თამთა ჩაჩანიძე
12.11.2023

დასავლეთიდან სულ უფრო ხშირად ისმის პესიმისტური განცხადებები რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. აშშ-ის სამხედრო დახმარება მცირდება და ჯერჯერობით გაურკვეველია, მოახდენენ თუ არა ევროპული სახელმწიფოები ამის კომპენსირებას. დასავლელი ლიდერები ასევე ხშირად მიანიშნებენ შესაძლო მოლაპარებაზე. გარდა ამისა, საუბრობენ რუსეთის მიერ უპირატესობის მოპოვების შემთხვევაში მოსალოდნელ ნეგატიურ სცენარებზე და საფრანგეთი პრეზიდენტმა ამ კონტექსტში საქართველოც ახსენა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში დეკემბერი გადამწყვეტი იქნება, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს. ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი მიიჩნევს, რომ უკრაინას ახლო მომავალში რუსეთზე სამხედრო უპირატესობის მოპოვების საშუალება პრაქტიკულად აღარ აქვს და ამიტომ, სავარაუდოდ, მომავალ წელს სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყება. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ, აშშ-ის მხრიდან უკრაინის დახმარების მოსალოდნელი შემცირების ფონზე, ევროკავშირის ქვეყნები მზად უნდა იყვნენ უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად.

ნატო-ს ყოფილმა გენმდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა წამოაყენა იდეა, რომ უკრაინა ნატო-ში რუსების მიერ ოკუპირებული ყირიმისა და დონბასის გარეშე მიიღონ. ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი და ექპრეზიდენტ ტრამპის ყოფილი მრჩეველი დუგლას მაკგრეგორი კი მიიჩნევს, რომ ომი უკრაინაშ პრაქტიკულად უკვე დასრულდა, რადგანაც დასავლეთის ყურადღება უკვე მთლიანად ისრაელი-„ჰამასის" დაპირისპირებაზე გადასული.

ამასთან, დასავლელი ლიდერები იმაზეც საუბრობენ, რომ თუ უკრაინის დახმარება შემცირდა და რუსეთი ბრძოლის ველზე უპირატესობის მოპოვებას შეძლებს, ევროპაში ახალი იმპერიალისტური ძალა გაიდგამს ფესვენს, რომელიც, შესაძლოა, დაემუქროს სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კონკრეტულ ქვეყნებს ასახელებს - საქართველო და ყაზახეთი.

ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ამბობენ, რომ დეკემბერში ფრონტზე მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ საუბარი უფრო პოლიტიკური განცხადებაა. მიზეზი კი შეიძლება ის იყოს, რომ ევროპელი ლიდერები უკრაინისგან ამ პერიოდში რაღაც შედეგს ელოდებიან, რის შემდეგაც გადახედავენ და გადაწყვეტენ როგორ გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა და დახმარება. თუმცა, ანალიტიკოსთა თქმით, დეკემბერი ბრძოლის ველზე ვერანაირად ვერ იქნება გადამწყვეტი.

რაც შეეხება პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებისა და მათ შორის საქართველოსათვის არსებულ საფრთხეებს, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საფრთხე მართლაც რეალურია ამის ნიშნები უკვე ჩანს.

უშალოდ ფრონტზე კი ცხელი წერტილები ავდეევკა, ბახმუტის სამხრეთი, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოქლებია, სადაც უკრაინელები დნეპრის მარცხენა ნაპირზე პლაცდარმის შექმნის მიზნით მნიშვნელოვან რეიდებს ახორციელებენ.

ბოლო ცნობები ფრონტიდან

რუსებმა 11 ნოემბერს კიევის მიმართულებით „ისკანდერის" ტიპის ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს. კიევის საქალაქო ადმინისტრაციის უფროს სერგეი პოპკოს განცხადებით, გასული 52 დღის განმავლობაში ეს რუსული ძალების მიერ კიევზე თავდასხმის პირველი შემთხვევაა.

მისივე თქმით, რაკეტებმა კიევამდე ვერ მიაღწია და უკრაინის საჰაერო ძალებმა ისინი ჰაერში ააფეთქეს. რაკეტების ნაწილები მინდორში ჩავარდა, რის შედეგადაც დარტყმის ტალღამ ხუთი კერძო სახლი დააზიანა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

10 ნოემბერს ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე ღამის ოპერაციის შედეგად რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე სადესანტო კატარღებზე დარტყმა განხორციელდა. საუბარია პროექტ 11770-ის („სერნას" კლასის) კატარღებზე. მათზე ეკიპაჟი იმყოფებოდა და ჯავშანტექნიკა იყო განთავსებული. ოკუპანტები ამ კატერებს საზღვაო დესანტის გადმოსასხმელად ან ევაკუაციისთვის იყენებენ.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ცხელი წერტილები არის ავდეევკა, ბახმუტი, ზაპოროჟიე და ხერსონი.

