ნაზი ბერიძე
16.11.2023

ისრაელსა და „ჰამასს" შორის ომი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა - ებრაელი სამხედროების ინფორმაციით, ქალაქ ღაზას ალ-შიფას საავადმყოფოს ქვეშ მათ დაჯგუფება „ჰამასის" შეიარაღება და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს. იქამდე კი ისრაელის თავდაცვის ძალებმა საავადმყოფოს ტერიტორია დაიკავა, რასაც პალესტინური მხარე ომის დანაშაულს უწოდებს.

გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" ისრაელის ქმედებებს ღაზას სექტორზე საპასუხო რეაქციად აფასებს.

„ჩემი აზრით, ღაზაში სიტუაცია ვითარდება ისრაელის კარნახით. პირველადი გაწმენდა, ჰამასის ბრძოლისუნარიანობის დაქვეითება - ისრაელს დიდი დრო არ დასჭირდება ამისთვის, მაქსიმუმ ერთ თვეში ისინი ამას შეძლებენ, ისრაელს აქვს სრული შესაძლებლობა, რომ არამარტო ღაზას სექტორი გაწმინდოს, არამედ მიწიდან აღგავოს იგი. უბრალოდ მსხვერპლიდან გამომდინარე, არ ჩქარობს სამხედრო მოქმედებებს.

„ისრაელი კონკრეტულ მიზნებზე მუშაობს, აფეთქებს მიწისქვეშა გვირაბებს, გამოჰყავს მიწისქვეშა ქსელი წყობიდან. ანადგურებს იარაღების საწყობებს და ხელმძღვანელ პირებს ჰამასიდან. არა მგონია, რომ ისრაელი ღაზაში დარჩეს, ღაზას ისევ თავისი ხელისუფლება ეყოლება და ისრაელი უბრალოდ გაამკაცრებს ღაზას გარშემო პერიმეტრის კონტროლს" -განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ კაპანაძემ.

სამხედრო ანალიტიკური ჟურნალი „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" ადასტურებს რომ ისრაელმა ბუნკერებისა და სარდაფების შესახებ უკვე დიდი ხანია იცოდა და ახლა ცდილობს მთლიანად ღაზას სექტორზე კონტროლის მოპოვებას.

„შეიძლება ითქვას, რომ ისრაელის არმიის სახმელეთო ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობს. მათ მოკლე პერიოდში მოახერხეს ღაზას სექტორის შუაზე გაყოფა და მის ჩრდილოეთ ნაწილში ქალაქ ღაზას ფაქტობრივი ბლოკირება.

„ამასთან ისინი შევიდნენ ამ ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორიაზე. იყო საფრთხე რომ აქ მომხდარ ბრძოლას იქ თავს შეფარებული მშვიდობიანი მოქალაქეები შეეწირებოდნენ, საბედნიეროდ ასე არ მოხდა. ისრაელის სამხედრო დაზვერვამ აღმოაჩინა ამ საავადმყოფოს ქვეშ სარდაფებში და ბუნკერში ჰამასის შეიარაღება. დაამტკიცა რასაც მანამდე იძახდა ისრაელის მხარე, რომ მათ „ჰამასს" მოწყობილი ჰქონდათ შტაბი.

„ახლა როგორც ოპერატიულ რუკაზე ჩანს, ისრაელმა რაც ჩამოაჭრა ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში, ანუ მთლიანად აიღო ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლი, რომელიც მისი კონტროლის ქვეშაა. ასევე, ისრაელის მთლიანი კონტროლის ქვეშაა ღაზას სამხრეთი ნაწილის ის ხაზი, რაც ჩრდილოეთ ღაზას სამხრეთისგან ყოფს. ერთადერთი არის დასავლეთი მიმართულება, რომელიც ისედაც ესაზღვრება უშუალოდ ისრაელს.

„ნახევრად ღია „ტომრის" ნელ-ნელა შევიწროებას იწყებს, რომ ღაზას გვირაბები აღმოაჩინოს და ააფეთქოს, რათა „ჰამასს" აღარ დარჩეს საშუალება ოპერატიულად გადაადგილების", -განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი ალადაშვილმა.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" ამბობს რომ ისრაელი ახლა ცდილობს ღაზას სექტორის მაქსიმალურად დეპოპულაციას და „ჰამასის" განადგურებას.

„ისრაელმა შეიყვანა სახმელეთო ძალები, მაგრამ უწევს ურბანული ბრძოლა - ძალიან მომზადებულია „ჰამასის" დაჯგუფება. ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მომენტი იყო ამ საავადმყოფოს სარდაფში გამაგრებული „ჰამასის" ერთ-ერთი მართვის პუნქტი, რაზეც ჩანს რომ ისრაელს ინფორმაცია ჰქონდა.

„ისრაელი ცდილობს რომ მოახდინოს ღაზას მთლიანი თუ არა, ნაწილობრივი მაინც დეპოპულაცია, კარგად ხვდება, რომ თუ იქნება მოსახლეობა იქნება „ჰამასიც". ისრაელი ცდილობს რომ მოსახლეობისგან დაცალოს ის ადგილები, სადაც „ჰამასის" აქტივობები მაღალია", - განაცხადა „რეზონანსთან" ლაშა ბერიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×