თამთა ჩაჩანიძე
14.11.2023

„ჰამასმა" ღაზას სექტორზე კონტროლი პრაქტიკულად დაკარგა. „ცახალი" (ისრაელის თავდაცვის არმია), წინააღმდეგობის მიუხედავად, წინ მიიწევს. მის ხელშია ღაზის ჩრდილოეთ ნაწილი სადაც ანკლავის მართვითი ცენრებია განთავსებული. ისრაელის არმიამ აიღო ადგილობრივი პარლამენტისა და გუბერნატორის რეზიდენცია. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ისრაელი ნელ-ნელა მიზანს აღწევს ისე, რომ არცერთი სხვა მხარე ომში ჯერჯერობით არ ჩართულა. თუმცაღა ამბობენ, რომ ღაზის სექტორის ისრაელის კონტროლს ქვეშ მოქცევას დიდი ალბათობით მოჰყვება როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური შედეგები. მათი შეფასებით, ისრაელის ღაზას პოლიტიკური ავტონომიის გაუქმებას გეგმავს, რაც არაბული სამყაროს მკვეთრად უარყოფითი რეაქციას გამოიწვევს.

უშუალოდ დაპირისპირების ზონაში კი სიტუაცია ისეთია, რომ, მიუხედავად დიდი დაბრკოლებებისა, ისრაელის არმიამ ღაზას სიღრმემდე მიაღწია, „ჰამასის" პარლამენტის შენობა და ღაზის გუბერნატორის რეზიდენცია აიღო. ამის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა სოცქსელებში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ღაზას პორტიც და აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ქალაქის სხვადასხვა უბანში. იმის გამო, რომ ღაზა მჭიდროდ დასახლებული ანკლავია, ისრაელის არმია ნელა ახორციელებს თავის გეგმებს.

ამასთან, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, „ცახალმა" ჯერჯერობით გვირაბების 300 კმ-ზე დაამყარეს კონტროლი. მათი საერთო სიგრძე კი 1500 კმ-ზე მეტია.

რა ხდება ღაზაში

„თაიმ ოფ ისრაელი" წერს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში ე.წ. პარლამენტის შენობა აიღეს. სხვადასხვა სოცქსელებში ამის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ შენობაში ისრაელის 36-ე დივიზიის პირველი „გოლანის" ბრიგადაა შესული. ღაზას პარლამენტი 2007 წლიდან მხოლოდ „ჰამასის" დეპუტატებისთვის ფუნქციონირებდა.

სოცქსელებში ასევე ვრცელდება ფოტოსურათები, სადაც ჩანს, რომ „გოლანის" ბრიგადის ჯარისკაცებმა ღაზას გუბერნატორის რეზიდენციაც აიღეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის ბავშვთა საავადმყოფოს ქვეშ „ჰამასის" სამეთაურო ცენტრი აღმოაჩინეს და ვარაუდობენ, რომ მძევლებიც იქ იმყოფებოდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, ისრაელის სამხედროებმა რეიდი განახორციელეს ღაზის ქალაქ რანტისის ჰოსპიტალში.

„საავადმყოფოს ქვეშ, სარდაფში ჩვენ ვიპოვეთ „ჰამასის" სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი, ჯავშანჟილეტები, ყუმბარები, „აკ-47" ტიპის ავტომატები, ასაფეთქებელი მოწყობილობები და სხვა იარაღი.

„ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ ნიშნები, რომლებიც მიუთითებს, რომ „ჰამასს" აქ მძევლები ჰყავდა. ჩვენი ომი არის „ჰამასის" და არა ღაზის მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ. ჩვენი ომი არის „ჰამასის" წინააღმდეგ, რომელიც მათ ცოცხალ ფარად იყენებს", - განაცხადა ჰაგარმა პრესკონფერენციაზე.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადებს, რომ „ჰამასმა" ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა. მისი თქმით, ისრაელის ძალები წინ მიიწევენ „გეგმის მიხედვით და ასრულებენ დავალებებს ზუსტად, ლეტალურად".

„არ არსებობს „ჰამასის" ძალა, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს ისრაელის თავდაცვის ძალები. ისრაელის თავდაცვის ძალები ყველა პუნქტამდე მიიწევს. „ჰამასმა" დაკარგა კონტროლი ღაზაზე. ტერორისტები სამხრეთით გარბიან. მშვიდობიანი მოსახლეობა ძარცვავს „ჰამასის" ბაზებს", - აღნიშნავს გალანტი.

ამის პარალელურად, 13 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჰეზბოლამ" ლიბანის სამხრეთიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო შეტევა განახორციელა. საპასუხოდ ისრაელმა მათი პოზიციები დაბომბა. პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს,რომ „ჰეზბოლა" ცეცხლს ეთამაშება".

რა სამხედრო შედეგი ექნება ღაზას სექტორის სრულ დაკავებას

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ქალაქი ღაზა მთლიანად დაკავებულია, ისრაელის არმიას კი სამხედრო თვალსაზრისით იმის ძალა შესწევს, რომ სექტორიც მთლიანად დაიკავოს, თუმცაღა აღნიშნავს, რომ აქ მთავარია სიტუაცია ამის შემდეგ როგორ განვითარდება. კაპანაძის თქმით, არაა გამორიცხული, რომ „ჰამასმა" იატაკქვეშ გადაინაცვლოს, ან სხვა ტერორისტულმა ორგანიზაციებმა წამოყონ თავი.