„ავდეევკის გარშემო ტაქტიკურად რთული სიტუაციაა. ძალიან ინტენსიური ბრძოლა მიდის. უკრაინელებმა შეტევის რამდენიმე ტალღა მოიგერიეს, მაგრამ სადამდე გააგრძელებს რუსეთი ასეთ შეტევებს და ავდეევკა რატომ ამოირჩიეს, ძნელი სათქმელია.

„უკრაინას გარკვეული წარმატებები აქვს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. ძირითადად მაინც რეიდებს ვხედავთ სიღრმეში, ასევე სტრატეგიული და ლოჯისტიკური ობიექტების განადგურებას როგორც უკრაინის მხრიდან, ასევე რუსეთიც ცდილობს ენერგოობიექტებზე მიიტანოს იერიში. უკრაინა იმუქრება, რომ მის ენერგოობიექტებზე იერიშის საპასუხოდ რუსეთის სიღრმეში სტრატეგიულ ობიექტებზე გარკვეულ დარტყმებს განახორციელებს.

„ბახმუტის სამხრეთშიც ძალიან ინტენსიური ბრძოლებია, მაგრამ ტაქტიკური ვითარების შეფასება ყოველთვის ძალიან რთულია. ზაპოროჟიესკენაც იგივე მდგომარეობაა", - განაცხადა ბერიძემ „რეზონანსთან".

კავკასიის საერთასორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ფრონტზე მნიშვნელოვანი გარდატეხა არ ყოფილა.

„ავდეევკაში, ბახმუტში, ზაპოროჟიეში კვლავ პოზიციური ბრძილები მიდის, საერიოზულ გარდატეხას ადგილი არ აქვს არცერთი მხრიდან, რუსეთს ავდეევკასა და ბახმუტითან მცირე ტაქტიკური უპირატესობა აქვთ და უკრაინელები ამას უმკლავდებიან. ხერსონშიც იგივე მდგომარეობაა, უკრაინელები რეიდებს ახორციელებენ", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

გადამწყვეტი დეკემბერი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ დეკემბერი გადამწყვეტი იქნება, „ვინაიდან უკრაინა საკუთარი მიწების დეოკუპაციას ეცდება". მისი თქმით, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების ვალდებულებაა, უკრაინას საკუთარი თავის დაცვაში დაეხმარონ.

მაკრონისვე განცხადებით, თუ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამარჯვების საშუალებას მისცემენ, მაშინ ევროპაში „ახალი იმპერიული სახელმწიფო გაჩნდება", რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და მთელ კონტინენტს.

„ვინაიდან, რა თქმა უნდა, ის, რასაც რუსეთი (უკრაინაში) სჩადის, ეს იმპერიალიზმი და კოლონიალიზმია", - განაცხადა მაკრონმა.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტი „ბიბისისთან" აცხადებს, რომ უკრაინისთვის „ჯერ არ მოვიდა დრო" რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად, თუმცა მოლაპარაკების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ კიევმა უნდა მიიღოს.

ამის პარალელურად საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინისადმი აშშ-ის დახმარება, სავარაუდოდ, შემცირდება, ამიტომ ევროკავშირის ქვეყნები გამოცდის წინაშე დგებიან და პოლიტიკურად მზად უნდა იყვნენ უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად.

ამასთან, პენტაგონი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტების მიწოდებას პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში უახლოეს პერიოდში, თუმცა, ამ პაკეტების მოცულობა სულ უფრო მცირე ხდება.

პესიმისტური გზავნილი ჰქონდა ჩეხეთის პრეზიდენტს პეტრ პაველს. მისი თქმით, დრო რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს და მომავალ წელს ოფიციალური კიევი შესაძლოა იძლებული გახდეს, მოსკოვთან მოლაპარაკება დაიწყებს, რადგან „დაპირისპირების ხაზზე არსებული ვითარება მიუთითებს იმაზე, რომ უახლოეს მომავალში უკრაინის სამხედრო უპირატესობის მიღწევა ნაკლებ სავარაუდოა".

