ნაზი ბერიძე
08.11.2023

თეთრი სახლის სურვილია, რომ აშშ-მ დახმარების ერთიანი პაკეტი შექმნას ისრაელისა და უკრაინისთვის და სტრატეგია ორივე ქვეყნისთვის სამხედრო და ფინანსური რესურსების ერთდროულად გადანაწილენაზე აიგოს.

აშშ-ის სენატმა დაბლოკა კანონპროექტი, რომელიც ისრაელის დასახმარებლად 14.3 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა, თუმცა რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის დახმარებას არ მოიცავდა. მანამდე, 2 ნოემბერს კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა, სადაც უმრავლესობა „რესპუბლიკელებს" აქვთ, მაგრამ სენატმა რომელსაც „დემოკრატები" აკონტროლებენ, კანონპროექტი არ დაამტკიცა.

იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტს სენატი დაამტკიცებდა, ის ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წარედგინებოდა, მაგრამ თეთრმა სახლმა წინასწარ განაცხადა, რომ ბაიდენი ვეტოს დაადებდა და უარს იტყოდა დოკუმენტის ხელმოწერაზე, თუ მას კონგრესის ორივე პალატა დაამტკიცებდა და პრეზიდენტის მაგიდაზე აღმოჩნდებოდა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ აღნიშნული კანონპროექტი იმიტომ დაიბლოკა, რომ უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერას არ ითვალისწინებდა.

„აქ მთავარი მიზეზი იყო ის, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებდა უკრაინის დახმარებას. და ამ დროს უკრაინას იგივე დახმარება სჭირდება რაც ისრაელს, მეტი თუ არა. ფინანსურ დახმარებას ორივე საჭიროებს. შესაძლებელია ეს ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ კანონპროექტი დაებლოკათ. ამიტომაც არის რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამაც განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებდა აღნიშნულ კანონპროექტს და კანონის ძალა მას არ ექნებოდა.

„შეიძლება დამტკიცდეს ალტერნატიული კანონპროექტი, შესაბამისი პროცედურები უნდა გაიაროს ამ კანონპროექტმა, რომელიც უკრაინის დახმარებასაც გაითვალისწინებს. შემდეგ შესწორებული ვერსია იქნება განხილული, რომელსაც პრეზიდენტი ალბათ ხელს მოაწერს" -განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.

სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან" ბაიდენის ადმინისტრაციასა და ისრაელის მთავრობას შორის გარკვეულ უთანხმოებაზე ისაუბრა.

„დემოკრატებს აქვთ კითხვები ისრაელთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ბაიდენის ადმინისტრაციასა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობას შორის არსებობს უთანხმოება და ალბათ ეს ვარიანტი გამოჩნდა ახლა.

„კონსენსუსი არსებობს უკრაინასთან დაკავშირებით და უკრაინის დახმარება გაგრძელდება ჩვეულებრივ, ისრაელს ცალკე იყო გამოეყო რესურსები და უკრაინასაც ალბათ გამოეყოფა შესაბამისი დახმარება", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×