„ლაპარაკია ქალაქ ღაზაზე და მთლიანად სექტორი ცოტა უფრო დიდია. ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ისრაელი სამხედრო თვალსაზრისით გაცილებით ძლიერი იყო და მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა თუნდაც მთლიანი ღაზას განადგურება. მაგრამ აქ საუბარია ისრაელი თავისი მოქმედებებით „ჰამასის" ამოძირკვას რამდენად შეძლებს.

„თუმცაღა აქვე ერთი საკითხია - შესაძლებელია თუ არა მხოლოდ სამხედრო ძალით პალესტინის პრობლემის მოგვარება. ხვალ თუ „ჰამასი" არ იქნება, სხვა წინააღმდეგობის ორგანიზაცია შეიქმნება. ამდენად, ეს საკმაოდ გრძელი პროცესია. ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ისრაელი ღაზას დაკავებას შეძლებდა, მაგრამ პროცესი ჯერ გრძელდება.

„ჯერჯერობით გვირაბების 300 კმ გაანადგურეს. საუბარი იყო, რომ ეს გვირაბები 1500 კმ-ზე მეტია. ეს უნდა გაიწმინდოს. მერე ალბათ ჯერ ხელისუფლება უნდა ჩამოყალიბდეს, რაღაც კონტროლის უფრო მკაცრი მექანიზმებიც უნდა შეიქმნას. მათ (ისრაელს) ეს არ ეშლებათ, მთელი თავის ისტორიის მანძილზე მსგავს ოპერაციებს ახორციელებენ და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ.

„ღაზის სექტორში ყველაზე დიდი ქალაქი ღაზაა, რომელსაც ისრაელის არმია თითქმის მთლიანად აკონტრილებს. ქალაქი მთლიანად ბლოკირებულია და შიგნითაც მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები აღებული აქვთ. მაგრამ ეს რეგულარულ არმიასთან ომი და ვიღაცის კაპიტულაცია არაა. „ჰამასი" იატაკქვეშა მოძრაობაში გადავა და ბრძოლას გააგრძელებს. ეს პარტიზანული ომია და ბოლო არ უჩანს ხოლმე. ვნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

პოლიტიკური შედეგი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ისრაელმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილი დაიკავა, სადაც პოლიტიკური მართვის ცენტრებია განთავსებული და ამით ფაქტიურად გზა გაიხსნა ანკლავის სრული დაკავებისკენ. თუმცაღა, მისი აზრით, ამას დიდი ალბათობით ექნება პოლიტიკური შედეგები.

„ისრაელმა ღაზის ჩრდილოეთ ნაწილის დაკავება და ბლოკირება მოახდინა, რადგან ძირითადად აქ იყო თავმოყრილი „ჰამასის" პოლიტიკური გავლენის ცენტრები. სამხრეთის ფლანგი ჯერჯერობით, როგორც ვიცი, „ჰამასის" ხელშია. თუმცა ჩრდილოეთი ძირითადი დარტყმის სამიზნე იყო პოლიტიკური თვალსაზრისით.

„ცახალის" ამოცანა ისაა, რაც ნეთანიაჰუს მთავრობამ დაუსახა, რომ მთლიანი ღაზა დაიკავონ. ალბათ პოლიტიკურ ავტონომიას გააუქმებენ. ეს კი დამოკიდებულია იმაზე, კიდევ რა მსხვერპლი იქნება პალესტინელ მოსახლეობაში. ასევე ამან შესაძლოა არაბული სახელმწიფოების მხრიდან ესკალაციის ახალი ტალღა გამოიწვიოს, შესაძლოა ირანიც ჩაერთოს.

„ჰეზბოლას" ჩართვის ალბათობა დიდია, თუმცა ჯერ პირდაპირი ჩარევისგან თავს იკავებს და ჰიბრიდულად უტევს. ისრაელი ამ დრომდე ისე მიიწევს წინ, რომ ჯერჯერობით ომში ღიად არავინ ჩართულა. თუმცა საბრძოლო მოქმედებების დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია. შესაძლოა სამხედრო ოპერაციის მეორე ეტაპი იყოს, რაც უფრო გართულდება, რადგან საქმე უკვე პალესტინის ოფიციალურ სამხედრო ფორმირებებზე მიდგება, სადაც კიდევ ათამდე გასამხედროებული ჯგუფია და ეს შესაძლოა გაცილებით უფრო რთული პროცესი აღმოჩნდეს. შესაძლოა მათ იორდანიამ, სირიამ, ირანმა და სხვებმა აღმოუჩინონ დახმარება.

„ღაზის სრული დაკავების შემთხვევაში ისრაელი იქ თავის ხელისუფლებას და თავის შეიარაღებულ ძალებს დააყენებს. ღაზა იქნება ისრაელის ერთ-ერთი შიდა ტერიტორია, რეგიონის ვარიანტში. ამას, ჩემი აზრით, პოლიტიკური რეაგირება მოჰყვება არაბული სახელმწიფოებისგან და შესაძლოა საბრძოლო მოქმედებებიც კი დაიწყონ.

„ამას დასავლეთიოდან და კონკრეტულად კი აშშ-სგან მხარდაჭრა ექნება, თუმცა ევროკავშირი რას იზამს და იქიდან რამდენი სახელმწიფო დაუჭერს მხარს, ძნელი სათქმელია. გაერომ რეზოლუცია მიიღო, რომელიც მხარეებს ღაზის სექტორში „დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარული ზავისკენ" მოუწოდებს. ევროკავშირის 6 ქვეყანა წინააღმდეგ წავიდა, საქართვეომ კი თავი შეიკავა. ამან უკვე აჩვენა, რომ ღაზის სექტორის სრულ დაკავებას დასავლეთში გარკვეული სახელმწიფოები არ გაიზიარებენ", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×