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ზამთარში უშუალოდ ფრონტზე გადამწყვეტი მოქმედებები მოსალოდნელი არაა და მაკრონის განცხადება უფრო პოლიტიკურია.

„ჩემი აზრით, არც დეკემბერი და არც იანვარი გადამწყვეტი არანაირად არ იქნება. ამ ომში საკითხი ასე არ დგას. შესაძლოა, გარკვეული გარემოებების გამო, რუსულმა ძალებმა უკანაც დაიხიონ, მაგრამ დღეს რა წინაპირობაცაა, ომი დიდხნას გაგრძელდება და გადამწყვეტი მომენტები მაშინ დადგება, როცა რუსები ინტენსიური ბრძოლის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ (რაც მათ ჯერჯერობით შეუძლიათ) და დაიხევენ უკან, როგორც თავის დროზე კიევიდან და ყველა სხვა ქალაქებიდან დაიხიეს უკან.

„უკრაინა ყოველთვის რაღაცისთვის ემზადება, თუმცა, იმის თქმის საფუძველს არაფერი მაძლევს, რომ დეკემბერი გადამწყვეტი იქნება. მაკრონის განცხადება უფრო პოლიტიკურია და შესაძლოა იმიტომ გააკეთა, რომ ევროპელი ლიდერები უკრაინისგან დეკემბრამდე რაღაც შედეგს ელოდებიან და ამის შემდეგ უკვე პოლიტიკას გადახედავენ და გადაწყვეტენ როგორ გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა და დახმარება. შესაძლოა ამ მხრივ იყოს გადამწყვეტი, თორემ, ბრძოლის ველზე ვერ ვხედავ, რომ დეკემბერი გადამწყვეტი იქნება.

„რუსეთის ძირითადი მზადება და შედეგი რაცაა, ჩვენ ვხედავთ, რომ მასიური შეტევა აქვს ქალაქ ავდეევკაზე. უკრაინის მზადება და შედეგი ისაა, რომ დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ახლა უფრო მნიშვნელოვანი წინსვლები აქვთ. დნეპრის მარცხება სანაპიროზე წარმატების მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მაკრონის ნახსენები დეკემბერი ფრონტზე განვითარებულ მოვლენებთან კავშირში არაა.

„მაკრონის ეს განცხადება უფრო გეოპოლიტიკურია. დეკემბერში, დიდი ალბათობით, ევროკავშირის სახელმწიფოები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ უკრაინასა და მოლდოვასთან დაიწყოს მოლაპარაკება ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რამაც პარალელურად შესაძლოა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას შეუწყოს ხელი. ვფიქრობ, დეკემბერთან უშუალოდ ფრონტის ამბები საერთოდაც არაა კავშირში, რადგან არცერთი მხარისგან რაიმე კარდინალური და გარდამტეხი ცვლილებების შეტანა მისალოდნელი არაა.

„არ გამოვრიცხავ, რომ რუსებმა ფრონტის გარკვეულ მიმართულებებზე მოქმედებები გაააქტიურონ. ჯერჯერობით უცნობია ამისთვის მზადება აქვთ თუ არა, მაგრამ ისინი ყოველთვის რაღაცისთვის ემზადებიან.

„დეკემბერში რთული ამინდებია მოსალოდნელი. რუსეთიც და უკრაინაც ეცდება ზამთარი რეზერვების შესავსებად გამოიყენონ და მომავალი წლის ახალი საომარი კამპანიისათვის მოემზადონ. მაგრამ ის, რომ დეკემბერში ფრონტზე რამე გადამწყვეტი მოხდება, ეს გამორიცხულია.

„სამშვიდობო მოლაპარაკების ინიციატივას ევროპელი ლიდერები უკვე პირდაპირ აჟღერებენ და მემგონი მაკრონის განცხადება ამას უფრო უკავშირდება, მხოლოდ ამერიკელები არიან კატეგორიული წინააღმდეგი", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

რამდენად რეალურია საფრთხე საქართველოსათვის

„ბიბისისთან" ამავე ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ევროპაში იქნება ახალი იმპერიალისტური ძალა, რომელიც, შესაძლოა, დაემუქროს სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, როგორებიც არიან საქართველო და ყაზახეთი, ასევე მთელ კონტინენტს.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მისი და ყველა ქვეყნის მოვალეობაა უკრაინის მხარდაჭერა. მან ასევე თქვა, რომ შემდეგი თვე იქნება კრიტიკული. ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინისთვის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომის დრო ჯერ არ არის. მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების გამართვის გადაწყვეტილება მხოლოდ კიევის მისაღებია.

