ნაზი ბერიძე
10.11.2023

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, ეს უკანასკნელი ღაზას სექტორის დაშოშმინებაზე ხელის აღებას მაინც არ აპირებს, თუმცა გამორიცხავს მის დაპყრობას და ამბობს, რომ ბოლომდე „ჰამასის" განადგურებისთვის.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" ადასტურებს, რომ ეს დაუსრულებელი ბრძოლაა ისრაელის მხრიდან და ცეცხლის შეწყვეტა უახლოეს მომავალში არ მოხდება.

„ისრაელი ცდილობს ახლა „ჰამასი" მთლიანად გაანადგუროს, ეს კი შეუძლებელია, თუკი ღაზაში იქნა მოსახლეობა. როგორც ჩანს ახლა ჩრდილოეთ ღაზაში მიმდინარეობს სერიოზული ოპერაციები. ასეთი რადიკალური ტერორისტული ორგანიზაციის განადგურება ძალიან რთული თემაა, მით უმეტეს მას პოლიტიკური ხელმძღვანელობა ქვეყნის გარეთ ჰყავს.

„ეს დაუსრულებელი ბრძოლაა, თუკი ღაზა არ დაიცლება მოსახლეობისგან, ეს ხალხი მუდმივად იქნება ისრაელის წინააღმდეგ განწყობილი. ამიტომ იმის თქმა, რომ „ჰამასს" გაანადგურებს ისრაელი, არასწორია. გარკვეულწილად დეგრადირებას მოახდენს მისი შესაძლებლობების და ალბათ ღაზაში ახლა დატოვებს ისრაელის არმიას იმისთვისმ რომ აღარ მოხდეს 7 ოქტომბრის მსგავსი თავდასხმა", - განაცხადა „რეზონანსთან" ლაშა ბერიძემ.

ამ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტას „რეზონანსთან" სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაიაც გამორიცხავს.

„ისრაელმა განაცხადა, რომ უნდა აიღოს კონტროლის ქვეშ ღაზას სექტორი. ეს არ მოხდება, ღაზაზე კონტროლი არ დამყარდა, სანამ არ განხორციელდება „ჰამასისა" და მათი მომხრე დაჯგუფებების ლიკვიდაცია თუ არა, მათი მოქმდებების აღკვეთა მაინც.

„ახლა დროებით გახსნეს ჰუმანიტარული კორიდორი, მოილაპარაკეს ამაზე ყატარში, რომ უცხოელი მოქალაქეები გამოიყვანონ ღაზას სექტორიდან, საუბარია 500-მდე უცხოელ მოქალაქეზე, როგორც კი ეს მისია შესრულდება- საბრძოლო მოქმედებები განახლდება, ჯერჯერობით სრულმასშტაბიან ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი ზედმეტია", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

როგორც თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, ისრაელის მიერ გამოცხადებული ოთხსაათიანი პერიოდული პაუზები არ ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტას და გავლენას არ მოახდენს ღაზაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე. ამასთან: „ჩვენ არ შევწყვეტთ ცეცხლს და არ შევწყვეტთ ბრძოლას, სანამ ღაზაში მძევლები გვყავს და სანამ არ დავასრულებთ ჩვენს მისია, რომელიც „ჰამასის" განადგურებას და მისი სამხედრო და მმართველობის შესაძლებლობების მოშლას მოიცავს", - აღნიშნა გალანტმა ინტერპრესნიუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×