, მსოფლიო განწყობა და მოწოდებები იქითკენაა მიმართული, რომ გენოციდი არ განახორციელონ. ამ მცირე ტერიტორიაზე ამდენი მოსახლეა და ისრაელი ახლა რომ შევიდეს, ამას მოსახლეობაში ძალიან დიდი მსხვერპლი მოჰყვება და ჩემი აზრით, ამის გამოა, რომ სახმელეთო ოპერაცია გადადო იქამდე, სანამ მოსახლეობა გავა. ან მეორე ვარიანტია - შესაძლოა საერთოდაც გააკეთოს ბლოკადა და რაღაც წერტილოვანი დარტყმებით „ჰამასზე" ზემოქმედება განახორციელოს.

„მგონია, რომ ისრაელი ღაზას მოსახლეობას მაქსიმალურ დროს აძლევს. 24 საათი აბსურდიული იყო, ამ დროში მილიონი კაცი ერთი რაიონიდან მეორეში ნამდვილად ვერ გავა. ასეთ შემთხვევაში ჰუმანიტარული კატასტროფა იქნება. ამაზე მსოფლიო ლიდერების მოწოდებებიც იყო, აფრთხილებდნენ.

„მგონია, რომ ისრაელი საბოლოოდ ღაზას სექტორიში შევა, მაგრამ შევა შეზღუდული, უფრო სპეცდანიშნულების ძალებით და რაღაც კონკრეტული წერტილოვანი დარტყმებით, რომ აირიდოს თავიდან ფართომასშტაბიანად და ტანკებით შესვლა. თუმცა ეს ჩემი აზრია და ისრაელის შტაბში არ ვარ", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე ასევე ფიქრობს, რომ ისრაელი დიდ სამოქალაქო მსხვერპლს ერიდება და სახმელეთო ოპერაციას იმიტომ წელავს.

„ზუსტად ძნელია თქმა რატომ იწელება დროში ისრაელის სახმელეთო ოპერაცია, მაგრამ, დიდი ალბათობით, ისრაელი დიდ სამოქალაქო მსხვერპლს ერიდება და ამიტომაც ელოდება, რომ ღაზას ჩრდილოეთი ნაწილი რაც შეიძლება მეტმა მოსახლემ დატოვოს და შეტევა მერე დაიწყონ.

„ეს ურთულესი ოპერაციაა. დროს ვერ ვიტყვით რამდენი ხანი მოუნდება, მაგრამ ქალაქში ბრძოლა ძალიან რთულია და დიდი ალბათობით, „ჰამასი" ამ შეტევისთვის მომზადებულია. ასე რომ, ურთულესი ოპერაცია იქნება, ურთულესი...

„ისრაელის მიზანი ჩრდილოეთ ღაზის დეპოპულაციაა. ამით პრობლემას ვერ გადაწყვეტს, მაგრამ ისრაელის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ საკუთარ მოსახლეობას უნდა აჩვენოს, რომ რაღაცაში გაიმარჯვა და ეს რანაირად უხეშადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს გამარჯვება რაღაცაში უნდა აისახოს.

„ის, რომ ხუთი საათი ღაზა ბომბეს, ეს გამარჯვება არაა. ერთადერთი მიზეზი, რატომაც თავს იკავებენ, ალბათ ისაა, რომ დამატებითი დაგეგმვმაა საჭირო და ალბათ კიდევ რაღაც სამხედრო ობოექტები მწყობრიდან გამოსაყვანია, რომ სახმელეთო იერიში რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით აწარმოონ", - განაცხადა ლაშა ბერიძემ.

დაუგო თუ არა „ხაფანგი" „ჰამასმა" „ცახალს"

როგორც გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, ვარაუდი, რომ ისრაელის არმიას ღაზას სექტორში „ჰამასი" ხაფანგებს დაუგებს და რაღაც ისეთს უმზადებს, რასაც ისინი ვერ გადალახავენ, არასწორია.

„ისრაელს გამოცდილება აქვს, ღაზაშიც ომობდა და ლიბანშიც. ხაფანგები და მარწუხები არა მგონია ისრაელს აშინებდეს, თან იმ სამხედრო უპირატესობის პირობებში, რაც მას გააჩნია. აქ ორი საკითხია. ერთი - ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობაში იქნება დიდი მსხვერპლი; და მეორე - ქალაქში ბრძოლა მაინც პარტიზანული ბრძოლის ტიპის იქნება, რომელიც საკმაოდ გრძელვადიანი გამოვა, რაც ისრაელის მნიშვნელოვან დროს და რესურსებს წაიღებს.

„ღაზაში ისრაელს ისეთი არაფერი ელოდება, რასაც ვერ გადალახავს. რომ უნდოდეს, ღაზას თავის ხალხიანად მიწასთან გაასწორებს. უბრალოდ, იგივეს ხომ არ გააკეთებს, რასაც ეს ტერორისტები აკეთებენ?! შესაბამისად, ეს გათვალისწინებული ექნება. მსოფლიოში სენტიმენტები უკვე შეიცვალა. უკვე მოწოდებებია, რომ ღაზაში წყალი არ აქვთ, ჰუმანიტარული კატასტროფაა და ა.შ. ისრაელი კი ამას ითვალისწინებს", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ქალაქის პირობებში ბრძოლის წინასწარმეტყველება ძალიან ძნელია.

„არ ვიცი ისრაელის არმიას ღაზაში ხაფაგი ელოდება თუ არა, მაგრამ ვინც ღაზას შეტევაში მიიღებს მონაწილეობას, იოლი გასეირნება რომ არ ელოდება, ამას ყველა ხვდება. ქალაქში ბრძოლის შედეგების წინასწარმეტყველება ძალიან ძნელია, ისრაელი ამიტომაც ცდილობს, რომ ღაზა მშვიდობიანი მოსახლეობისგან დაცალოს, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ „ჰამასზე" ზემოქმედება გაუადვილდებათ.

„თუ ევაკუაცია მოხდა და მშვიდობიანი მოქალაქეები გამოვლენ, მერე ყველას მოკლავენ, ვისაც შეხვდებიან. ასე ბრძოლა უფრო ადვილია, ვიდრე მაშინ, სამოქალაქოები და მებრძოლები ერთმანეთში რომ არიან არეული. მე ასეთი ვარაუდი მაქვს, რომ თუ ისრაელი ღაზას ჩრდილოეთში შევიდა, იქიდან აღარ გავა და ამას გამარჯვებად გაიფორმებს", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×