ამასთან, საფრანგეთის ლიდერმა დასძინა, რომ, შესაძლოა, „სამართლიანი და კარგი მოლაპარაკებებისთვის და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისა და რუსეთთან გამოსავლის პოვნის დრო დადგეს".

ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ საფრთხე საქართველოს შემთხვევაში უფრო მეტია, ვიდრე ყაზახეთისთვის.

„რუსეთი უკვე 30 წელია გვეომება. ჩვენთან ომი 2008 წლის მერე აქტიურ ფაზაშია. რუსეთი ჩვენსკენ მეტი რაღა უნდა წამოვიდეს, არ ვიცი. ვერ ვიტყვი, რომ ყაზახეთს საფრთხე შეექმნება, რადგან მასზე ჩინეთს აქვს გავლენა. რუსეთს ერთხელ უკვე ჰქინდა მცდელობა, რომ ყაზახეთში ჯარით რაღაცა ემოქმედა, მაშინ ჩინეთმა ძალიან მკაცრად მიუთითა, რომ მოსკოვს ჯარები გამოეყვანა და ასეც შესრულდა. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ სანამ ნატოს და ევროკავშირის წვერები არ გავხდებით, ყოველთვის ვართ რუსული თავდასხმის საფრთხის ქვეშ", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი აცხადებს, რომ თუ რუსეთი უკრაინასთან ომში დაწინაურდა, მას შემდგომი მოქმედებებისთვის ხელ-ფეხი გაეხსნება და რასაც საჭიროდ ჩათვლის, იმ ნაბიჯებს გადადგამს. შესაბამისად, საფრთხეშია როგორც საქართელო, ისე ყაზახეთი.

„ცოტა ხნის წინ მაკრონსა და ყაზახეთის პრეზიდენტს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. იმ დროს მეც იქ გახლდით, საერთაშორისო ექპერტებს თოყაევთან (ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი) შეხვედრა გვინდოდა და ვერ შევხვდით, რადგან მაკრონი იყო ჩასული და აქედან ვიცი, რომ ყაზახურმა მხარემ საფრანგეთთან საკმაოდ სერიოზული მოლაპარაკებები აწარმოა. როგორც კი მაკრონი წავიდა, რამდენიმე დღის მერე ყაზახეთს პუტინი ესტუმრა და ვფიქრობ, რომ მათი მისამართით რუსული საფრთხეები რეალურია.

„ყაზახეთის მთავარობა რუსეთისგან დისტანცირდა და დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკურ კურსს აწარმოებს. თოყაევმა წამოაყენა ახალი ინიციატივა - შეიქმნას საერთაშორისო სააგენტო ბიოლოგიური უსაფრთხოების მიმართულებით, რაც ყაზახეთის სტატუსს უფრო მაღლა სწევს. ჩემი აზრით, ამას საქართველომ მხარი უნდა დაუჭიროს. მაკრონმა ყაზახეთი და საქართველო შემთხვევით არ ახსენა.

„რუსეთიდან საქართველოს საფრთხეები უკვე სახეზეა. კირბალის ტრაგიკული მოვლენები ამის პირდაპირი გამოძახილია. საფრთხეა პოლიტიკურადაც - შესაძლოა არჩევნებისთვის პრორუსული პოლიტიკური ალიანსი ვიხილოთ და შეეცადონ ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ, რაც ჩვენს ევროინტეგრაციას შეაფერხებს. ასევე იმის საშიშროებაა, რომ საქართველო ეკონომიკურად რუსეთს კიდევ უფრო მიეჯაჭვოს და ამით ქეჩოდან დაგვიჭიროს მოსკოვმა, რაც შეიძლება გახდეს ბერკეტი, რომ საქართველო სანქციების არიდებისთვის გამოიყენონ და ევროინტეგრაცია ჩაგვიგდონ. რუსეთის ახალი ინციატივაა, რომ საქართველოსა და ყაზახეთის ტერიტორიების გვერდის ავლით ახალი სატრანზიტო კორიდორი გაჭრას. ფაქტიურად ახალი გეოეკონომიკური ალიანსი შეიქმნა, სადაც იქნება რუსეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.

„თუ რუსეთი უკრაინასთან ომში დაწინაურდა, გათამამდება და სადაც სიტუაცია არ მოეწონება, იქ რა ნაბიჯებსაც საჭიროდ ჩათვლის, იმას გადადგამს, მათ შორის საქართველოშიც და სამხედრო მოქმედებებსაც არ გამოვრიცხავ", - განაცხადა ვახტანგ მაისაიმ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×