ნაზი ბერიძე
13.11.2023

დიდი უკრაინული კონტრშეტევის ფაქტობრივი დასრულების შემდეგ ომმა პოზიციური ბრძოლის სახე მიიღო, რაც, როგორც უკრაინის გენშტაბის უფროსი ვალერი ზალუჟნი შიშობს, შეიძლება გამოფიტვის ომად გადაიქცეს, რაც უკრაინისთვის მომგებიანი არ არის. მართალია, ახლა ძირითადი აქცენტი ავდეევკაზეა მიპყრობილი, რომელსაც რუსები მასირებულად უტევენ, თუმცა ალაგ-ალაგა უკრაინელები საკმაოდ წარმატებულ ოპერაციებს ახორციელებენ. თუმცა სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ეს ტაქტიკური ხასიათის წარმატებებია და უფრო ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს, ვიდრე დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ პარასკევს რუსულ სამხედრო ბადრაგზე არტილერიის თავდასხმის შედეგად ხერსონის ოლქში 25-მდე რუსი დამპყრობელი და 8 სამხედრო მანქანა გაანადგურეს. უკრაინელი სამხედროების თქმით, დარტყმები ძირითადად გამიზნული იყო ავანგარდსა და არიერგარდზე, რამაც ბადრაგი დაბლოკა და არტილერიის იოლ სამიზნედ აქცია.

„მძიმე დანაკარგებმა როგორც ტექნიკაში, ასევე ცოცხალ სამხედრო ძალაში, უკრაინის წინააღმდეგ კრემლის აგრესიის მომხრეთა შორის დიდი ისტერია გამოიწვია. სატვირთო მანქანებს სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო მასალა, სარემონტო სათადარიგო ნაწილები და სხვადასხვა სამხედრო ტექნიკა გადაჰქონდათ," - ნათქვამია უკრაინის სამხედროების გზავნილში.

ვახტანგ მაისაია ფრონტზე არსებულ სიტუაციას პოზიციურ ომს უწოდებს და ფიქრობს, რომ აქ ჯერ გარდატეხაზე საუბარი ნაადრევია.

„ეს არის უბრალოდ ოპერაციები, რასაც რუსებიც ახორციელებენ, რუსებს რომ ჰკითხოთ, მთელი საწყობები გაუნადგურეს უკრაინელებს, ფსიქოლოგიური ომის მაგალითია.

„მსგავსი დარტყმები ყოველდღიურად ხდება ორივე მხრიდან, 25 მოკლული აგრესორიც არაა დიდი რიცხვი, დღეში 400-500 კაცის დანაკარგთან, რაც რუსებს ავდეევკასთან აქვთ. მოხდა სწორი დაზვერვა და დარტყმა განხორციელდა ხერსონის ოლქში, სადაც რუსები ცდილობენ არ დაუშვან უკრაინელების გამაგრება დნეპრის მარცხენა ნაპირზე. ეს საარტილერიო დუელების ერთი ეპიზოდია, რაც ყოველდღიურად ხდება. ჯერ რამე სერიოზულ წინსვლაზე საუბარი არ არის, პოზიციური ბრძოლები ვითარდება.

„ანალოგიურ ინფორმაციებს ავრცელებენ რუსებიც. მათ რომ მოვუსმინოთ, ეს ომი დიდი ხანია დამთავრებული უნდა იყოს. ეს არის ჩვეულებრივი პოზიციური ომი. უკრაინელებიც უნადგურებენ გარკვეულ ტაქტიკურ მოწყობილობებს რუსებს და პირიქით რუსები ახორციელებენ გარკვეულ დარტყმებს მოწინააღმდეგის მიმართ. რამე გადამწყვეტი და სერიოზული გავლენა ამას არ მოაქვს ამ ეტაპზე", - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×